მსოფლიო თავისუფალი პრესის ინდექსი

დევიდ კრემერი: მსოფლიოს მასშტაბით პრესის თავისუფლების შესუსტების ტენდენცია შეშფოთებას იწვევს.
გასულ წელს, მსოფლიოს ყოველი ექვსი მოსახლიდან მხოლოდ ერთს მიუწვდებოდა ხელი თავისუფალ პრესაზე. ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ პრეზიდენტი დევიდ კრემერი ამბობს, რომ მსოფლიოს მასშტაბით პრესის თავისუფლების შესუსტების ტენდენცია შეშფოთებას იწვევს.
კრემერი: „თავისუფალი პრესა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. მას კონტროლისა და დაბალანსების ფუნქცია გააჩნია. იგი კორუფციულ პრაქტიკას ააშკარავებს, ხელს უწყობს ამჭვირვალეობას, ახალისებს კარგ მმართველობას. შესაბამისად, თავისუფალი პრესა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.“

ანგარიშის თანახმად, შარშან ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე შეჩერდა ის მაჩვენებელი, რომელიც მსოფლიოში თავისუფალი მედიის პირობებში მცხოვრებ ადამიანებს აერთიანებს. მიზეზს კი ავტორიტარული რეჟიმების გავრცელება, პოლიტიკური არასტაბილურობა და რადიკალი ისლამისტების მუქარა წარმოადგენს.

2012 წელს „ნაწილობრივ თავისუფლად“ მიიჩნიეს სულ 58 ქვეყანა.
ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონში ნათელი წერტილებია მხოლოდ საქართველო, რომელმაც ოდნავ გაიუმჯობესა მდგომარეობა, სომხეთი, რომელმაც ასევე ოდნავ გაიუმჯობესა პოზიცია, და მოლდავეთი.

ანგარიშში საქართველოზე ნათქვამია, რომ მან ერთი პუნქტით - გაიუმჯობესა პოლიტიკური თავისუფლების მაჩვენებელი საპარლამენტო არჩევნებით, რომლის შედეგადაც ძალაუფლება პირველად, მშვიდობიანი გზით გადაეცა ოპოზიციურ მოძრაობას. ამის შესაბამისად, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში საქართველო, დასახელებულია ქვეყნად, რომელიც მიუერთდა არჩევითი დემოკრატიების რიცხვს.

ევროპაში, საბერძნეთში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა ცნობილი მოვლენების შედეგად, და ეს ქვეყანა ნახევრად თავისუფალ კატეგორიაში აღმოჩნდა. ბერძნული სახელმწიფოს ეკონომიკურმა პრობლემებმა ჟურნალისტების ფართემასშტაბიანი შეკვეცა და მედია ორგანიზაციების დახურვა გამოიწვია, რამაც პრესის სიცოცხლისუნარიანობას საფრთხე შეუქმნა.

მალიში, აფრიკის კონტინენტზე არსებული ერთერთი ყველაზე თავისუფალი მედია გარემო არსებობს. თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად, ყველაზე მძიმე დარტყმა იქ სწორედ პრესის თავისუფლებას მიადგა.

2012 წელს, ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ლიბიასა და ტუნისში არაბული გაზაფხულის ცნობილი მოვლენების შემდეგ მიღწეული მონაპოვარი შენარჩუნდა. თუმცა მედიასთან დაკავშირებული და პოლიტიკური სიტუაცია ეგვიპტეში შარშან გაუარესების გზაზე იყო, რასაც ექსპერტები სხვადასხვა ფაქტორს მიაწერენ:
„ნაწილობრივ, ეს იყო ახალი კონსტიტუცია, და კერძოდ, მისი ის დებულებები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, ასევე ქვეყანაში მკვეთრად პოლარიზებულ მედია გარემოს და ჟურნალისტთა დევნას გულისხმობს,-აცხადებს კარინ კარლეკარი, რომელიც „ფრიდომ ჰაუსში“ ეგვიპტეზე მუშაობს.

აღნიშული არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებს, რომ გააგრძელოს ამ ქვეყნების მონიტორინგი, და გამოააშკარავოს ის, თუ სად იზღუდება პრესის უფლებები. ბოლო ანგარიში აჩვენებს, რომ ამ სფეროში ჯერ კიდევ მრავალი პრობლემაა.