4 ივლისის ისტორია და ტრადიციები შეერთებულ შტატებში

4 ივლისი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეა. ის აღნიშნავს დღეს, როცა 1776 წელს, შეერთებული შტატების 13 კოლონიის დელეგატებმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღეს და ბრიტანეთთან კავშირის გაწყვეტა გამოაცხადეს.

1941 წლიდან, ეს დღე ფედერალური დღესასწაულია და ამერიკელები მას ტრადიციულად ფოიერვერკებით, აღლუმებით, კონცერტებით და პიკნიკებით აღნიშნავენ.

ფოიერვერკები

4 ივლისი ქვეყანაში ცნობილია, როგორც ფოიერვერკების დღე. მთელი ქვეყანის მასშტაბით, ფოიერვერკების ყოველწლიური გამოფენები ეწყობა. ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში კი ყველაზე თვალისმოჭრელი სანახაობა იმართება.

4 ივლისს ფოიერვერკების მოწყობა ახალი არ არის. ფილადელფიაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ზეიმის ნაწილად პიროტექნიკის გამოყენების ნებართვა კონგრესმა 1777 წელს გასცა და მას შემდეგ, ის ამ დღესასწაულის პოპულარული შემადგენელი ნაწილია.

ყველა შტატს ფოიერვერკების გაყიდვის მარეგულირებელი საკუთარი კანონები აქვს. ბევრ შტატში მოსახლეობას შეუძლია გარკვეული სახის პიროტექნიკა შეიძინოს და საკუთარი სახლიდან გაუშვას.

უსაფრთხოება

იმ დროს, როდესაც მილიონობით ამერიკელი ზეიმობს, ადგილობრივი სამართალდამცავები და ფედერალური ხელისუფლება დღესასწაულის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მუშაობს.

ნიუ იორკში, სადაც ყველაზე მასშტაბური ფოიერვერკი მოეწყობა, პოლიციის დიდი ძალა იქნება მობილიზებული. გასულ წელს, დღესასწაულის აღსანიშნად, ქალაქში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი შეიკრიბა. პოლიციის მობილიზება ვაშინგტონშიც არის მოსალოდნელი, სადაც ფოიერვერკის სანახავად და კაპიტოლიუმთან კონცერტის მოსასმენად, ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბება.

ამ კვირაში, ოჰაიოში პოლიციამ დაპატიმრა მამაკაცი რომელიც, როგორც ისინი ამბობენ, კლივლენდში, 4 ივლისის ზეიმზე, ბომბის აფეთქებას გეგმავდა. ოფიციალური პრები ამბობენ, რომ ამერიკაში დაბადებულმა დემეტრიუს პიტსმა ალ-ყაიდას მიმართ ერთგულება გამოთქვა და კლივლენდის და ფილადელფიის სხვა ადგილებიც სურდა სამიზნედ ექცია.

ისტორია

1776 წლის 2 ივლისს, კონტინენტური კონგრესის კენჭისყრა დამოუკიდებლობის სასარგებლოდ დასრულდა. ორი დღის შემდეგ, შეერთებული შტატების 13 კოლონიის დელეგატებმა, თომას ჯეფერსონის მიერ შედგენილი დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღეს.

კონსტიტუციის ზოგიერთი მკვლევარი ირწმუნება, რომ ამერიკელებმა სინამდვილეში 2 ივლისი უნდა იზეიმონ და არა 4 ივლისი, რადგან ისტორიული კენჭისყრა 2 ივლისს მოხდა.

ბრიტანელების წინააღმდეგ შეერთებული შტატების ამბოხება ერთი წლით ადრე 1775 წელს დაიწყო და 1783 წლამდე გაგრძელდა. ბრძოლა შეერთებული შტატების და ბრიტანეთის მიერ პარიზის შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. ამ შეთანხმებით ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის ოფიციალურად აღიარება მოხდა.