თეთრი სახლი აცხადებს, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას, მისი შეფასებით, „არაკონსტიტუციური“ იმპიჩმენტის პროცესში. თეთრი სახლის ადვოკატმა პეტ კიპოლონმა წარმომადგენლეთა პალატაში დემოკრატებს რვაგვერდიანი წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის მათ ბრალს დებს „ფუნდამენტური სამართლიანობის და კონსტიტუციურად განსაზღვრული სამართლებრივი პროცედურის“ დარღვევაში.
შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატა გამოძიებას აწარმოებს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანონი, როცა უკრაინის პრეზიდენტს მისი პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება სთხოვა.
თუ წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა ტრამპის იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას მიიღებს, გადაწყვეტილება შემდგომ სენატს გაეგზავნება განსახილველად, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ.
ამასთან, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაილაშქრა იმპიჩმენტის პროცესის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ეს დემოკრატების მხრიდან “თაღლითობის“ მცდელობაა.
თეთრი სახლი ითხოვს, რომ ნენსი პელოსიმ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების მოთხოვნა მთელი წარმომადგენელთა პალატის წინაშე ხმის მისაცემად გაიტანოს, თუ მათ სურთ, რომ თეთრმა სახლმა გამოძიებასთან ითანამშრომლოს. თუმცა არ არსებობს წესი, რაც ხელს შეუშლის წარმომადგენელთა პალატას შეისწავლოს პრეზიდენტის არაკანონიერი ქმედების ბრალდება, სანამ გადაწვეტს, მისცეს ხმა, თუ არა იმპიჩმენტს.