დროებითმა საპარლამენტო კომისიამ, რომელიც საქართველოს პირველი პრეიზდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს, ექს-პრეზიდენტის სიკვდილის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, გასულ კვირას, გამსახურდიას პირადი დაცვის უფროსს რობინზონ მარგველანს მოუსმინა.
სამ საათნახევრის მანძილზე, მარგველანს 92 შეკითხვა დაუსვეს. სენსაცია არ მომხდარა, მარგველანმა ყველა შეკითხვას უპასუხა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 1993 წლის 31 დეკემბერს, ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში რობინზონ მარგველანი ამბობს, რომ კომისიასთან გასაუბრებით კმაყოფილია, იმის მიუხედავად, რომ მის ობიექტურობაში ეჭვი ეპარება.
„რომ არ მივსულიყავი კომისიაზე, დიდ შარს მომდებდნენ. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე მივსულიყავი და მომეყოლა რეალობა და სიმართლე, რაც კომისიას აწუხებს, მაგრამ, საუბედუროდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ კომისიას სიმართლე არ აინტერესებს.
კომისიის თავჯდომარის კოკო გამსახურდიას ოცნება არის, რომ მე, ბესარიონ გუგუშვილმა და სხვა უკანასკნელმა მოჰიკანებმა ვთქვათ, რომ ზვიადი მოკლეს. ეს ეჭვები რო გამეფანტა, ამიტომ წავრსდექი კომისიის წინაშე. მე იმით ვარ კმაყოფილი, რომ ყველა 92 შეკითხვას ამომწურავი პასუხი გავეცი.
მე განვუმარტე კომისიას, რომ გასროლის შემდეგ პირველი ვიყავი, რომელიც შევვარდი ოთახში და მომაკვდავ პრეზიდენტს იარაღი ხელიდან ავვართვი.
იყო შეკითხვა, რომ იარაღი რატომ გაასუფთავეო? ეს კიდევ ერთი მტკნარი სიცრუეა, იარაღი არ გამისუფთავებია და არ გამიწმენდია, სადაც შევინახე იარაღი, იმ ოჯახის წევრმა ჯონსონ კვარაცხელიამ, ჩემს და მის შეთანხმებას უღალატა და იარაღი, უჩემოდ, როგორც მისგან ვიცი, გადასცა მანანა არჩვაძეს. „სტეჩკინის“ პისტოლეტთან ერთად გადასცა პრეზიდენტის ბეჭედი და გასროლილი მასრა.“
რობინზონ მარგველანი, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილთან და დაცვის კიდევ ერთ წევრ ბაჩუკი გვანცელაძესთან ერთად, ის ადამიანია, რომელმაც ზვიად გამსახურდიას სიკვდილის ბოლომდე გვერდში ედგა.
საბედისწერო გასროლის დროს, ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას ოჯახში, პრეზიდენტი გამსახურდია პრემიერ გუგუშვილთან გვერდი გვერდ იწვა, გვერდზე ოთახში კი გვანცელაძე და მარგველანი იმყოფებოდნენ.
პრეზიდენტის დაცვის ყოფილი უფროსი გამსახურდიას საბედისწერო გადაწყვეტილების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ სამეგრელოს ტყეებში განუწყვეტელი დევნის პირობებში, ყველასგან მიტოვებული ზვიად გამსახურდია ფსიქოლოგიურად და მორალურად უმძიმეს მდგომარეობაში იყო
„პრეზიდენტი ვაჟკაცური შემართებით იყო, მაგრამ ამ ორთვიან ტყე-ღრეში სიარულში, სიცივეში, ყივნაში, დევნაში, შიმშილში ყველა ტყდება. ბოლოს ფსიქოლოგიურად პრეზიდენტი იყო ძალიან ცუდად - მოლანდებები, მოჩვენებები ჰქონდა და მან იშიმშილა ბოლო 10 თუ 12 დღე. ეს რო მე ვთქვი კომისიაზე, კოკო გამსახურდიამ მითხრა შენ ამას ვინ დაგიჯერებს, ზვიადს კარგად იცნობენო.“
საპარლამენტო კომისიაში, რომელიც მარგველანს უსმენდა, თერთმეტი დეპუტატია, მათ შორის, ხუთი ნაციონალური მოძრაობიდან, ორი ქრისტიან-დემოკრატებიდან, თითო - რესპუბლიკური პარტიიდან, ქართული დასიდან, თავისუფლებიდან და პლუს ყოფილი ლეიბორისტი, მომღერალი ნუგზარ ერგემლიძე.
უცნაურია, მაგრამ დაცვის ყოფილი უფროსის მოსმენის შემდეგ, კომენტარი მხოლოდ, კომისიის თავმჯდომარე კოკო გამსახურდიამ გააკეთა. მან განაცხადა, რომ მარგველანმა რამდენიმე საკითხს გვერდი აურა და თვალსაჩინოებისთვის ისეთი დეტალები მოიყვანა, რომელიც შეუძლებელია რობინზონ მარგველანს სცოდნოდა.
„ძალიან საინტერესო მოსმენა იყო. რა თქმა უნდა ცალკეულ საკითხებზე იყო საკმაოდ დეტალური, დაწვრილებითი ცნობები, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც პასსხის გაცემასაც ბატონი მარგველანი აშკარად გაექცა.
ეს განსაკუთრებით, ტყვიის შემავალ ჭრილობას, ტრაექტორიას, გასროლის მანძილს რაც შეეხება, ამ შეკითხვებზე ჩვენ პასუხები ვერ მივიღეთ. კომისია დაწვრილებით შეისწავლის ამ ინტერვიუს და დავწერთ ჩვენს დასკვნას.“
დრობითმა საპარლამენტო კომისიამ უკვე იცის, რომ ვერ შეძლებს გამსახურდიას სიკვდილის მთავარი მოწმის, ყოფილი პრემიერის ბესარიონ გუგუშვილის მოსმენას. გუგუშვილი მეთხუთმეტე წელია ფინეთში, პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს და უნდობლობას უცხადებს კომისიის მუშაობს. „ამერიკის ხმას“ ბესარიონ გუგუშვილმა კერძოდ უთხრა
„მე უნდობლობას ვუცხადებ არა მხოლოდ ამ კომისიას, ე.წ კოკოს კომისიას, არამედ საერთო გამოძიებას, რომელსაც საქართველოში ფაქტობრივი ხელისფლება ატარებს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ არ ვცნობ ლეგიტიმურად საქართველოს ფაქტობრივ ხელისუფლებას;
მეორე იმიტომ, რომ არსებობს ხელშეკრულება გამსახურდიების ოჯახთან, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას არავითარ გამოძიებაში; და მესამე, იმიტომ, რომ აი, ამ გამოძიების ინიციატორი და დამკვეთი, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ვერსიის დამკვეთი არის პირადად მიხეილ სააკაშვილი და მისი ძალაუფლება ზოგადად.
მე მაქვს აგერ ამონაწერი გაზეთ „რეზონანსიდან“, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს, მე როგორც ქრისტიანი ადამიანი, დარწმუნებული ვარ რომ ზვიად გამსახურდია თავს არ მოიკლავდა.“
ზვიად გამსახურდიამ, საბჭოთა დისიდენტმა, ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა მეთაურმა, 1990 წლის 28 ოქტომბერს, „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის პარტიული ლიდერის რანგში, საბჭოთა საქართველოს ისტორიაში პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში კომუნისტური პარტია დაამარცხა და საქართველოს უზენაესი საბჭოს (პარლამეტის) თავჯდომარე გახდა.
1991 წლის 9 აპრილს გამსახურდიამ საქართველოს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა; იმავე წლის 26 მაისს, იგი საქართველოს მოსახლეობის 87-მა პროცენტმა პრეზიდენტად აირჩია.
1991 წლის დეკემბერში საქართველოში დაიწყო საბჭოთა მოსკოვიდან მართული სამხედრო პუტჩი, რომელშიც გავლენიანი ადგილობრივი პრომოსკოვური ელიტები და საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილები იყვნენ ჩართულნი, პუტჩი 1992 წლის 6 იანვარს ქვეყნიდან გამსახურდიას და მისი მთავრობის გაძევებით დასრულდა.
გამსახურდიამ თავი ჯერ აზერბაიჯანს, შემდეგ სომხეთს, ბოლოს კი ჩეჩნეთს შეაფარა, ის საქართველოში ზუსტად 17 წლის უკან 1993 წლის 23 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა ხელისუფლების დაბრუნების ბრძოლაში მძიმე მარცხი განიცადა და მხოლოდ სამ თანამოაზრესთან ერთად დარჩენილმა, 1993 წლის 31 დეკემბერს, სოფელ ძველ ხიბულაში, მოწმეთა მტკიცებით, თავი მოიკლა.