ინტერნეტ ვებ გვერდ „ვიკილიქსს“ ტუნისში მმართველი რეჟიმის დამხობასა და შეერთებული შტატების მთავრობის საიდუმლოების გამხელას აბრალებენ. ვებ გვერდის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი ამჟამად ლონდონში იმყოფება, სადაც იგი შვედეთში ექსტრადიციას ებრძვის. აღსანიშნავია, რომ შვედეთის მთავრობის ექსტრადიციის თხოვნა ასანჟის წინააღმდეგ წამოყენებულ სექსუალური ძალადობის ბრალდებებს უკავშირდება. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯენიფერ გლასი იუწყება, სამართლებრივი პრობლემები ასანჟს გასაიდუმლოებული მასალების გამოქვეყნებას ურთულებს.
ასანჟი იმდენად პოპულარული ფიგურა გახდა, რომ მისი ადვოკატი ამ ფენომენს „ჯულიან ასანჟის ფაქტორს“ უწოდებს. ამჟამად ვებ გვერდ „ვიკილიქსის“ დამაარსებელი შვედეთის მთავრობას ებრძვის რადგან სტოკჰოლმს მისი ექსტრადიცია და დაკითხვა სურს მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სექსუალური დანაშაულის ჩადენის ბრალდებებს ეფუძნება.
გლობალური მედია ასანჟის ყოველ სვლას და განცხადებას დიდი ყურადღებით აკვირდება.
ასანჟის მომხრეები აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ასანჟის გაჩუმების მცდელობას წარმოადგენს.
„ვფიქრობ, რომ ამ სასამართლო პროცესზე არა სექსუალური ძალადობის ბრალდებებს განიხილავენ არამედ თვით ინფორმაციის თავისუფლებას. ყოველივე ეს ხომ ცენზურასა და დაშინებას უკავშირდება,“ აღნიშნავს ასანჟის მომხრე ჯემიმა ხანი.
ასანჟის მომხრეები აღნიშნავენ, რომ იმის გამო, რომ „ვიკილიქსმა“ კორუფცია, სამხედრო დანაშაულები და წამების ფაქტები გაამხილა, ვებ გვერდი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მთავრობებს არამედ სხვა მხარეებსაც.
„’ვიკილიქსი’ ასრულებს ისეთი სახის სამუშაოს, რომელზეც პროფესიონალი ჟურნალისტები უარს ამბობენ,“ აღნიშნა ასანჟის მომხრემ მწერალმა თარიქ ალიმ.
ჟურნალისტი დევიდ ლი ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ მუშაობს. ლი ასანჟთან თანამშრომლობს. ლის თქმით ასანჟი „გარდიანს“ თვითონ დაუკავშირდა.
„’ვიკილიქსს’ პროფესიულ მედია ორგანიზაციებთან, მათ შორის ისეთ გაზეთებთან როგორებიც არიან ‘გარდიანი,’ ‘ნიუ იორკ თაიმსი’ და გერმანული ‘დერ შპიგელი’ თანამშრომლობა მოუხდა რადგან დიდძალი მასალის პასუხისმგებლად დამუშავება მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო,“ აღნიშნა „გარდიანის“ ჟურნალისტმა.
ნიშანდობლივია, რომ ასანჟმა ხსენებულ გაზეთებთან თანამშრომლობა შეწყვიტა. მან ამ გაზეთების ჟურნალისტები საკუთარი ამბავისა და ვებ გვერდ „ვიკილიქსის“ საქმიანობის მანიპულირებასა და დამახინჯებაში დაადანაშაულა. ახლა ასანჟი ხალხს ინტერნეტის მეოხებით პირდაპირ მიმართავს.
„მრგვალი მაგიდების მეოხებით ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიღებულ კითხვებს პასუხს გავცემთ. ამდენად ეს არ იქნება უბრალო პრეს კონფერენცია, ეს სახალხო კონფერენცია იქნება,“ განაცხადა ასანჟმა.
დევიდ ლი აღნიშნავს, რომ ასანჟს ხალხთან ურთიერთობა არ ეხერხება და რომ ასანჟის პრობლემები მისი ხასიათის ახირებულობას უკავშირდება.
„ვფიქრობ პრობლემებს იგი თვითონ იქმნის. მას ხალხთან კონფლიქტები ხშირად მოსდის. მასთან ურთიერთობა რთულია. მას ხომ კლასიკური კომპიუტერული ჰაკერის ფსიქიკა აქვს. ხოლო ამ კატეგორიის პირებს ხალხთან ურთიერთობა უჭირთ,“ აღნიშნავს ბრიტანელი ჟურნალისტი.
ასანჟმა სკანდალური რეპუტაცია მოიპოვა მას შემდეგ რაც იგი ვებ გვერდ „ვიკილიქსის“ მთავარი წარმომადგენელი გახდა. ასანჟის განცხადებით, ვებ გვერდს ათასობით მომხრე ჰყავს, მაგრამ ბევრი წყაროს ცნობით ორგანიზაციის მთავარ წევრს სწორედ ასანჟი წარმოადგენს. ასანჟის ადვოკატები ბრიტანულ სასამართლოში აცხადებენ, რომ იგი შვედეთში სამართლიან სასამართლო პროცესს ვერ მიაღწევს და რომ შვედი სამართალდამცველების მიერ ჩატარებულ გამოძიებაში ბევრი დარღვევა დაფიქსირდა.
რაც არ უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ, ასანჟის ადვოკატები აპელაციის შეტანას აპირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსტრადიციის პროცესი შეიძლება ერთ წლამდე გაგრძელდეს. ამასობაში კი ჯულიან ასანჟის ფაქტორი კვლავინდებურად საზოგადოების ყურადღების ცენტრში დარჩება.