‪#NBAVOTE – ზაზა ფაჩულიას ისტორიული შანსი

ზაზა ფაჩულია "დალას მავერიქსში" ბოლომდე გაიხსნა

ისინი, ვისაც კალათბურთი სიგიჟემდე უყვართ და ისინიც, ვისაც მხოლოდ გაუგიათ რომ ამ სპორტში ხელით თამაშობენ, თითქმის ერთი თვეა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩაბმულნი არიან ხმის მიცემის აქტიურ კამპანიაში, რომლის საბოლოო მიზანია - პირველად ისტორიაში, ქართველმა კალათბურთელმა, „დალას მავერიქსის“ ფორვარდმა ზაზა ფაჩულიამ, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშოს.

ეს საოცარი სანახაობა, 14 თებერვალს, კანადაში, ტორონტოს „ეარ კანადა ცენტრში“ შედგება. 4 დღით ადრე, 10 თებერვალს კი ზაზას 32 წელი შეუსრულდება. ფაჩულია მეცამეტე წელია მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში ასპარეზობს, თუმცა, ასეთი საოცარი სეზონი, როგორსაც ტეხასური კლუბის მაისურით ატარებს, მას არასოდეს ჰქონია. არც “ორლანდოში”, რომელმაც 2003 წელს, 19 წლის ქართველი დრაფტზე აირჩია, არც “მილუოკიში” და არც ამერიკულ ჯორჯიაში, “ატლანტაში”, სადაც 7 სეზონი ითამაშა.

#NBAVOTEZAZAPACHULIA - ეს არის ოთხი მაგიური სიტყვა, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანს კარიერის ყველაზე დიდი მატჩისკენ გაუხსნის გზას. „ვუჩვენოთ როგორ გვიყვარს ზაზა“ - კამპანიაში ასეთი მოწოდებით ჩაება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. გუშინ კი ხმის მიცემისკენ საკუთარ მომხრეებს, ყოფილმა პრემიერმა ღარიბაშვილმაც კი მოუწოდა. ვიდეო ბლოგერი ალექს ბაგრატიონ-დავიდოვი ხსნის, ყოველდღე რატომ აძლევს ზაზა ფაჩულიას თავის ხმას

ის ყოველთვის აკეთებს ყველაფერს თავისით, ძალიან კარგად და ახლა, ჩვენ გვაქვს შანსი რომ ხელი შევუწყოთ და მივეხმაროთ. ზაზა ნამდვილად იმსახურებს ამას. ასეთი შანსი სავარაუდოდ, მეტი არც გვექნება. ძალიან ვთხოვ ყველა ადამიანს, ყოველდღე ზაზას მისცეს ხმა.
ალექს ბაგრატიონ-დავიდოვი, ბლოგერი


“ზაზა ფაჩულია არის უდაოდ საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი. ის ყოველთვის აკეთებს ყველაფერს თავისით, ძალიან კარგად და ახლა, ჩვენ გვაქვს შანსი რომ ხელი შევუწყოთ და მივეხმაროთ. ზაზა ნამდვილად იმსახურებს ამას. ასეთი შანსი სავარაუდოდ, მეტი არც გვექნება. ძალიან ვთხოვ ყველა ადამიანს, ყოველდღე ზაზას მისცეს ხმა.“

ყველა ვარსკვლავის მატჩში, რომელიც 1951 წლიდან იმართება, ერთმანეთს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის - დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების ვარსკვლავები უპირისპირდებიან. სასტარტო ხუთეულებს კი ასოციაციის 30-ვე გუნდიდან, გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან, ხმის მიცემის საშულებით ირჩევენ. სარეზერვო შვიდეული კი ასოციაციის მწვრთნელთა სიმპათიის მიხედვით კომპლექტდება.

ვინაიდან, უდიდესი კონკურენციის გამო, ზაზას ნაკლები შანსი აქვს, სარეზერვო შვიდეულში იქნას არჩეული, გენერალური ამოცანა - პირდაპირ დასავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეულში მოხვედრაა. აქ კი კონკურენცია უკვე კოსმოსური მასშტაბისაა. არასაკალათბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ეს დაახლოებით, ნატოსგან მაპ-ის მიღების ტოლფასი ამოცანაა. თუმცა, როგორც ამბობენ ხოლმე, ჩიტი ბრდღვნად ნამდვილად ღირს.

ხმის მიცემა ასოციაციამ, შარშან, 11 დეკემბერს დაიწყო. სამწუხაროდ, 25 დეკემბრისთვის, ფაჩულია ვერ ხვდებოდა დასავლეთის შემტევების 15-ელშიც კი. აქ ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ ცოცხალი ლეგენდა - კობი ბრაინტი 720 ათასი ხმით ლიდერობდა (ბრაიანტი კარეირაში 18-ე ოლ-სტარს ითამაშებს - ზ.წ) , მეორეზე - 350 000 ხმით - „ოკლაჰომელი“ კევინ დურანტია, ზაზას თანაგუნდელი „დალასის“ გერმანელი ვარსკვალი, 37 წლის დირკ ნოვიცკი სიაში, მხოლოდ მე-11 იყო - 57 000 ხმა.

ეს ორი კვირის წინანდელი მონაცემებია, რა ხდება დღეს მხოლოდ ადამ სილვერმა, ასოციაციის კომისარმა იცის. ხმის მიცემა 18 იანვარს შეწყდება, რა შანსები აქვს ზაზას?

2014 წლის ოლ-სტარზე, დასავლეთ კონფერენციის ვარსკვლავთა გუნდში გამსვლელი 700 000-დამ 800 000-მდე ხმა იყო. სწორედ ამდენი ხმა მიიღეს „მემფისის“ ესპანელმა ცენტრმა მარკ გასოლმა და „კლიპერსის“ ფორვარდმა ბლეიქ გრიფინმა. თუმცა წელს, კონკურენცია უფრო მძაფრია. ყველაზე უხეში გათვლებით, 2 000 000 ხმა საკმარისი უნდა იყოს, რომ ქართული კალათბურთის გულშემატკივრების დიდი ხნის ოცნება, კეთილი ზღაპარივით ახდეს.

ყოფილი კალათბურთელი, „რუსთავის 2“-ის სპორტული კომენტატორი დიმა ობოლაძე ამბობს, რომ ამ სუპერ მიზნის მისაღწევად დარჩენილ 12 დღეში, ფანების სრული მობილიზაციაა საჭირო

ზაზა უნდა მოხვდეს ოლ-სტარზე იმიტომ რომ ქვეყანას ამის პოტენციალი აქვს. თუ ვიმსჯელებთ, იმ ხმების რაოდენობით რაც სჭირდება, შეგვიძლია. ყველას გვჯერა, რომ ზაზა იმსახურებს წელს ამას და შანსიც გვაქვს
დიმა ობოლოაძე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სპორტული კომენტატორი


„ზაზა უნდა მოხვდეს ოლ-სტარზე იმიტომ რომ ქვეყანას ამის პოტენციალი აქვს. თუ ვიმსჯელებთ, იმ ხმების რაოდენობით რაც სჭირდება, შეგვიძლია. ყველას გვჯერა, რომ ზაზა იმსახურებს წელს ამას და შანსიც გვაქვს.“

ბოლო წლების მანძილზე, რამდენიმე ქვეყანას ჰქონდა მცდელობა ნბა-ს ოლ-სტარზე, მსგავსი სუპერ ამოცანა გადაეჭრა. 2009 წელს, ძირითადად, ჩინელმა გულშემატკივარმა, დასავლეთის ვარსკვალებში 2 500 000 ხმით უპრობლემოდ, რიგით მეშვიდედ, გაიყვანეს „ჰიუსტონელი“ გიგანტი იაო მინი.

თუმცა მთავარი სენსაცია, პარალელურად, აღმოსავლეთის ვარკვლავებში, „ნიუ ჯერსი ნეთსის“ ჩინელი ცენტრის იი ძიანლიანის გამოჩენა იქნებოდა. საბოლოოდ, ძიანლიანმა 1 800 000 მოაგროვა და 266 ათასი ხმა დააკლდა, რომ სასტარტო ხუთეულიდან, „ბოსტონის“ მაშინდელი ლიდერი კევინ გარნეტი ამოეგდო.

შარშან, უკვე პოლონეთი დაირაზმა, რათა აღმოსავლეთის ვარსკვლავებში „ვაშინგტონის“ ცენტრი მარჩინ გორტატი ეხილათ, თუმცა „ნიუ იორკ ნიქსის“ ვარსკვლავმა კარმელო ენტონიმ (647 000 ხმა) პოლონელს 75 000 ხმით მაინც აჯობა.

2015 წლის ოლ-სტარზე კი ქართველების მსგავსად ასევე მობილიზებულები არიან -ლატვიელები. მათი მიზანი აღმოსავლეთის სტარებში, „ნიუ იორკ ნიქსის“ 20 წლის მძიმე ფორვარდის, უნიჭიერესი კრისტაპს პორზინგისის გაყვანაა. ლატვიელები, ჯერჯერობით, ჩვენზე უკეთ აძლევენ ხმას. პორზინგისი, რომელიც ასოციაციაში თავის პირველ და ფანტასტიურ სეზონს ატარებს, 86 000 ხმით, მერვე იყო შემტევების სიაში.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ასეთი,მსოფლიო კონკურენციის პირობებში, კიდევ უფრო გავაქტიურდეთ. შემოგვიერთდით, ამერიკის ხმის ფეისბუქ გვერდზე და ყველამ ერთად ავკრიფოთ ოთხი მაგიური სიტყვა #NBAVOTEZAZAPACHULIA. გახსოვდეთ, ჩვენს კუმირს დაბადების დღეზე ასეთი საჩუქარი არასოდეს მიუღია.

NBA ყველა ვარსკვლავის მატჩი

ტარდება - 1951 წლიდან

აღმოსავლეთმა მოიგო - 36 ჯერ

დასავლეთმა - 25 ჯერ

ოლ-სტარის MVP – კობი ბრაიანტი და ბობ პეტი - 4-4 ჯერ, ოსკარ რობერტსონი, მაიკლ ჯორდანი და შაკილ ონილი - 3-3 ჯერ

ყველაზე შედეგიანი მატჩი - 163:155 აღმოსავლეთის სასარგებლოდ, 2014 წელი

ყველაზე მეტი ქულა - 42 ქულა, უილს ჩემბერლენი, 1962 წელი

All-Star-ზე ყველაზე მეტი დრო - ქარიმ აბდულ ჯაბარი 420 წუთი, 1970-89 წლები

2014 წლის ოლ სტარზე, ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს ესპანელმა ძმებმა: მარკ და პოლ გასოლებბა

ყველაზე მეტი გულშემატკივარი - 108713, AT&T სტადიონზე, არლინგტონში, ტეხასში, 2010 წელი

2015 წლის All-Star პირველად ჩატარდება აშშ-ს გარეთ. პირდაპირი ტელეტრანსლიაცია მსოფლიოს 200 ქვეყანაში, 40 ენაზე გადაიცემა