ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, საგარეო საქმეთა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აუცილებელია, ვინმემ გააკონტროლოს ლიბიაში შექმნილი ვითარება, რათა ადგილზე ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს.
მან ეს განცხადება დღეს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა. შეხვედრაზე სწორედ ლიბიის საკითხი და კვირას მიღებული შეთანხმება განიხილეს. შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფოები იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს პატივს სცემენ და ლიბიის საქმეებში არ ჩაერევიან.
"ვერ ვიტყვით, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტაა და ყველაფერი დასრულდა", თქვა ბორელმა. "თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნება გსურს, ვინმემ თვალყური უნდა ადევნოს ამას. იქნება ეს გაერო, აფრიკის კავშირი, ევროკავშირი, თუ ვინმე სხვა, მაგრამ ვინმემ ეს უნდა გააკეთოს", უთხრა ჟურნალისტებს ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა.
მსოფლიოს 12 ლიდერი შეიკრიბა ერთდღიან სამიტზე ბერლინში, რათა ლიბიის საკითხი განეხილა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის, გაეროს, აფრიკის კავშირისა და არაბთა ლიგის წარმომადგენლები.