პორტუგალიაში შაბათს გაჩენილ ხანძრებს სულ ცოტა, 64 ადამიანი შეეწირა და 130-ზე მეტი დაშავდა. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ ტყის ხანძრების გამძვინვარების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი რეკორდული სიცხეები იყო. პორტუგალიაში იმ დღეებში ტემპერატურა ცელციუსით +40 გრადუსს აჭარბებდა.
ზაფხულის დასაწყისშივე ძალიან მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ესპანეთში და საფრანგეთშიც, სადაც დღეს მოსახლეობამ სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალიც კი მიიღო. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ რეკორდულთან ძალიან ახლოს მყოფი ტემპერატურა ახლახან ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის და ნევადის უდაბნოებშიც ჩაინიშნეს.
მეტეოროლოგების ანგარიშის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაშიც თბური ტალღების ხშირი შემოტევაა და ტემპერატურა ცელსიუსით +50 გრადუსს გასცდა. ყველაზე მაღალი ტემპერატურა წელს პაკისტანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ტურბატში დაფიქსირდა, სადაც ჯერ კიდევ მაისში სიცხე 54 გრადუსამდე ავიდა - ამბობს კლერ ნულისი, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სპიკერი.
“აზიაში ეს ახალ რეკორდულ ტემპერატურას გავს. თუ დადასტურდა, რეკორდულს გაუტოლდება, რომელიც გასული წლის ივლისში, კუვეიტში დაფიქსირდა. ახლა კომიტეტს ვქმნით, რომელიც შეისწავლის, არის თუ არა ეს, დანამდვილებით, რეგიონისთვის ახალი რეკორდი” - აღნიშნავს კლერ ნულისი.
ორგანიზაციის უფროსი მეცნიერის, ომარ ბადურის თქმით, ისტორიაში, მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტემპერატურა შეერთებულ შტატებში საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1913 წელს დაფიქსირდა. ეს იყო +56.7 გრადუსი კალიფორნიის შტატში მდებარე სიკვდილის ველზე.
ომარ ბადური განმარტავს: “ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარება ძალიან რთულია, რადგან ადვილი არ არის ყველა იმ ბუნებრივი პირობის ერთდროულად თავმოყრა, როგორიცაა მაგალითად, წნევა, ჰაერის ტენიანობა. ასე რომ, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ 54-ს მივაღწიეთ და ახალი რეკორდის დამყარებასთან ასე ახლოს ვართ”.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია მოელის, რომ თბური ტალღების გლობალური შემოტევების გამო, მსხვერპლიანი ტყის ხანძრები კიდევ უფრო გახშირდება. თუკი მოსახლეობა საგანგებო ზომებს არ მიიღებს, სიცხის გამო ბევრი ადამიანი დაიღუპება.
ასე მოხდა 2003 წელს, როცა ევროპაში თბური ტალღების შემოტევამ 70 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. მეცნიერები შიშობენ, რომ კლიმატური ცვლილებების გამო, მოსალოდნელია თბური ტალღების არამარტო გახშირება, არამედ გარდაუვალი ხდება მათი სიძლიერის და ხანგრძლივობის ზრდაც.