უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს სთხოვს, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის გამო, რუსეთზე დაკისრებული სანქციები გაამკაცროს.
ზელენსკიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 25 აპრილს, კიევში, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრ ჯერემი ჰანტს შეხვდა. მხარეებმა, უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს.
ასევე ნახეთ: ამერიკამ უკრაინას "ატაკამსები" მიაწოდა, რუსეთი კი ირწმუნება, რომ ეს ომის შედეგებს არ შეცვლის"განსაკუთრებული ყურადღება დავითმეთ სანქციების პოლიტიკას",- დაწერა ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე.
„მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების გახანგრძლივება და იმის უზრუნველყოფა, რომ სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელი იყოს“, - დასძინა მან.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბრიტანეთს, ახლად გამოცხადებული სამხედრო დახმარებისთვის, რომლის შესახებაც კვირის დასაწყისში ქვეყნის პრემიერმა, რიში სუნაკიმ განაცხადა.
622 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტი ყველაზე დიდია, რომელსაც ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს. ამ სამხედრო პაკეტის შესახებ სუნაკმა პოლონეთში ოფიცალური ვიზიტის დროს განაცხადა. ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტის ჩათვლით, ომის დაწყებიდან დღემდე, ბრიტანეთს უკრაინისთვის 3,71 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება აქვს გაწეული. ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია.
"მადლობას ვუხდი გაერთიანებული სამეფოს ხალხს, მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს, რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე უკრაინის მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებთ ჩვენი ქვეყნების პარტნიორობას",- დაწერა ზელენსკიმ.