იან კელი და ლორა თორნტონი კობახიძეს პასუხობენ

Irakli kobakhidze

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საპასუხო განცხადებას, საქართველოში ამერიკის საელჩოს კრიტიკაზე, შეერთებულ შტატებში ეხმაურებიან.

ირაკლი კობახიძემ, ამერიკის საელჩოს მწვავე განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ მსგავსი შეფასებები „დასავლელი პარტნიორების მიმართ, ქართული საზოგადოების ნდობას არყევს“.

საქართველოში "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნთონი კობახიძეს პასუხობს და ამბობს, რომ დასავლეთის მიერ ხელისუფლების კრიტიკა, ხელისუფლებისადმი ნდობას შეარყევს და არა თავად დასავლეთის.

“ვფიქრობ რომ არა, ირაკლი. როდესაც საქართველოს დასავლელი მეგობრები, მმართველი პარტიის აშკარა არადემოკრატიულ ქცევაზე საუბრობენ, ეს ხელისუფლებისადმი ნდობას შეარყევს. როდესაც თქვენი ქცევის უცხოელებზე გადაბრალებას ცდილობთ, თქვენ ძირს უთხრით ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციისადმი საზოგადოების ნდობას“ - ასე ეხმაურება საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილი ხელმძღვანელი და გერმანიის მარშალის ფონდის, "დემოკრატიის დაცვის ალიანსის" ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ამერიკის საელჩო თბილისში, 3 იანვარს, მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მმართველმა პარტიამ, მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა.“ საელჩომ საკუთარ განცხადებაში გამოთქვა შეშფოთება, საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებების და უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნის თაობაზე.

ასევე ნახეთ: "უსამართლო და არასწორი" - კობახიძე ამერიკის საელჩოს პასუხობს

კობახიძეს ეხმაურება საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელიც. ის მიიჩნევს, რომ ამერიკის საელჩოს მიერ, 3 იანვარს გაკეთებული განცხადება, ხელისუფლების მიმართ ნათელი გზავნილია.

„გზავნილი ნათელია: აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი ინსტრუმენტების გაუქმებით ან მარგინალიზებით, საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრებმა, მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანა დაიწყეს“ - წერს იან კელი.

განცხადების საპასუხოდ, ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ ამერიკის საელჩოს განცხადებაში „ფაქტობრივი უზუსტობები“ და „ტექნიკური შეცდომებია".

ასევე ნახეთ: „მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას“ - ამერიკის საელჩო

"არის ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი, [პატნიორების] მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ,“ - აცხადებს კობახიძე.