8 მარტს, ქალთა თანასწორობისა და უფლებების დაცვის საყოველთაო დღეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საქართველოში პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები და გოგონები იმყოფებიან არათანასწორ მდგომარეობაში, და ამიტომაც, საქართველოში მეტად ხდება გენდერული ნიშნით ძალადობა, ქალთა შრომა - დაუფასებელი, ქალის როლი კი დაკნინებულია, - ამბობენ ორგანიზაციაში.
საია-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (ე.წ. სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, ქალთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველსაყოფად და ძალადობისგან დასაცავად სხვადასხვა ღონისძიება გაატარა. საია-სვე განცხადებით, მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, კვლავ პრობლემაა გენდერული თანასწორობის საკითხი და სახელმწიფოს მხრიდან ეს პრობლემა საჭიროებს მრავალი მიმარტულებით მუშაობას.
უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში ქალები და გოგონები ხშირად განიცდიან ისეთი სერიოზული ფორმების ძალადობას, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, სექსუალური ძალადობა, ფემიციდი, იძულებითი ქორწინება, იძულებითი აბორტი. "სახელმწიფოს მხრიდან კი გადადგმული ნაბიჯების, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მრავალწლიანი გადამზადების მიუხედავად, კვლავ პრობლემურია ქალთა მიმართ, განსაკუთრებით კი სქესობრივი დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოძიება", - ნათქვამია დოკუმენტში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიუთითებს, რომ ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში, მოძველებული მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია.