უნგრეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი - ვინ ულოცავს "ქართულ ოცნებას"?

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები ისმის სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან. "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა. გერმანიის, ბალტიისპირეთის და რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყნის პირველი დიპლომატები კი დარღვევების შესახებ არსებულ ცნობებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ერთ-ერთი პირველი, ვინც "ქართულ ოცნებას" მიულოცა, უნგრეთის პრემიერი იყო. ვიქტორ ორბანმა "ქართულ ოცნებას" გამარჯვება ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მიულოცა და განცხადება პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ უდიდესი უპირატესობით მოპოვებულ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოში ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!“ - დაწერა მან.

ასევე ნახეთ: საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს აფასებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თქვა, რომ "შედეგები მოემსახურება საქართველოს განვითარებას":

„ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების მიმართ. მჯერა, რომ არჩევნების შედეგები მოემსახურება საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებასა და აყვავებას. ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, რომელიც ჩვენი ერების ნებით იქნება ნაკარნახევი, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობენ მეგობრულ გარემოში, მეგობრულად და კეთილმეზობლურად და სამომავლოდ ჩვენი ქვეყნების პოზიციების განმტკიცებით სამხრეთ კავკასიასა და უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალში“, - აცხადებს ილჰამ ალიევი პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ალიევმა ასევე კობახიძე ბაქოში მიიწვია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პლატფორმა “X”-ზე კობახიძესა და “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ქართულად მიულოცა.

“ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მჯერა, რომ სომხეთი-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას – სომეხი და ქართველი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ,” – წერს ფაშინიანი.

ასევე ნახეთ: "გავიმარჯვეთ სახელოვნად"- "ქართული ოცნება" არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ამ მონაცემებით, ხმები ასე ნაწილდება

  • "ქართული ოცნება" - 53,93%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,03%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,814%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,771%.

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.