დაბალშემოსავლიანი ქვეყნებიდან 35 აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს
Your browser doesn’t support HTML5
„ამ მიზნების მიღწევა ჩვენი ორგანიზაციის მთავარი ამოცანაა. მსოფლიო ბანკის საბჭოს წევრები კვირის განმავლობაში იმსჯელებენ და ამ მიმართულებით კონკრეტულ სტრუქტურებსა და ოპერაციებს დასახავენ. ეს იქნება პირველი სტრატეგია, როდესაც მსოფლიო ბანკის ყველა ინსტიტუცია ერთი მიზნის გარშემო ერთიანდება“- აცხადებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯინ იონგ კიმი.
ამ კვირას მსოფლიო ბანკის მართველთა საბჭო ასევე იმუშავებს სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში უკიდურესი სიღარიბის დონემ 2020 წლისთვის უნდა დაიკლოს.
ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ერთი თაობის სიცოცხლის მანძილზე სიღარიბის დაძლევა ძალზე დიდ ძალისხმევას უკავშირდება. ჯინ იონგ კიმის განცხადებით:
„სიღარიბის დაძლევის პრობლემის წინააღმდეგ სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. ეს შეუპოვარი სტრატეგია უმნიშვნელოვანეს გამოწვევას უკავშირდება. მსოფლიოში დღესდღეობით უკიდურეს სიღარიბეში ერთი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მათი უმეტესობა დღეში ერთ დოლარნახევარს გამოიმუშავებს, ზოგს კი საერთოდ არანაირი შემოსავალი არ აქვს. მსოფლიო ბანკის მიერ 2010 წლის წელს ჩატარებული კვლევებით, მსოფლიოში მოშიმშილე ერთ მილიარდ ადამიანს შორის 400 მილიონი ბავშვია. ამიტომ ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს და ეს გრძლევადიანი გეგმით ვერ განხორციელდება.“
მსოფლიო ბანკის ყოველწლიური სიღარიბის დაძლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებიდან 35 აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს. ბანკის პრეზიდენტის ჯინ იონგ კიმის განცხადებით, ამ ადამიანებს სუფთა სასმელი წყლის და სანიტარული სახის ელემენტარული პრობლემები აქვთ:
„უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები, ვისი დღიური შემოსავალიც ერთდოლარნახევრია, მსგავს გაუსაძლის პირობებში 30 წელია ცხოვრობენ. ჩვენი სტრატეგიის მიზანია, ამ ქვეყნების მთავრობებს დავეხმაროთ, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და კლიმატური პრობლემები მოგვარდეს.“
მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სიღარიბის დონე გენდერული ნიშნითაც განსხვავდება. ღარიბ ქვეყნებში 15-დან 30- წლამდე გოგონებს და ქალებს მამაკაცებთან შედარებით, საშუალო განათლება ბევრად უფრო დაბალი აქვთ.
მსოფლიო ბანკის წევრმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, სიღარიბის დაძლევის და ნდობის გაზრდის სახელით ცნობილი ფონდის საშუალებით , დაბალშემოსავლიანი ქვეყნები ნული საპროცენტო განაკვეთით დააფინანსონ.