მატისი და პომპეო იემენში სამშვიდობო მოლაპარაკებაზე საუბრობენ

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იემენში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რათა უკვე სამ წლიანი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის შესაძლებლობა შეიქმნას.

“ჩვენ გვსურს სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან ყველა შეიკრიბოს,” განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა. მისი თქმით, იემენში უნდა შეწყდეს საჰაერო იერიშები და შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა საზღვრებიდან უკან უნდა დაიხიონ. “ჩვენ ეს ყველაფერი მომდევნო 30 დღის განმავლობაში უნდა გავაკეთოთ. უკვე საკმარისზე დიდი ხანია ამ პრობლემის გადაჭრას ვაყოვნებთ,” დასძნა მატისმა.

თავდაცვის მდივანმა ეს განცხადება სამშაბათს საღამოს ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მან ხაზი გაუსვა იემენში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას იმისთვის, რომ გაეროს სპეციალურ წარმომადგენელ მარტინ გრიფიტს კონფლიქტიდან გამოსავლის მონახვის საშუალება მიეცეს.

მატისის შემდეგ, განცხადება გაავრცელა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეოპმაც, რომლითაც გაეროს სამშვიდობო ძალისხმევას მხარი დაუჭირა.

“გაეროს სპეციალური წარმომადგენლის კონსულტაციები ნოემბერში, მესამე ქვეყანაში უნდა გაიმართოს იმისთვის, რომ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები შევისწავლოთ, მოხდეს საზღვრების დემილიტარიზაცია და მძიმე არტილერიის საერთაშორისო დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ გადატანა,” განაცხადა პომპეომ.