ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს ნაადრევად არ გააუქმონ ან შეამსუბუქონ ვირუსის გავრცელების შესაზღუდად მიღებული ზომები. მართალია ყველა ქვეყნისთვის საერთო მითითება მათი სიმკაცრის თუ მოქმედების შესახებ არ არსებობს, მაგრამ ორგანიზაცია ამ მიმართულებით საერთო მოწოდებას ავრცელებს. ამის შესახებ სამშაბათს პრესსპიკერმა ისაუბრა.
"ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ისაა, რომ შემაკავებელი ზომები ნაადრევად არ შევამსუბუქოთ, რათა კვლავ უკან არ გვქონდეს ვარდნა", - ამბობს ჯანმოს პრესსპიკერი კრისტიან ლინმეიერი ონლაინ ბრიფინგისას. "ეს ჰგავს მდგომარეობას, როდესაც ავად ხარ, დგები ლოგინიდან და ნაადრევად იწყებ სირბილს. ამით კი არსებობს რისკი, რომ ცუდად გახდები და გართულებებიც გექნება", - ამბობს ის.
ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთი ევროპული, და არა მხოლოდ, სახელმწიფოს წარმომადგენლები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ თანდათანობით გარკვეული ზომები უნდა შემსუბუქდეს და ქვეყნები ეტაპობრივად დაუბრუნდეს ვირუსამდელ ვითარებას.