კოვიდ-19-ის შემთხვევებით მსოფლიოში კვლავ აშშ ლიდერობს

კორონავირუსთან ბრძოლა გრძელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ვითარება რთულია ბრაზილიაში. 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 1, 262 ადამიანი გარდაიცვალა. სულ კოვიდ-19-მა ამ დრომდე 31,199 იმსხვერპლა. ბრაზილიაში 555,383 ადამიანია ინფიცირებული.

მსოფლიოში კორონავირუსის 6,3 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული და 380,580 ადამიანი გარდაიცვალა. შეერთებული შტატები ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერობს. ქვეყანაში 1,8 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. გარდაიცვალა 106,000 ადამიანი.

ტოკიო, იაპონია

სამშაბათს, ტოკიოს გუბერნატორმა იურიკო კოიკემ განაცხადა, რომ ქალაქში შესაძლოა კორონავირუსის შემთხვევების ხელახალი ზრდა მოხდეს. ეს განცხადება კოიკემ მას შემდეგ განაცხადა, რაც 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რამდენიმე დღის შემდეგ რაც ქალაქმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია მოხდება თუ არა შეზღუდვების ხელახალი დაწესება. გუბერნატორმა თქვა, რომ ახალი შემთხვევები ღამის ცხოვრებას უკავშირდება, მათ შორის კარაოკეს ბარებს.

შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა სამხრეთ აფრიკაში. ქვეყანაში 35,000 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მეხიკო, მექსიკა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნები მსოფლიოში კორონავირუსის ეპიცენტრად გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ბიზნესი ბოლივიაში, მექსიკაში და ვენესუელაში გახსნას იწყებს.

ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ შემთხვევების რაოდენობის მატება შეიძლება დაფიქსირდეს ასევე შეერთებულ შტატებშიც, სადაც ერთდროულად ათასობით ადამიანი მონაწილეობს სხვადასხვა ქალაქებში სისტემატურად გამართულ საპროტესტო გამოსვლებში.