მსოფლიო ლიდერები მაკრონს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჩვებას ულოცავენ

ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი დამაჯერებელი უპირატესობით დაამარცხა. მსოფლიო ლიდერები მაკრონს გამარჯვებას ულოცავენ.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაკრონს ტვიტერით მიულოცა და თქვა, რომ მოუთმენლად ელის მასთან მუშაობის შესაძლებლობას. რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა ტრამპს აქამდე საჯაროდ არ გამოუხატავს, თუმცა ცნობილი იყო, რომ ის ულტრა მემარჯვენე მარინ ლე პენის შეხედულებებს იზიარებდა.

მომავალ პრეზიდენტს და ფრანგ ხალხს არჩევნების შედეგები მიულოცეს ამერიკის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა, სამოქალაქო უფლებების დამცველმა ჯესი ჯექსონმა და ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ.

ცენტრისტი ლიდერის გამარჯვებას გამოეხმაურნენ საფრანგეთის ევროპელი მოკავშირეებიც.

„თქვენი გამარჯვება ძლიერი, ერთიანი ევროპის და ფრანგულ-გერმანული მეგობრობის გამარჯვებაა“, - მიმართა მაკრონს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. მაკრონი მას შედგების გამოცხადებიდან მალევე ტელეფონით ესაუბრა და დაპირდა, რომ ბერლინს ძალიან მალე ესტუმრება.

ახალგაზრდა ლიდერს მიულოცა ბრიტანეთის პრემიერმაც. ტერეზა მეის განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოკავშირეა და პრემიერი მასთან საერთო პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობის იმედს გამოთქვამს.

მაკრონი ნაპოლეონის შემდეგ საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია, რომელიც პოსტს ოფიციალურად 14 მაისს დაიკავებს.