დემენციით დაავადებულთა რიცხვი სამმაგდება

გავრცელებული აზრის მიუხედავად დემენცია მხოლოდ განვითარებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი დაავადება არ არის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ალცჰაიმერის დაავადების საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით დემენცია საფრთხეს ყველა ქვეყნისთვის წარმოადგენს. დაავადებულთა დაახლოებით ნახევარი დაბალი, ან საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის მიხედვით, დედამიწაზე დემენციით დაავადებულთა რაოდენობა ამჟამად 36 მილიონს უტოლდება. 2050 წლისთვის მათი რიცხვი 70 პროცენტით გაიზრდება და 115 მილიონს გადააჭარბებს. ეს მონაცემი ნებისმიერი სტატისტიკური პარამეტრით ძალზე შემაშფოთებელია, აღნიშნავს ალცჰაიმერის დაავადების საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ვორტმანი:

„დემენციით დაავადებულთა რიცხვს დედამიწაზე ყოველ 4 წამში ახალი დაავადებული ემატება. სულ ახლახანს ეს ყოველ 7 წამში ხდებოდა. ასე რომ დაავადებულთა რაოდენობა, რომელიც 2050 წლისთვის არის ნაანგარიშევი, შესაძლოა ბევრად უფრო მეტი იყოს. ვფიქრობთ, რომ ამ დროისთვის მინიმუმ წამში თითო ახალი ავადმყოფი გვეყოლება. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ, რომ დემენციის ერთგვარი ეპიდემიური შემოტევა შევაჩეროთ“ - აღნიშნავს ის.

დაავადებულთა რიცხვის ზრდაზე ის ფაქტორიც მოქმედებს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა და ამჟამად ხანდაზმულთა რიცხვი მოსახლეობაში პროცენტულად მეტია. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, დემენციის შემთხვევების რაოდენობა ასაკის მატების პირდაპირპროპორციული არ არის. მოხუცებულთა უმეტეს ნაწილს მისი სიმპტომები არ აღენიშნება.

დემენცია თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ინტელექტის, აზროვნების, მეხსიერების შეზღუდვით და ადამიანის ნორმალური, ყოველდღიური ფუნქციონირების უნართა დაქვეითებით გამოიხატება. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორი, შეხარ საქსენა ამბობს, რომ დემენციის შემთხვევათა 70 პროცენტს ალცჰაიმერის დაავადებები შეადგენს.

„დემენციის სიმპტომები ზოგჯერ ამოუცნობი რჩება. მათ ხშირად ასაკთან დაკავშირებული ფუნქციონირების უნარის დაქვეითებად მიიჩნევენ. ამას გარდა დაავადების პროგრესირება საკმაოდ ნელა ხდება და დიაგნოზის დროულად დასმას ეს ფაქტორიც უშლის ხელს. ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ ქვეყნებშიც სწორი დიაგნოზის დასმა საშუალოდ დაავადებულთა ერთი მეხუთედიდან ნახევრამდე შემთხვევაში ხდება. ეს მონაცემი მცირეშემოსავლიან ქვეყნებში კიდევ უფრო დრამატულად გამოიყურება“ - აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ლონდონის კინგის კოლეჯში ეპიდემიოლოგიური ფსიქიატრიის პროფესორის მარტინ პრინსის თქმით, დემენციის შესახებ გავრცელებულია მცდარი აზრი, თითქოს ის ღარიბი ქვეყნების პრობლემას არ წარმოადგენს.

„აფრიკა რომ ავიღოთ, იქ უბრალოდ ინფორმაციის ნაკლებობაა. ახლახან დასავლეთ აფრიკაში ჩატარებლმა კვლევამ არასწორი შეხედულება შეგვიქმნა. იქ მოსახლეობაში ალცჰაიმერის შემთხვევების პროცენტული ნაკლებობა იმითაც არის განპირობებული, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალზე მოკლეა. მაგრამ თუკი ნიმუშად მხოლოდ ხნიერ მოსახლეობას ავიღებთ, ისეთივე შედეგს ვიღებთ, როგორც მაღალშემოსავლიან ქვეყნებში“ - აღნიშნავს პროფესორი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით დემენციით დაავადებულთა მოვლაზე და მკურნალობაზე წელიწადში საშუალოდ 600 მილიარდი დოლარი იხარჯება. ორგანიზაციის ხელმძღვანელების თქმით ეს თანხა სულ რამდენიმე წელიწადში ასტრონომიულ მასშტაბებს მიაღწევს. ჯანდაცვის სპეციალისტები მას ნელი მოქმედების ნაღმს უწოდებენ, რადგან მსოფლიოს მხოლოდ 8 ქვეყანას აქვს შემუშავებული დემენციასთან ბრძოლის სტრატეგია.

ანგარიში ყველა ქვეყანას ურჩევს დროულად შეიმუშაონ სპეციალური პროგრამები, რომლებიც ხალხში დაავადების შესახებ ცოდნას გაავრცელებს, ადრეული დიაგნოზის დასმას შეუწყობს ხელს და დაავადებულთა უკეთესი მკურნალობის და მოვლის პირობებს შექმნის. დემენციის განკურნება ჯერჯერობით არ ხდება, მაგრამ ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დაავადების შესახებ არსებული სტერეოტიპები დაინგრეს და ავადმყოფების და მათი ოჯახების სიცოცხლე და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს.