6 ივნისს სატელევიზიო ტოქშოუში მამუკა ხაზარაძემ, ახალი ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა თქვა: „ჩვენ ქვეყანაში უმცირესობების უფლებები არის ძალიან კარგად დაცული. თუ რაღაც გადახრები ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ კანონი არ სრულდება და ვიღაცის უფლებები ირღვევა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობების უფლებები შელახოს.“
ხაზარაძე ტოქშოუს წამყვანის შეკითხვას პასუხობდა, რომელიც დაინტერესდა მისი პოზიციით ერთნაირსქესიანთა ქორწინების და გეი წყვილების მიერ ბავშვის აყვანის თაობაზე. ამ კონკრეტულ საკითხზე ხაზარაძემ თქვა, რომ ქორწინება ძალიან კარგად არის საქართველოს კონსტიტუციაში განსაზღვრული და მას გადახედვა არ სჭირდება: „ამას უნდა გავყვეთ.“
ხაზარაძემ დაამატა, რომ ის ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია და ბავშვი დედამ და მამამ უნდა გაზარდოს. ორი დღის შემდეგ, 8 ივნისს, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა და „ლელოს“ კოალიციის წევრმა დავით უსუფაშვილმა თავის ფეისბუკზე გვერდზე დაწერა, რომ „ლელო“ მხარს არ დაუჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას.
განცხადება, რომ სექსუალური უმცირესობები კარგად არიან დაცულები შეცდომაში შემყვანია.
ის, რომ საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს ყველას თანასწორუფლებიანობას და კრძალავს დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით, ასევე, სიძულვილის მოტივს დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად აღიარებს სიმართლეა.
თუმცა, 2017 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით ქორწინების განმარტება შეიცვალა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ქორწინებას ყოველთვის ჰეტეროსექსუალურ კავშირად განსაზღვრავდა, მაგრამ კონსტიტუციის ენა ნეიტრალური იყო და ქორწინებას განმარტავდა როგორც კავშირს, რომელიც „მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“ ემყარებოდა. შეტანილი შესწორება უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან მან დააკონკრეტა, რომ ქორწინება არის „ქალისა და მამაკაცის კავშირი.“
ლგბტ+ ადამიანები საქართველოში საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია.
„საქართველოში ჭარბობს ძალადობა სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით, დისკრიმინაციას კი საყოველთაო ხასიათი აქვს. ცემა ჩვეულებრივი მოვლენაა, შევიწროება და დაშინება უწყვეტი, ხოლო განათლების, დასაქმების და ჯანდაცვის სისტემებიდან გარიყვა ნორმადაა ქცეული,“ წერია გაერო-ს 2019 წლის ანგარიშში.
ამ ანგარიშში გაერო-ს დამოუკიდებელი ექსპერტი დისკრიმინაციას სისტემურს უწოდებს.
ანგარიშის თანახმად, ჰომოსექსუალობის ასპექტები ქართულ საზოგადოებასა და კულტურაში ცოდვად, სირცხვილად ან პათოლოგიად აღიქმება. ასეთ შეხედულებებს „ახალისებენ და აძლიერებენ ეკლესიის წარმომადგენლები, ეგუებიან და ზოგჯერ, ხელსაც კი უწყობენ პოლიტიკოსები, სამთავრობო და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები, იმეორებენ მასმედია და სოციალური ქსელები,“ ამბობს ექსპერტი.
დისკრიმინაცია ქორწინების დაუშვებლობით არ შემოიფარგლება. საქართველოში ლგბტ+ პირებისთვის სირთულეს წარმოადგენს ფუნდამენტური უფლებების მთელი სპექტრის რეალიზება, მათ შორის ისეთების, როგორებიცაა სიცოცხლის, გამოხატვის და შეკრების უფლებები.
ეს განსაკუთრებით მკაფიოდ 2013 წლის 17 მაისს გამოჩნდა, როდესაც ათასობით გეი უფლებების მოწინააღმდეგე, მართლმადიდებელი მღვდლების წინამძღოლობით, დაედევნა და თავს დაესხა თბილისის ცენტრალურ უბანში შეკრებილ გეი აქტივისტებს, რომლებიც ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მშვიდობიანად აღნიშვნას აპირებდნენ.
გააფთრებული ბრბოს შეძახილებს შორის გაისმოდა მოწოდებები „მოკალით!“ „გაგლიჯეთ!“ იმ დღეს თითქმის 30 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ, რომელმაც ბრბოს შეკავება ვერ შეძლო, გეი უფლებების დამცველები ავტობუსებში ჩასვა, რომ უსაფრთხო ადგილას გაეყვანა და მეტი ზიანი აეცილებინა თავიდან.
მას შემდეგ ლგბტ+ აქტივისტების ყველა მცდელობა, აღენიშნათ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, უშედეგოდ დამთავრდა. ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზით ბლოკავს ლგბტ+ ჯგუფების მიერ საჯარო ღონისძიებების ჩატარებას. 2016 წელს აქტივისტებს უთხრეს, რომ თბილისი ცენტრალური პროსპექტი უკვე მართლმადიდებელ ჯგუფებს ჰქონდათ დაჯავშნილი „ოჯახის სიწმინდის დღის“ აღსანიშნად.
მიზეზად იმასაც ეუბნებოდნენ, რომ გაუჭირდებოდათ ლგბტ+ აქტივისტების დაცვა მოწინააღმდეგეებისგან.
2019 წელს ლგბტ+ აქტივისტებმა საქართველოში პირველი პრაიდის კვირეულის ჩატარება დაგეგმეს 18-22 ივნისს. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება და მარში უნდა გამართულიყო. ხანგრძლივი წინასწარი მოლაპარაკებების მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაისის ბოლოს, ორგანიზატორებს უარი უთხრა ღია ცის ქვეშ ღონისძიებების ჩატარებაზე, რადგან მონაწილეთა უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა. 14 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თბილისი პრაიდს „ყოვლად მიუღებელი“ უწოდა.
იმავე დღეს გეი აქტივისტთა მცირე ჯგუფმა მთავრობის კანცელარიის შენობის წინ აქცია მოაწყო პოლიციის მხრიდან მათი დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნით. იქ კონსერვატიული ჯგუფებიც მივიდნენ და ჰომოფობიური გამონათქვამებით შეურაცხყოფდნენ აქტივისტებს. დაპირისპირება 6 საათი, პოლიციის მიერ აქტივისტების ევაკუირებამდე გაგრძელდა.
16 ივნისს ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მემარჯვენე ბიზნესმენის ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით მიტინგი მოაწყვეს, რომელზეც ვასაძემ განაცხადა, რომ სახალხო რაზმებს ქმნიდა თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ. პრაიდის კვირეული გადაიდო მუქარების გამო და ასევე, თბილისში ივნისში დაწყებული პოლიტიკური მღელვარების გამო, რომელიც პოლიციასა და რუსეთის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის შეჯახებებში გადაიზარდა.
მხოლოდ 8 ივლისს შეძლეს ლგბტ+ აქტივისტებმა მარშის მოწყობა, რომლის დროცა და ადგილიც მკაცრად იყო გასაიდუმლოებული უსაფრთოხების მოსაზრებებით. მარშის თავდაპირველად დაგეგმილი მასშტაბი ბევრად შემცირდა - მასში 40-მდე აქტივისტი მონაწილეობდა და ის მხოლოდ 30 წუთი გაგრძელდა, რადგან მოდიოდა ცნობები, რომ ექსტრემისტული ჯგუფები მათკენ მოემართებოდნენ.
წელს ლგბტ+ ორგანიზაციებმა ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე მხოლოდ განცხადებების გამოქვეყნებით აღნიშნეს კოვიდ-19-ის პანდემიის გამო.
გეი აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა ამ დღის აღსანიშნად ცისარტყელის დროშები გამოფინეს. თუმცა, პოლიციამ კაფე „გალერის“, ლგბტ+ თემისათვის მეგობრულ დაწესებულებას თბილისში, დროშა ჩამოახსნევინა, რათა, პოლიციის განმარტებით, „დაპირისპირებული მხარე არ მოვიდეს და ექსცესები თავიდან ავიცილოთ“.
ზოგჯერ დისკრიმინაცია ძალადობრივ ფორმას იღებს და ტრაგიკულადაც კი მთავრდება:
- 2020 წლის 11 ივნისს ახალგაზრდა კაცს და მის სამ მეგობარს თავს დაესხნენ და სცემეს, სავარაუდოდ, ჰომოფობიური მოტივით.
- 2018 წელს ტრანსგენდერ ქალს და „თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტს მირანდა ფაღავას შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ თბილისში. თავდამსხმელი ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ლექსიკას იყენებდა.
- 2018 წლის ნოემბერში 2 ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ და სცემეს თბილისის ცენტრალურ უბანში. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი თქმით თავდამსხმელები ეუბნებოდნენ, „საცოცხლებლები არ ხართო“ რადგან „თავი ქალები გგონიათო“.
- 2016 წელს 32 წლის ტრანსგენდერ ქალს ზიზი შეყილაძეს უცხო პირები თავს დაესხნენ და ყელის არეში დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თავზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა და რამდენიმე კვირა, გარდაცვალებამდე, კომაში იყო.
- 2014 წელს კიდევ ერთი, 25 წლის ტრანსგენდერი ქალი საბი ბერიანი მის ბინაში მოკლეს. ოფიცალური გამოძიების თანახმად, ჩხუბი ფულის ნიადაგზე დაიწყო. თუმცა, უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ ის გენდერული იდენტობის გამო მოკლეს.
ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა "ამერიკის ხმის" პროექტ "პოლიგრაფზე", აქ: