ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში და მის მეზობელ ვირჯინიისა და მერილენდის შტატებში სახლში დარჩენის ბრძანება გაიცა. ბრძანება გუშინ გამოიცა, რის შემდეგაც მოსახლეობამ მობილურ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებაც მიიღო ამის შესახებ.
აკრძალვა ვირჯინიისა და მერილენდის შტატებში ბრძანების გამოცემისთანავე შევიდა ძალაში, ხოლო ქალაქ ვაშინგტონში ის 1 აპრილს ამოქმედდება.
დედაქალაქსა და ორივე შტატში, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, ისედაც დაწესებული იყო გარკვეული შეზღუდვები. თუმცა, ახლა ამ ბრძანებების გამოცემის შემდეგ ადგილობრივ მთავრობებს უფლება ექნებათ მოქალაქეები დააჯარიმონ ან დააპატიმრონ, თუ ისინი გაცემულ რეკომენდაციებს არ შეასრულებენ.
ბრძანების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერი პირი დაჯარდება ადმინისტრაციული ჯარიმით, ან 1,000-დან 5,000 დოლარამდე თანხით. რიგ შემთხვევებში სასჯელი მოიცავს 90-დღემდე პატიმრობას, ან ბიზნესის ქონის შემთხვევაში მასზე ლიცენზიის დაკარგვას.
მაინც რა იკრძალება ვაშინგტონში, ვირჯინიასა და მერილენდში?
ქალაქი ვაშინგტონი
ვაშინგტონში სახლში დარჩენის ბრძანება 1-დან 24 აპრილამდე იმოქმედებს.
ხვალიდან ვაშინგტონში იკრძალება:
- ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი თავშეყრა ნებისმიერი ადგილას. იქნება ეს სახლი, აუზი, საცხოვრებელი კორპუსის მისაღები თუ სხვა ადგილები;
- ვაშინგტონის იმ ნაწილში გასვლა, სადაც ყოველ წელს საკურას ყვავილობის ფესტივალი ტარდება. როგორც წესი, გაზაფხულზე ვაშინგტონში უამრავი ტურისტი, სწორედ, ამ სანახაობისთვის ჩამოდის.
- სავარჯიშო დარბაზებში სიარული, მათ შორის იმ სავარჯიშო დარბაზებში, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის შენობაშია. ასევე, სიარული სპა და მასაჟ პროცედურებზე;
ვაშინგტონში დაშვებული იქნება:
- გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა;
- სახლიდან გასვლა. თუმცა ეს მხოლოდ მაშინაა დასაშვები, როდესაც პროდუქტისა და წამლის ყიდვა ან სხვა მსგავსი გადაუდებელი საჭიროება იქნება;
- სახლის დატოვება შეიძლება მაშინაც, თუ ადამიანი ეკლესიაში, ან სკოლაში მიდის საკვების წამოსაღებად. ამერიკაში სკოლის მოსწავლეებსა და მრევლის შეჭირვებულ ნაწილს, სწორედ ეს დაწესებულებები ურიგებენ ყოველდღიურად საკვებს;
- სახლის დატოვება ოჯახის იმ წევრებისა და მეგობრების მოსანახულებლად, ვისაც მოვლა და საყოფაცხოვრებო საქმეებში გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ;
- სტომატოლოგთან, ფსიქოლოგთან, ან ფიქიატრთან ვიზიტი, აუცილებლობის შემთხვევაში;
- სკუტერებისა და ველოსიპედების ქირაობა. თუმცა, რეკომენდებულია, რომ მათ გამოყენებადმე და შემდეგ ტრანსპორტის ეს საშუალებები სპირტის შემცველი ხსნარით გაიწმინდოს;
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ვაშინგტონში გაცემულია რეკომენდაცია, რომ მოსახლეობამ სახლიდან იმუშაოს და ოფისებში მხოლოდ იმათ იარონ, ვისი იქ ყოფნაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, სახლის დატოვებისა და ნებისმიერ ადგილას ყოფნის დროს, აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა და გარშემომყოფებისგან 2 მეტრის დაშორებით ყოფნა.
ბოლო მონაცემებით, ქალაქ ვაშინგტონში, კორონავირუსით დაინფიცირების 496 და გარდაცვალების 9 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მერილენდის შტატი
არანაკლებ მკაცრი ბრძანება გამოსცა მერილენდის გუბერნატორმა. მისი გადაწყვეტილებით შტატში სახლში დარჩების ბრძანება გუშინვე ამოქმედდა და ის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გაგრძელდება.
მერილენდში აიკრძალა:
- ნებისმიერი ტიპის სოციალური შეკრება, ნებისმიერ ადგილას;
- შეკრებები ნებისმიერი კონფესიის ეკლესიაში, ან მსგავსი შეკრება, სადაც 10 ან მეტი ადამიანი იქნება ერთ შენობაში;
- რუტინული და გეგმიური ვიზიტები ექიმთან;
- სავარჯიშო დარბაზებში სიარული, კემპინგი და ნავით მდინარეზე გასვლა;
- არასავალდებულო მგზავრობა შტატის გარეთ. იმ შემთხვევაში თუ პირი შტატის საზღვრებს დატოვებს, დაბრუნების შემთხვევაში სავალდებულო 14-დღიან კარანტინში უნდა მოთავსდეს.
მერილენდში დაშვებულია:
- სახლიდან გასვლა პროდუქტის, წამლების, გადაუდებელი საჭიროების ნივთების საყიდლად. ასევე იმ პუნქტების ვიზიტი, საიდანაც მოსახლეობას საკვების უფასოდ წამოღება შეუძლია;
- ვარჯიში, სეირნობა და ცხოველების გარეთ გაყვანა, მხოლოდ სოციალური დისტანციის დაცვით;
- სახლის დატოვება ოჯახის წევრის, ან მეგობრის მოსავლელად;
- სამედიცინო და გადაუდებელი დახმარების მისაღებად გარეთ გასვლა;
- სახლის დატოვება იმ შემთხვევაში, თუ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობთ. მაგალითად, ოჯახში ძალადობის და სხვა მსგავს შემთხვევებში;
- სამთავრობო დაწესებულებების, სკოლებისა და აუცილებელ ბიზნესებად გამოცხადებული ოფისების ვიზიტი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში;
- შტატის შიგნით მოგზაურობა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში;
- გარკვეული შეზღუდვებით თევზაობა და ნადირობა;
ბოლო მონაცემებით, მერილენდის შტატში კორონავირუსით დაინფიცირების 1660 და გარდაცვალების 21 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ვირჯინიის შტატი
შედარებით მსუბუქი აკრძალვებია დაწესებული ვაშინგტონის კიდევ ერთ მეზობელ შტატ ვირჯინიაში. სახლში დარჩენის ბრძანება გუშინ, 30 მარტს შევიდა ძალაში და ის 10 ივნისამდე იმოქმედებს.
ვირჯინიაში იკრძალება:
- 10 ან 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება ნებისმიერ ადგილას;
- ისეთი რელიგიური მსახურებების ჩატარება, რომელსაც 10-ზე მეტი ადამიანი დაესწრება;
- უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ლექციების ჩატარება. ახლა მხოლოდ ონლაინ სწავლებაა დაშვებული;
- გეგმიური სამედიცინო ვიზიტი ექიმთან;
- სპორტდარბაზში სიარული და კემპინგი;
ვირჯინიაში დაშვებულია:
- სახლიდან გამოსვლა პროდუქტების, წამლის, საჭირო ნივთების საყიდლად. ასევე, უფასო საკვების პუნქტებში და რესტორნებში მისვლა საკვების წამოსაღებად;
- გადაუდებელი და აუცილებელი სამედიცინო დამხარების მიღება;
- სამთავრობო, სამედიცინო, სასწავლო დაწესებულებებში მისვლა გადაუდებელი აუცილებლობის დროს;
- შეუზღუდავი გადადგილება მანქანით შტატის საზღვრებს შიგნით;
- გარეთ ვარჯიში, სეირნობა და ცხოველების გასერინება სოციალური დისტანციის წესებით დაცვით;
- მოხალისეობა და მეგობრებისა და ოჯახის წევრების მოვლის მიზნით სახლის დატოვება;
- სახლის დატოვება მაშინ, თუ თქვენს სიცოცხლეს, უსაფრთხოებას, ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
- მცირე რელიგიური მსახურებები, თუ მას 10-ზე ნაკლები ადამიანი ესწრება. თუმცა, რეკომენდებულია, რომ მსახურებები ონლაინ რეჟიმში გადავიდეს;
- თევზაობა და ასევე, კოსმეტოლოგის სახლში გამოძახება.
ბოლო მონაცემებით, ვირჯინიის შტატში კორონავირუსით დაინფიცირების 1250 და გარდაცვალების 27 შემთხვევაა დაფიქსირებული.
სახლში დარჩენის ბრძანება, ამერიკაში პირველად კალიფორნიის შტატმა გასცა. მალევე, იგივე ბრძანებები გამოსცეს ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის შტატებმაც. სწორედ ამ სამ შტატშია ახლა ყველაზე მძიმე მდგომარეობა. განსაკუთრებით მწვავეა ნიუ-იორკის სიტუაცია, სადაც ქვეყნის ინფიცირებულთა, თითქმის ნახევარია თავმოყრილი.
ქალაქ ვაშინგტონის, ვირჯინიისა და მერილენდის შტატებისგან განსხვავებით, პირველ სამ შტატში სახლში დარჩენის ბრძანება ბევრად უფრო მკაცრ მოთხოვნებს მოიცავს.