ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩინეთის თანამშრომლობით კოვიდ-19-ის წარმოშობა-გავრცელების შესახებ ახალი ანგარიში მომზადდა. კვლევის თანახმად, ვირუსი ღამურებიდან ადამიანებს, დიდი ალბათობით, სხვა ცხოველის მეშვეობით გადაეცა, ლაბორატორიიდან მისი გაჟონვა-გავრცელება კი "უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოა".
"ასოშეითედ პრესის" მიერ მოპოვებული კვლევის იმ ვერსიის თანახმად, რომელიც თითქმის მზადაა გამოსაქვეყნებლად, ცოტა რამაა ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა თავად ვირუსი, ბევრი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია. მაგრამ ანგარიშში მეცნიერთა მიერ ამ დასკვნების საფუძვლებია განხილული.
მკვლევართა ჯგუფმა თითქმის ყველა მიმართულებით მეტი კვლევის საჭიროებას გაუსვა ხაზი, გარდა ლაბორატორიიდან გაჟონვის ჰიპოთეზისა - თეორია, რომელსაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ემხრობოდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ზღვის პროდუქტების იმ ბაზრის როლი, სადაც ვირუსის ადამიანზე გავრცელების შემთხვევები პირველად დაფიქსირდა, უცნობია.
ექიმი ენტონი ფაუჩი, ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი ამბობს, რომ ანგარიშის სანდოობის შესაფასებლად, თავდაპირველად იმ პირველადი ინფორმაციის გაცნობა და შეფასება სჭირდება, რომელსაც დასკვნები ეფუძნება.
ასევე ნახეთ: ამერიკელთა თითქმის ნახევარს სჯერა, რომ კოვიდ-19 ჩინეთის ბიოლოგიური იარაღია
"ასევე ვისურვებდი, მცოდნოდა, რამდენად ჰქონდათ წვდომა ადგილზე მყოფი ჯგუფის წევრებს პირდაპირ და უშუალოდ იმ მონაცემებზე, რომლებიც ამ დასკვნების გასაკეთებლად იყო საჭირო. მინდა, რომ ჯერ ანგარიში წავიკითხო და გავიგო, ზუსტად რაზე ჰქონდათ და არ ჰქონდათ მათ წვდომა", - ამბობს ენტონი ფაუჩი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩინეთის ერთობლივი ანგარიში სავარაუდოდ სამშაბათს გამოქვეყნდება. კვლევის შედეგებს მეცნიერები დიდი ინტერესით ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ ესა თუ ის ინფორმაცია ამ ვირუსის გავრცელების შესახებ მათ მომავალში პანდემიის თავიდან აცილებაში დაეხმარება. თუმცა ეს პროცესი არც ისე მარტივია, რადგან ჩინეთი ყველანაირ შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ პანდემიის გავრცელებაში რაიმე ბრალი მიუძღვის, კატეგორიულად გამორიცხავს.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ პსაკიმ თქვა, რომ ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები, 17 ექსპერტი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის თუ სხვადასხვა მიმართულებით, ამ ანგარიშს სწავლობს და შეაფასებს.
მეთიუ კავანა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ ამ კვლევამ ვირუსის წარმოშობის შესახებ ცოდნა გააღრმავა, მაგრამ მეტი ინფორმაციაა საჭირო.
"ნათელია, რომ ჩინეთის ხელისუფლებას არ მოუწოდებია ყველა მონაცემი, რაც საჭიროა, და სანამ ამას არ გააკეთებს, დასკვნების გაკეთება ძნელია", - განაცხადა მან.
გასულ წელს "ასოშეითედ პრესის" გამოძიების თანახმად, ჩინეთის ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებდა ყველა კვლევას კორონავირუსის წარმოშობის თაობაზე. ამ ანგარიშის გამოქვეყნების რამდენჯერმე გადადებამ კი ბევრს ეჭვი გაუჩინა იმის შესახებ, ხომ არ ცდილობდა ხელისუფლება მისი დასკვნების შეცვლას.