მსოფლიო სასამართლომ, ხუთშაბათს, ერთხმად მოუწოდა ისრაელს, ღაზაში შიმშილობა დაასრულოს. სასამართლომ ისრაელს დაავალა, ქვეყანამ ყველა საჭირო და ეფექტური ნაბიჯი გადადგას, რათა ღაზის მოსახლეობას საკვები თავისუფლად მიეწოდებოდეს.
ღაზის მმართველი დაჯგუფება, "ჰამასი" ამბობს, რომ შიმშილობის დასასრულებლად, საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ბრძანების გამოსვლის პარალელურად, მძიმე ბრძოლა გრძელდება ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს გარშემო, სადაც "ჰამასის" და ისლამური ჯიჰადის შეიარაღებულმა დანაყოფებმა განაცხადეს, რომ თავს დაესხნენ ისრაელის ჯარისკაცებს და მათ ტანკებს, რაკეტებითა და ნაღმტყორცნებით.
ასევე ნახეთ: ისრაელის "მოჩვენებების ქალაქი"მსოფლიო სასამართლოს მოსამართლეები ამბობენ, რომ მდგომარეობა ღაზაში სულ უფრო უარესდება. „სასამართლო აღნიშნავს, რომ ღაზაში მყოფი პალესტინელები აღარ არიან მხოლოდ შიმშილის საფრთხის წინაშე. შიმშილობა დაწყებულია“, - ნათქვამია მოსამართლეების ბრძანებაში.
მოსამართლეების ეს გადაწყვეტილება, სამხრეთ აფრიკის სარჩელის ფარგლებში გამოიცა. სამხრეთ აფრიკა, ისრაელს პალესტინელების გენოციდში დებს ბრალს და მას მსოფლიო სასამართლოში უჩივის.
"ჰამასის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბასემ ნაიმმა თქვა, რომ გადაწყვეტილება საკმარისად მკაცრი არაა და ისრაელს უნდა მიეცეს ბრძანება, შეწყვიტოს სამხედრო შეტევა ღაზაში, რათა დასრულდეს მოსახლეობის ტანჯვა.
"ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ახალ მოთხოვნას ღაზაში და განსაკუთრებით ჩრდილოეთ ღაზის სექტორში, ამ ჰუმანიტარული ტრაგედიის დასასრულებლად. მაგრამ, ვიმედოვნებდით, რომ სასამართლო ცეცხლის შეწყვეტის ბრძანებას გასცემდა", - განუცხადა ნაიმმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს".
გაეროს უშიშროების საბჭომ, სამშაბათს, მხარი დაუჭირა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. შეერთებულმა შტატებმა კენჭისყრაზე თავი შეიკავა, მაგრამ გადაწყვეტილებისთვის ვეტო არ დაუდია.