აშშ უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, ზელენსკი ნატოს ლიდერებს ხვდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. უკრაინისადმი ამერიკის მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ ბელგიაში, ნატოს სათავო ოფისში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი. ზამთრის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიასთან გასამკლავებლად მეტ დახმარებას ითხოვს.

„ვამაყობ, რომ შეერთებული შტატები, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების უახლესი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელიც 200 მილიონი დოლარის ღირებულებისაა“, - თქვა ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ზელენსკისთან ერთად უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის გახსნაზე. საკონტაქტო ჯგუფი, რამშტაინის ფორმატის სახელითაა ცნობილი და იმ 50-მდე ქვეყანას აერთიანებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომში, კიევს მხარს უჭერენ.

ოსტინმა თქვა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის, სარაკეტო და საარტილერიო საბრძოლო მასალებს, ასევე ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს. ამერიკის თავდაცვის მდივანმა, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონი "უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება".

F-16-ები და დახმარების სხვა პაკეტები

დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პულსენმა, თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ამერიკული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავებს - F-16-ებს - უკრაინას მომავალი წლის გაზაფხულზე გადასცემს. აგვისტოში ზელენსკიმ თქვა, რომ დანიამ დაამტკიცა უკრაინაში 19 მოწინავე სამხედრო თვითმფრინავის გაგზავნა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას F-16-ებს 2025 წლიდან გაუგზავნის და ასევე უზრუნველყოფს თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებას.

ასევე ნახეთ: ზელენსკი ბუქარესტში უსაფრთხოების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

„ბელგია, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას, 2025 წლიდან შეძლებს“, - განაცხადა დე კროომ პრესკონფერენციაზე, თუმცა არ უთქვამს, რამდენ თვითმფრინავზეა საუბარი.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტი ზელენსკი ნატოს შტაბ-ბინაში პირველად იმყოფება. დღესვე ის პირისპირ შეხვდა ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

ზელენსკის ვიზიტი წინ უსწრებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე, ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრას. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანას საკუთარი მოქალაქეების, ენერგო-ინფრასტრუქტურის და სურსათის ექსპორტის დასაცავად, მეტი იარაღი სჭირდება.

„ახლა ვხედავთ, რომ პრეზიდენტი პუტინი, ზამთრის ისევ ომის იარაღად გამოყენებისთვის ემზადება, - ენერგეტიკულ სისტემაზე, გაზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის. ეს თავიდან უნდა ავიცილოთ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის საერთაშორისო ფონდი - ქვეყნების ჯგუფი, მათ შორის ბრიტანეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, დანია და შვედეთი - უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, 100 მილიონი ფუნტის (122,70 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. პაკეტი სხვა საშუალებებთან ერთად ასევე მოიცავს დანაღმული ველების გასაწმენდად საჭირო აღჭურვილობას.

ვითარება ფრონტის ხაზზე

ბრძოლის ველზე, რუსულმა ძალებმა გააძლიერა თავდასხმები ავდიივკაზე, დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ინდუსტრიულ ქალაქზე. რუსეთის სრულმასშტაბიან ომის დაწყების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა, 31 000-დან 2 000-მდე შემცირდა. ინფრომაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინელმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტანკებითა და ჯავშანტექნიკით მხარდაჭერილმა სამმა რუსულმა ბატალიონმა, დონეცკის ავდიივკის, ტონენკოს, კერამიკისა და პერვომაისკეს რაიონებში, შეტევითი მოქმედებები გააძლიერა.