ზარდიანთკარი ერთი, ძალიან პატარა სოფელია შიდა ქართლში, ზედ საოკუპაციო ხაზთან. ის, ერთის მხრივ, ქართულ სოფელ გუგუტიანთკარზეა მიბმული, მეორეს მხრივ, კი ოსურ სოფელ ხელჩუაზე. აქ ყველა ერთმანეთის ახლობელი და ნაცნობია, ოსებიც და ქართველებიც. აქაურებმა ერთად გაიარეს ბავშვობის წლები და სკოლის პერიოდი, თუმცა რუსულმა ოკუპაციამ მათ ერთმანეთთან კონტაქტი აუკრძალა.
როდესაც საუბარია იმის შესახებ, რომ რუსეთს რეგიონში გავლენის გაძლიერება სურს და ამ გზაზე ერთ-ერთი ამოცანა ეთნოსებს შორის (ამ შემთხვევაში, ქართველებსა და ოსებს შორის) ბზარის გაჩენაა, ერთი ციდა ზარდიანთკარი ამის თვალნათელი მაგალითია. აქ მძაფრად იგრძნობა ადგილობრივების სურვილი და სწრაფვა ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნებისთვის. კიდევ უფრო მწვავედ კი ის, როგორ უხეშად და მექანიკური ძალმომრეობით ახშობს ამ სურვილს რუსული ოკუპაციის მანქანა.
კიაზო გობოზოვი, 96 წლის მოხუცი, ეთნიკურად ოსი, გასულ წელს, ზაფხულში გარდაიცვალა. მთელი ცხოვრება მან ზარდიანთკარში გაატარა და ბუნებრივია, იქაურობა მისთვის ყველაზე მშობლიური ადგილი გახლდათ. ეს ამბავი გამორჩეული არაფრით იქნებოდა, რომ არა მისი დაკრძალვის ცერემონიის სევდიანი უცნაურობა.
მავთულხლართის გასწვრივ ორი სუფრა გაიშალა. ერთ მხარეს ხელჩუელი ოსები ისხდნენ, მეორე მხარეს ზარდიანთკარელები და ასე აცილებდნენ უკანასკნელ გზაზე მოხუცს. ეს ამბავი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ასახა, მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ. თავად დაკრძალვის ცერემონიაც გასაიდუმლოებული იყო ჟურნალისტების თვალთაგან. ადგილობრივებმა მხოლოდ მოგვიანებით ისაუბრეს მედიასთან იმის თაობაზე, რომ „საქონელი ხელჩუაში დაიკლა, ხაშლამა და შილაფლავი „ღია კარით“ შემოჰქონდათ ზარდიანთკარში,“ - წერს „ქართლი.გე“. ინტერნეტ-პორტალი იმის შესახებაც აღნიშნავს, რომ „დაკრძალვის დღეს „რკინის კარი“ გაიღო. ოსურ სოფელ ხელჩუადან ზარდიანთკარში შემოდიოდნენ... კიაზო გობოზოვი ზარდიანთკარიდან ხელჩუაში გადაასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს“.
ზარდიანთკარელები დღესაც იხსენებენ კიაზო გობოზოვის დაკრძალვის დღეს. თან სიყვარულით და თან ტკივილით ყვებიან იმის შესახებ, როგორ ნახეს ძველი ნაცნობები, როგორ აწვდიდნენ ეკლიანი მავთულხლართიდან ღვინოსა და საჭმელს და როგორ ენატრებათ ის დრო, როდესაც ერთმანეთთან ურთიერთობისთვის ნებართვები არ სჭირდებოდათ.
„რკინის კარი“, რის შესახებაც „ქართლი.გე“ საუბრობს ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტია. ის ზარდიანთკარშიცაა განთავსებული საგანგებოდ იმ ოსებისთვის, ვინც ამ პატარა, ეთნიკურად ჭრელ სოფელში ცხოვრობდა. ამ „გამშვები პუნქტით“, რომლის ერთ მხარეს ქართული პოლიცია დგას, მეორე მხარეს კი რუსული საგუშაოა, ზარდიანთკარელების რამდენიმე ოჯახი სარგებლობდა. ისინი, ვისაც ახლობლები ცხინვალის მხარეს ჰყავს. ეგრეთ წოდებულმა „ჩორჩანას/წნელისის კრიზისმა“ და ადამიანთა ვაჭრობამ მათაც გადაუჭრა ეს, ჰაერივით აუცილებელი გასასვლელი. თანაც ისე, რომ ეთნიკურად ოსი ოჯახები ზარდიანთკარიდან, ეგრეთ წოდებული საზღვრის მიღმა აღმოჩნდა.
2019 წლის ზაფხულის ბოლოს ქართულმა პოლიციამ პოსტი განათავსა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან. დამოუკიდებელი და ნეიტრალური საერთაშორისო დამკვირვებლის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეფასებით, ეს პოსტი იმ ადგილასაა განთავსებული, რომელიც დე-ფაქტო არსებული მონაცემების თანხმად, ქართული მხარის გაკონტროლებულ სივრცეშია. ამის მიუხედავად, რუსული მხარე კონფრონტაციას არ მოერიდა. ჯერ ულტიმატუმი წამოაყენა, რომლის მიხედვით, ქართულ მხარეს პოსტი უნდა აიღო. მას შემდეგ, რაც ეს ულტიმატუმი დაიძლია, ჩაშალა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრები, პარალელურ რეჟმში კი თავად, სამი დამატებითი პოსტი განათავსა ჩორჩანას სიახლოვეს. ამასაც არ დასჯერდა, რუსული მხარის მითითებით, ჩაიკეტა ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტები, მათ შორის ახალგორის მიმართულებითაც ისე, რომ სამედიცინო საჭროების შემთხვევაშიც კი აღარ ეძლევათ ადამიანებს თბილისისკენ წამოსვლის უფლება (ამ ჩაკეტვას არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა).
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, ვინც სპეციალური საშვებით გადაადგილდებოდა საქართველოს კონტროლირებად სივრცეში, ფაქტობრივად, დე-ფაქტო ადმინისტრაციის მძევალი აღმოჩნდა. „მძევლობა“ არ გახლავთ ჟურნალისტური შეფასება, ეს მდგომარეობაა, რომელიც დე-ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა თავად დაადასტურა მაშინ, როდესაც ახალგორელებთან შეხვედრა გამართა და განუცხადა, მიემართათ პრემიერ გახარიასთვის და მოეთხოვათ ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა, რის სანაცვლოდაც ისინი მიიღებდნენ გადაადგილების უფლებას. სწორედ ამგვარი, „ტოტალური ჩაკეტვის ფარგლებში“ აღმოჩნდნენ ზარდიანთკარელი ოსები ცხინვალის მხარეს. ისინი საკუთარ სახლებში, ზარდიანთკარში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, თუმცა ამის თაობაზე ვერ ვერსად საუბრობენ. ზარდიანთკარელები ამბობენ, რომ ოსი თანასოფლელების სახლებს ახლა ბოქლომები ადევს და პატრონებს უცდის. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ დაელოდონ თანასოფლელებს - სხვა არაფერი.
ტოტალურმა ჩაკეტვამ ზარდიანკარის მცხოვრები, გენადი ბესტაევი უკვე ერთი წელია ცხინვალის ციხის ტყვედ აქცია. „გენადის სახლის ჭიშკარს რომ გააღებ, უკვე მავთულხლართია“, - გვეუბნება მზია ქარელი, ზარდიანთკარის მკვიდრი. მავთულხლართი მის ჭიშკართან მას შემდგომ გაავლეს, რაც იგი უკვე მეხუთედ, 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. ამჯერად მას მარიხუანის მოხმარებასა და შენახვასაც ედავებიან. თუმცა გენადის მოტივი სულ სხვაა, წმინდად ადამიანური - მას ოჯახი ცხინვალში ჰყავს, შესაბამისად, მათი მონახულების სურვილიც ძალიან ბუნებრივია. სწორედ, ამის გამო აპატიმრებენ გენადი ბესტაევს. ამის თაობაზე ზარდიანთკარში ყველასთვის ცნობილია. ადგილობრივები ოკუპაციაზე ისე საუბრობენ, როგორც გარდაუვალ სასჯელზე, რომელსაც ვერსად გაექცევი და რის წინაშეც სრულიად უძლური ხარ.
გენადი ბესტაევის გათავისუფლებისკენ მიმართული არაერთი ღონისძიება ფუჭად დასრულდა. ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ მის გათავისუფლებას, ისევე როგორც ზაზა გახელაძის გამოშვებას, პერმანენტულად ითხოვს. ბესტაევის დაკავებიდან ერთ წლის შემდეგ, მას მეორე თანასოფლელი, მირიან თაზიაშვილი მიჰყვა. ახლა ორივე ცხინვალის საპატიმროში იმყოფება. თაზიაშვილს უკვე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. რის გამო? ეს სრულიად ამოუხსნელი ამოცანაა მირიანის ოჯახისთვის. „კარგი, ვთქვათ, გადაკვეთა ეს ეგრეთ წოდებული საზღვარი და ვთქვათ, იყო იმ საღამოს ნასვამი, ამის გამო უნდა დაიჭირონ? მე ვიცი, რომ ასეთ ხალხს უშვებენ, ჯარიმის შემდეგ. რა დააშავა ასეთი ჩემმა ქმარმა, რატომ ზის ციხეში?“ - გვეკითხება დაკავებულის მეუღლე ცისანა თაზიაშვილი.
თაზიაშვილების ოჯახი სრულიად უნუგეშო მგომარეობაშია. ზარდიანთკარელებს გასაჭირი არც აქამდე აკლდათ. 2008 წლის შემდგომ, ისინი მუდმივ კოშმარში ცხოვრობენ. ომის დროს, როდესაც იქაურობა იბომბებოდა, გამოიქცნენ, თუმცა სახლებში დაბრუნება ვერც ომის შემდგომ შეძლეს. ზარდიანთკარი გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, ის არანაირი „ძველი რუკით“ არასდროს არ შედიოდა „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ შემადგენლობაში (რის საფუძველზეც რუსული მხარე მუდმივად ვაჭრობს). 2008 წლის ოქტომბრის ბოლოს ომით დაზარალებულ შიდა ქართლის სოფლებში მოსახლეობა დაბრუნდა, თუმცა ზარდიანთკარელებისთვის ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სოფელი უკონტროლო იყო, იქ არც ქართული პოლიცია პატრულირებდა და არც ოსური მხარე აცხადებდა მასზე პრეტენზიას. უკონტოლობა ზარდიანთკარის ტერიტორიაზე 2012 წლამდე გაგრძელდა.
2012 წელს ზარდიანთკარში ქართული საგუშაგო განთავსდა. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ეგრეთ წოდებული „ტერიტორიის დაბრუნება“ მოხერხდა, 2008 წელს შექმნილი ფაქტობრივი მდგომარეობის შემდგომ. თუმცა მოსახლეობისთვის ამით პრობლემები არ მოგვარებულა. სრულიად გაძარცვულ და დანგრეულ სოფელში არც წყალი იყო, არც ელექტრო ენერგია, არც ბუნებრივი აირი და არც სახლები, სადაც ზამთარში სითბო შენარჩუნდებოდა. ამიტომ, ზარდიანთკარის მოსახლეობა ისევ გორში, საბავშვო ბაღის შენობაში დარჩა, თუმცა ცალი ფეხით. ხელისუფლება 2012 წლის შემდგომ ზარდიანთკარელებს პირდებოდა/პირდება დანგრეულ და ომით დაზიანებული სახლების რეაბილიტაციაში დახმარებას. ამის თაობაზე თითქმის ყოველ წელს გაიცემოდა რეკომენდაციები სახალხო დამცველის მხრიდანაც, თუმცა პროცესი ვერა და ვერ დაიძრა. უსტატუსო დევნილებად ქცეული მოქალაქეები დღემდე სანახევროდ გორის საბავშვო ბაღში ცხოვრობენ, სანახევროდ კი ზარდიანთკარში.
მიუხედავად დაუძლეველი სოციალური სიდუხჭირისა და უამრავი პრობლემისა, მათ სიხარულისთვის ელემენტარული რამ ჰყოფნით - მეზობლებთან, ახლობლებთან ურთიერთობა. აბედნიერებთ გვერდით სოფელში სტუმრობისა და იქაურების მონახულების შესაძლებლობა, თუმცა ამას რუსული მხარე კრძალავს.
მეზობლებთან მისვლა-მოსვლა და მოკითხვა რომ არ დაისაჯოს, ეს შესაძლებლობა რომ დაუშვას რუსულმა მხარემ, ამ შემთხვევაში ხომ აორთქლდება ეთნიკური შუღლის ინსტრუმენტი, ურომლისოდაც ოკუპაციის მონსტრი საკვებს დაკარგავს.
2 დეკემბერს დე-ფაქტო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის გვერდზე გამოჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა საქართველოს ორმა მოქალაქემ, რომელთაგან ერთი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არცევიდანაა, მეორე კი კასპის მუნიციპალიტეტის თელიანიდან. დე-ფაქტო ადმინისტრაცია იუწყება, რომ „ისინი გაექცნენ საქართველოში შექმნილ რთულ სოციალურ პირობებს დასაქმებისა და საპენსიო მიმართულებით“ და მოუწოდებს ქართულ მხარეს, უფრო მეტად იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. დე-ფაქტო ადმინისტრაცია არაფერს იტყობინება ამ ორი მოქალაქის დაპატიმრების შესახებ, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოში იმდენად რთული მდგომარეობაა, მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე თვითგადარჩენის მიზნით გარბიან და რომ ამგვარი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია.
ოფიციალურ თბილისს მსგავსი ფაქტების თაობაზე არაფერი უთქვამს. ცნობილია, რომ ქართულ მხარეს გადმოსვლის მსურველი მოქალაქე ბევრია, განსაკუთრებით ახალგორიდან. როგორც დე-ფაქტო რეჟიმის ტყვე, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, არაერთმა ოჯახმა ისარგებლა წითელი ჯვრის პროგრამით, რაც ოჯახების საცხოვრებლად სამუდამოდ გადმოყვანას გულისხმობს. ასეთ შესაძლებლობას ეს ერთადერთი, დე-ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორიაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია იძლევა, თუმცა ეს გახლავთ „ბილეთი მხოლოდ ცალ მხარეს“. ოჯახები, ვინც წითელი ჯვრის პროგრამით ქართულ მხარეს გადაყვანას მოითხოვს, უკან დაბრუნების შესაძლებლობას, ამ პროექტის თანახმად, კარგავს.