1999 წლის 12 თებერვალს, ხუთკვირიანი საიმპიჩმენტო მოსმენა დსრულდა - აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი, ბილ კლინტონი სენატმა გაამართლა.
სენატმა პრეზიდენტი იმპიჩმენტის ფარგლებში წარდგენილი ბრალის ორივე მუხლში უდანაშაულოდ სცნო. „ცრუ ჩვენება და სამართლის აღსრულებაში ხელის შეშლა“ - ეს იყო ორი მუხლი, რომელთა საფუძველზეც წარმომადგენლთა პალატამ, პრეზიდენტ კლინტონს მანამდე იმპიჩმენტი გამოუცხდა.
„შეცდომაში შევიყვანე ხალხი, მათ შორის ჩემი ცოლი. ამას ღრმად ვნანობ.“
მონიკა ლევინსკისთან - თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის სტაჟიორთან დაკავშირებული სექსუალური სკანდალი, წარმომადგენელთა პალატაში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი გახდა. წარმომადგენელთა პალატა ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტმა კლინტონმა, ლევინსკის საქმესთან დაკავშირებით იცრუა და სამართლის აღსრულებას ხელი შეუშალა. მიუხედავად იმისა, რომ მას სიმართლის თქმას, წარმოთქმული ფიციც ავალდებულებდა.
საქმის გამოძიებისას გაირკვა, რომ პრეზიდენტსა და თეთრი სახლის სტაჟიორ, 21 წლის მონიკა ლევინსკს შორის, სექსუალური ხასიათის ურთიერერთობა 1995 წლიდან დაიწყო და დაახლოებით წელიწადნახევარი გაგრძელდა. მაშინ გაირკვა ისიც კი, თუ რამდენჯერ ჰქონდათ სექსუალური კავშირი პრეზიდენტსა და სტაჟიორს. დოკუმენტებით ირკვევა, რომ თეთრ სახლში, მათ შორის ათამდე ასეთი ხასიათის შეხვედრა შედგა.
1996 წლის აპრილში, მონიკა სამუშაოდ პენტაგონში გადაიყვანეს. იმავე წლის ზაფხულში, მონიკამ პრეზიდენტთან სექსუალური კავშირის შესახებ პირველად გაანდო თანამშრომელს, ლინდა ტრიპსს. 1997 წლიდან, ლინდამ მონიკასთან საუბრების ფარულად ჩაწერა დაიწყო. საუბრებში ლევინსკი დეტალურად აღწერდა პრეზიდენტთან ურთიერთობის პერიპეტიებს.
ეს დეტალები მედიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, თითქმის უცვლელად გახდა ცნობილი. 1999 წლის 13 თებერვლით დათარიღებულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ნომერში ვკითხულობთ - „ამრიგად, ყველაფერი დასრულდა. კვლავ იქ დავბრუნდით, საიდანაც ერთი წლის წინ დავიწყეთ, ვიდრე პირველად გავიგებდით სახელს მონიკა ლევინსკი. დავბრუნდით იქ, როცა ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, ორალური სექსის შესახებ განხილვებს მოვისმენდით.“
მაშინ, როცა სენატს პრეზიდენტი უკვე გამართლებული ჰყავდა და პრეზიდენტს ბოდიში ჰქონდა მოხდილი, ამერიკული მედია სვამდა კითხვას, ვინ იყო პასუხისმგებელი მთელი ქვეყნის და ამერიკული საზოგადოების ავგიას თავლებში შეყვანაზე.
ლევინსკის საქმე - პაულა ჯონსი, პრეზიდენტის წინააღმდეგ
ლევინსკი არ იყო ერთადერთი ქალი, პრეზიდენტის აქტიურ სექსუალურ ცხოვრებაში. 27 წლის საჯარო მოხელე, პაულა ჯონსი, პრეზიდენტ კლინტონს სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს. იქამდე, ვიდრე საზოგადოება მონიკა ლევინსკის არსებობის შესახებ გაიგებდა.
1997 წლის დეკემბერში, პაულა ჯონსის ადვოკატებმა, პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის ფარგლებში, მონიკა ლევინსკის გამოკითხვა და მისი ისტორიის გამოძიება მოითხოვეს.
1998 წლის იანვარში, სავარაუდოდ პრეზიდენტ კლინტონის მითითებითა და რეკომენდაციით, ლევინსკიმ ოფიციალური დოკუმენტით დაადასტურა, რომ მას პრეზიდენტთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობა არ ჰქონია.
სწორედ ამ დროს, სცენაზე ლევინსკის თანამშრომელი, ლინდა ტრიპი შემოდის. ის შეხვედრებს მართავს დამოუკიდებელ მრჩევლებთან და მის მიერ, ლევინსკისთან გამართული დიალოგების ფარულ ჩანაწერებს განიხილავს.
ტრიპის კვალზე გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები გავიდნენ. 16 იანვარს, ტრიპი ლევინსკის შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ლევინსკი გამოსაკითხად ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში წაიყვანეს. დოკუმენტებით ირკვევა, რომ აგენტებმა მას, პროკურატურასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, იმუნიტეტი შესთავაზეს.
რამდენიმე დღის შემდეგ, მომხდარი ამბავი გავრცელდა. პრეზიდენტმა კლინტონმა მაშინ პირველად, საჯაროდ უარყო ლევინსკისთან სექსუალური კავშირი. „მე არ მქონია სექსუალური კავშირი ამ ქალთან, ქალბატონ ლევინსკისთან“ - განაცხადა კლინტონმა. ამის შემდეგ დაიწყო დაკითხვებისა და მოსმენების არც თუ ისე ხანგრძლივი სერია. გამოკითხეს ლევინსკი და თავად პრეზიდენტი. დაკითხვისას, პრეზიდენტმა კლინტონმა პირველად აღიარა, რომ მას ლევინსკისთან ქორწინებისმიღმა კავშირი ჰქონდა.
თეთრი სახლის რუკის ოთახში, პრეზიდენტ კლინტონს, ფედერალური სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა დიდ ჟიური ოთხი საათის განმავლობაში უსმენდა. ეს იყო პირველი შემთხვევა ამერიკის ისტორიაში, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი, ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიურის წინაშე წარსდგა. იმავე საღამოს, პრეზიდენტის ერისადმი მიმართვა გავრცელდა. 4-წუთიან სატელევიზიო მიმართვაში, პრეზიდენტი აღიარებდა, რომ ლევინსკისთან არასათანადო უერთიერთობაში იყო.
Your browser doesn’t support HTML5
პრეზიდენტს მოკლე მიმართვაში, არცერთხელ არ გამოუყენებია სიტყვა „სექსი“. მან მხოლოდ ერთხელ გამოიყენა სიტყვა „სინანული“, როდესაც წუხილი გამოთქვა, საზოგადოებისა და ოჯახის შეცდომაში შეყვანმის გამო.
იმპიჩმენტი
პრეზიდენტის არაპირდაპირი აღიარების შემდეგ, პროკურორმა კენეტ სთარმა წარმომადგენელთა პალატას საქმესთან დაკავშირებით მოხსენება წარუდგინა, რომელსაც 18 ყუთში მოთავსებული დამხმარე დოკუმენტებით განამტკიცებდა. ორი დღის შემდეგ, სთარის ანგარიში საჯარო გახდა. გაირკვა, რომ ის პრეზიდენტის იმპიჩმენტს, 11 მუხლის საფუძველზე ითხოვდა. მათ შორის იყო - ცრუ მოწმობა, სამართლის აღსრულებაში ხელის შეშლა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. პროკურორს ასევე წარმოდგენილი ჰქონდა დეტალები, პრეზიდენტისა და ლევინსკის სექსუალური ურთიერთობის შესახებ.
19 დეკემბერს, 14-საათიანი განხილვის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატა იმპიჩმენტის ორ მუხლზე შეთანხმდა - ცრუ ჩვენება და სამართლის აღსრულებისთვის ხელის შეშლა.
ხუთი კვირის შემდეგ, 1999 წლის 12 თებერვალს, სენატმა კენჭი უყარა აშშ-ის 42-ე პრეზიდენტის, ბილ კლინტონის თანამდებობიდან გათავისუფლებას. კენჭოსყრის საფუძველზე, სენატმა პრეზიდენტი იმპიჩმენტის ორივე მუხლში გაამართლა. ბრალდების მხარეს, პრეზიდენტის გასამტყუნებლად ხმათა 2/3 სჭირდებოდა, თუმცა მარტივი უმრავლეობის მოპოვებაც კი ვერ შეძლო.
ცრუ მოწმეობის შესახებ წაყენებულ ბრალდებააზე, 45-მა დემოკრატმა და 10-მა რესპუბლიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი „უდანაშაულოა.“
რაც შეეხება ბრალდების მეორე მუხლს, სამართლის აღსრულებაში ხელის შეშლას, აქ სენატორთა ხმები 50/50-ზე გაიყო.
გამართლების შემდეგ, პრეზიდენტმა კლინტონმა თქვა, რომ ღრმა სინანულს განიცდიდა იმ ტვირთის გამო, რაც თავისი საქციელით კონგრესსა და ამერიკელ ხალხს დააკისრა.
ბილ კლინტონი ისტორიაში მეორე პრეზიდენტი გახდა, ვისაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა. კონგრესის ქვედა პალატამ იმპიჩმენტი პირველად პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონს, 1868 წელს გამოუცხადა.
კვლავ ოვალურ კაბინეტში
პრეზიდენტი კლინტონი სენატმა გაამართლა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მან თანამდებობა შეინარჩუნა. მანამდე, უახლოეს ოსტორიაში უკვე არსებობდა ნიქსონის პრეცედენტი.
1974 წელს, „უოტერგეითსის სკანდალის“ ფონზე, პრეზიდენტ ნიქსონის იმპიჩმენტის რამდენიმე პუნქტს, წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა დაუჭირა მხარი. პროცესი ამის შემდეგ აღარ გაგრძელებულა, პრეზიდენტი გადადგა. ასე, რიჩარდ ნიქსონი აშშ-ის პურველი პრეზიდენტი გახდა, ვინც დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.
მედია კი ბევრს წერდა, სენატის მიერ გამართლების შემდეგ, კლინტონის შესახებ.
„მის გვერდით არ იყო მიმტევებელი მეუღლე. არც ერთგული ვიცე-პრეზიდენტი, არც ჩვეული გამომწვევი ღიმილი ჰქონდა. პრეზიდენტი კლინტონი მარტო იყო.“ - წერდა 1999 წლის 13 თებერვალს, „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი, ჯონ ჰარისი.
Your browser doesn’t support HTML5
ასე, ჰარისი სენატის მიერ უდანაშაულოდ ცნობის მეორე დღეს, ბილ კლინტონის მიერ, თეთრი სახლის ვარდების ბაღში გაკეთებულ განცხადებას აღწერს. ამბობს, რომ გამარჯვების დღეს, პრეზიდენტს არაფერი უთქვამს ისეთი, რაც მას გამარჯვებულად წარმოაჩენდა.