24 თებერვალს საქართველოს პრემიერ მინისტრი, აშშ-ში მყოფ დელეგაციასთან ერთად, თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეუერთდა.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში თეთრ სახლში მივიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე.
ამერიკული მხარიდან შეხვედრას პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან ერთად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ასისტენტი ვიქტორია ნულანდი და ადმინისტრაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.
თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიულოცეს საქართველოში პირველი, ისტორიული მოვლენის-ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის წარმატებით დასრულება და მოუწოდეს მას საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია მოახდინოს.
ამერიკულმა მხარემ, ამასთან, ხაზგასმით გაიმეორა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და მადლობა გადაუხადა პრემიერს საქართველოს მიერ ავღანეთში სანდო პარტნიორის ფუნქციის შესრულებისთვის.
პრეზიდენტმა ობამამ ასევე დააფიქსირა, რომ აშშ აღიარებს საქართველოს სერიოზულ კონტრიბუციას ნატოს მისიაში ავღანეთში და აფასებს იმ მსხვერპლს, რომელიც ქართველმა ჯარისკაცებმა და მათმა ოჯახებმა გაიღეს.
თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქართველ პრემიერთან შეხვედრისას განხილული იყო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის გაღრმავების პერსპექტივები. ამერიკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა დაარწმუნეს ქართველი ლიდერი, რომ საქართველოს აქვს ამერიკის სრული მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების გზაზე და რომ საქართველოს მთავრობას აშშ-ის ხელისუფლება დახმარებას აღმოუჩენს პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმების განხორციელების გზაზე.
თეთრ სახლში დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციის მაღალი რანგის წევრებმა მედიასთან სატელეფონო კონფერენციისას დაადასტურეს, რომ ამერიკული მხარე რეალურად არის დაინტერესებული ქართული სახელმწიფოს წარმატებში. ადმინისტრაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ქართულ და ამერიკულ უმაღლეს პირებს შორის პირდაპირი შეხვედრა კარგი საშუალება იყო საქართველოს ახალი მთავრობის ლიდერის გასაცნობად, ასევე იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველო ნამდვილად ღირებული პარტნიორია ავღანეთში და არის ნატოს არა-წევრ ქვეყნებს შორის უდიდესი კონტრიბუტორი. ამერიკის შეერთებული შტატები, ამასთან, ადმინისტრაციის წევრების განცხადებით, მზად არის გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე საქართველოს ვროატლანტიკურ სტრქტურებში წინსვლის მხარდაჭერა.
ამერიკის ხმის ქართული რედაქციის კითხვაზე, თუ სამომავლოდ რა შიდა და საგარეო სირთულეებს ხედავს ამერიკის მთავრობა საქართველოში დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაციის გზაზე, ადმინისტრაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ გამოწვევების ნაცვლად ისინი მდგომარეობას უფრო მეტად შესაძლებლობებად აღიქვამენ იმდენად, რამდენადაც ახალ მთავრობას აქვს უნარი შედეგები მოუტანოს ქვეყანას. თუმცა მათი აზრით, ყველაზე მთავარი იქნება კანონის უზენაესობის განმტკიცება და ეკონომიკური რეფორმების გატანა: დემოკრატიის გაღრმავება და ეკონომიკის მოდერნიზება პრემიერის ყურადღების მთავარ აქცენტებად უნდა იქცეს-განაცხადეს ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.