სი ძინპინის მესამე საპრეზიდენტო ვადა ჰონგ-კონგის ბირჟაზე რყევებით დაიწყო

პრეზიდენტი სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის და ახალი პოლიტბიუროს წინაშე სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

10-წლიანი მმართველობის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ძალაუფლება მორიგი 5 წლის ვადით გადაიბარა. კომუნისტური პარტიის ერთკვირიანი ყრილობა კვირას, 23 ოქტომბერს დასრულდა. ყრილობაზე სი ძინპინის გამოსვლის შემდეგ, ჰონგ-კონგის ბირჟაზე რყევები დაიწყო.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სი ძინპინმა გააკრიტიკა "ფულის გაღმერთება", ისაუბრა სოციალისტური საბაზრო ეკონომიკის სისტემის მშენებლობის, გადასახადების როლის გაძლიერების და "კარგად რეგულირებული" შემოსავლების აუცილებლობაზე.

ბოლო კვირას განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეარყია ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა. სი ძინპინის მიმართვის შინაარსიდან გამომდინარე, ინვესტორებმა ჩათვალეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა იდეოლოგიურ პრინციპებს შეეწირება და მათ ბირჟაზე აქციების გაყიდვა დააჩქარეს.

სი ძინპინმა ახალი პოლიტბიუროს კომიტეტის შემადგენლობა წარადგინა. ის ძირითადად პრეზიდენტისადმი ერთგულებით გამორჩეული ჩინოვნიკებისგან შედგება.