პროგრამა "ზუმის" მომხმარებლები ბოლო 22 დღის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა და 300 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. თუმცა, ათობით კერძო და საჯარო ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში, პროგრამის გამოყენებაზე უარს აცხადებს.
მიზეზი სუსტი უსაფრთხოების ნორმები და ამერიკის ფედერალური სამსახურის განცხადებაა, სადაც წერენ, რომ პროგრამის გამოყენების დროს პირადი ინფორმაცია დაცული არ არის.
"ზუმში" 22 აპრილს განაცხადეს, რომ გააძლიერეს პროგრამის უსაფრთხოების გარკვეული ზომები, შეიცვალა დაშიფვრის სისტემაც, რაც მათ მომხმარებლებს ონლაინ თავდასხმებისგან დაიცავს. კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ მუშაობას მომხმარებლების ინფორმაციის დაცულობის კუთხით აგრძელებენ.
შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო ამბობს, რომ აღრიცხულია ორი შემთხვევა, როდესაც სასწავლო პროცესის დროს აპლიკაციაში დაუდგენელი პირი დააფიქსირეს, მეტსახელად „ზუმბომბინგი“. სწორედ ამიტომ, ფედერალური ბიურო აფრთხილებს მოქალაქეებს და კომპანიებს, შეიკავონ თავი აპლიკაციის გამოყენებისგან.
სერვერში აღმოჩენილი ხარვეზების გამო, აპლიკაციის გამოყენებაზე უარი თქვა ათობით კომპანიამ, მათ შორის „ტესლამაც“.
სპეციალისტები გვირჩევენ, მანამ სანამ „ზუმის“ შემქმნელები პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ, გამოვიყენოთ სხვა კომპანიების აპლიკაციები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ონლაინ კომუნიკაცია მაღალი სტანდარტით განვახორციელოთ.