ჯულიან ასანჟს ექსტრადიციის საკითხის გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში შეუძლია

"ვიკილიქსის" დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს ეძლევა შესაძლებლობა, რომ ბრიტანეთის სასამართლოს მიერ მის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციაზე მიღებული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. ამერიკაში მას 18 მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი.

ავსტრალიაში დაბადებულ ასანჟს, რომელიც ახლა ლონდონის ციხეში იმყოფება და ექსტრადიციას ელოდება, ამერიკაში სამხედრო დოკუმენტების, დიპლომატიური არხებისა და სხვა უამრავი კონფიდენციალური დოკუმენტისა თუ ისეთი მასალის გასაჯაროებისთვის ედება ბრალი, რომელიც ამერიკის მთავრობის განმარტებით, დიპლომატების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა.

დეკემბერში ლონდონში უზენაესმა სასამართლომ გააბათილა სასამართლოს მანამდე მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ასანჟის ამერიკაში ექსტრადიცია მისი მენტალური პრობლემების და სუიციდის რისკის გამო არ უნდა მომხდარიყო. სასამართლომ მაშინ მას აუკრძალა გადაწყვეტილების პირდაპირი წესით გასაჩივრება, თუმცა საქმის სამართლებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით დაუშვა, რომ ასანჟს შეუძლია გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სასამართლოს მიმართოს.

"ვიკილიქსი" საერთაშორისო ყურადღების ცენტრში 2010 წელს მოექცა, როდესაც ვებგვერდზე გასაიდუმლოებული სამთავრობო დოკუმენტების გამოქვეყნება დაიწყო. მოგვიანებით ჯულიან ასანჟის დაკავების და ექსტრადიციის ბრძანება შვედეთმაც გაიცა სექსუალური ხასიათის დანაშაულში ბრალდებით. მან ექსტრადიციის შესახებ სასამართლო პროცესი წააგო და 2012 წელს თავი ლონდონში ეკვადორის საელჩოს შეაფარა. ის 2019 წლის აპრილში საელჩოდან ბრიტანეთის პოლიციამ გამოიყვანა და დააკავა.