ყველაფერი, რაც მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზში მომხდარ სროლაზე ვიცით

რუსული საინფორმაციო სააგენტოები საკონცერტო დარბაზში მომხდარი სროლის შედეგად, მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

აქ არის ყველაფერი, რაც რუსეთში მომხდარი სროლის შესახებ ვიცით:

  • დაუდგენელმა პირებმა, პარასკევს საღამოს, მოსკოვის მახლობლად, კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზში, როკ-ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის მსვლელობისას, ცეცხლი გახსნეს - ინფორმაცია რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა.
  • რუსეთის პროკურატურამ თავდასხმას "ტერორისტული აქტი" უწოდა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
  • საინფორმაციო სააგენტო „ბრიფის“ ცნობით, სროლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი დროით 18:30 საათის მონაცემებით, ხელისუფლებას დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნებული არ აქვს.
  • საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, თავდასხმაში ხუთი ადამიანი მონაწილეობდა.
  • თავდამსხმელებმა, სროლისას ავტომატური იარაღი გამოიყენეს - წინასწარი ინფორმაცია სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა.
  • თვითმხილველებმა რუსულ სააგენტოებს განუცხადეს, რომ ბევრი დაშავებული და დაღუპულია.
  • რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში ჩანს ცეცხლი და კვამლი, რომელიც შენობიდან ამოდის.
  • „ტასი“ იტყობინება, რომ ხალხი ჯერ კიდევ რჩება შენობაში, რომელიც თითქმის მთლიანად ცეცხლშია გახვეული. სააგენტოს ცნობით, ნაწილი სახურავზეა გამომწყვდეული.
  • ადგილზე მობილიზებულია რუსეთის ეროვნული გვარდიის სპეციალური ქვედანაყოფები, ასევე პოლიცია და მეხანძრეები, წერს „ტასი“.
  • გუბერნატორის თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 70-ზე მეტი მანქანაა მობილიზებული.
  • მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.
ასევე ნახეთ: სროლა კრასნოგორსკის საკონცერტო დარბაზში - ვრცელდება ცნობები დაღუპულებზე