არაგადამდები დაავადებები ჯანდაცვის მთავარი პრობლემა ხდება

არაგადამდები დაავადებები ჯანდაცვის მთავარი პრობლემა ხდება

ჭარბი წონა, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო - ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ არაგადამდები ქრონიკული დაავადებების, რომელთა რაოდენობაც მსოფლიოს მოსახლეობაში ყოველწლიურად იზრდება. წარსულში მდიდართა სნეულებად წოდებული დაავადებები დღეს ღარიბ და საშუალო ფენის მოსახლეობას საფრთხეს ყველა ქვეყანაში თითქმის ერთნაირად უქმნის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც წელს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა, გამხსნელი სიტყვა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, მარგარეტ ჩანმა, წარმოთქვა. მან გლობალური ჯანდაცვის მდგომარეობა მიმოიხილა და იმ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დაუყონებლივ ქმედებას მოითხოვს.

ქალბატონმა ჩანმა 34-წევრიან დირექტორთა საბჭოს მოუწოდა მეტად იმუშაონ არაგადამდები დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე და მათ პრევენციაზე. მისი თქმით ამ სნეულებათა შემთხვევებს ტალღისებური შემოტევა ახასიათებთ. ახალი ტალღა ამჟამად განვითარებად ქვეყნებში შეინიშნება, სადაც მოსახლეობაში ქრონიკული, დამასუსტებელი და ხშირ შემთხვევაში -ფატალური- შედეგი მოაქვს.

გვაქვს ბევრად უფრო მაღალი სისხლის წნევის, ქოლესტერინის ზრდის და დიაბეტის გახშირებული შემთხვევები. სიმსუქნე და ჭარბწონიანობა თითქმის ყველა რეგიონში აღინიშნება, რაც მსოფლიო ჯანდაცვისთვის საგანგაშო სიგნალს წარმოადგენს. შემდეგი ტალღა, რომელიც პირველს მალე მოჰყვება, ბევრად უფრო შემაძრწუნებელი იქნება“ - განაცხადა ექიმმა ჩანმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მაგალითისთვის დიაბეტით დაავადებულთა სტატისტიკური მონაცემი მოჰყავს. მისი თქმით საშუალოდ 346 მილიონი დიაბეტით დაავადებული ადამიანიდან ნახევარმა არც კი იცის საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ. მათი დიდი უმრავლესობა ექიმს მანამდე არ მიმართავს, სანამ სნეულება გამწვავების ფაზაში არ გადავა და სიბრმავეს, ან კიდურის ამპუტაციას არ გამოიწვევს. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ქალბატონი ჩანი ორგანიზაციის და ცალკეული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების პრიორიტეტად დაავადებათა პრევენციას ასახელებს.

საუბარი იყო ასევე იმ წარმატებებზე, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვამ შიდსის, ტუბერკულოზის, მალარიის და სხვა გადამდებ დაავადებათა მკურნალობაში და მათ პრევენციაში მიაღწია. ქალბატონი ჩანის თქმით ამ დაავადებათა პიკმა გადაიარა და გასულ წელს მათმა რიცხვმა კლება დაიწყო.

ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად ჩამოვიდა 10 მილიონის ქვევით. ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის აფრიკაში განხორციელებულ ღონისძიებებს.

პოლიომიელიტის პრობლემაც დედამიწაზე თითქმის ამოწურულია. ამ საშიში სნეულების საბოლოო დამარცხების ერთ-ერთ მთავარ ნიშნად ჩაითვალა ის ფაქტი, რომ ინდოეთში, რომელიც 4 მთავარ ენდემურ ქვეყანას შორის სახელდებოდა, გასული წლის განმავლობაში პოლიომიელიტის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ქალბატონი ჩანის თქმით მოდუნების და თვითკმაყოფილების დრო და უფლება არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და არც კონკრეტული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს არ აქვთ. მათ უნდა გააგრძელონ ძველებური კურსი და კიდევ უფრო დიდი დრო დაუთმონ როგორც გადამდები, ასევე არაგადამდები დაავადებების პრევენციას:

„როგორც კი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ყურადღებას მოვადუნებთ, პოლიომიელიტი კიდევ უფრო მეტი სიმძლავრით დაგვიბრუნდება. და თუ ჩვენი მიღწევები წყალში ჩაიყარა, ეს ისტორიაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველაზე დიდი ჩავარდნა იქნება“ - აღნიშნა მან.

ქალბატონმა ჩანმა შეშფოთება გამოთქვა ეკონომიკური კრიზისის ფონზე შემოსავლის ზედა და ქვედა ზღვარს შორის გაზრდილ უფსკრულზე და განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის არსებულ უთანასწორობაზე. მან ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ყოველწლიური ანგარიში დაიმოწმა, რომლის მიხედვითაც განსხვავება ღარიბი და მდიდარი მოსახლეობის შემოსავლებს შორის ბოლო 25 წლის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

საქმე იმაშია, რომ იმის მიუხედავად, თუ რამდენს ხარჯავს ამა თუ იმ სახელმწიფოს მთავრობა მოსახლეობის ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ყოველთვის საუკეთესოა იმ ქვეყნებში, რომლის მოსახლეობის შემოსავლები შედარებით გათანაბრებულია.

დასკვნის ფორმულირება საკმაოდ მარტივად შეიძლება, დასძინა დასასრულს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა: რაც უფრო მეტად უწყობს ხელს ქვეყნის კანონმდებლობა თანასწორობას, მით ნაკლებია პრობლემები მოსახლეობის ჯანდაცვის სფეროშიც.