გასულ კვირაში, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები რუსეთის „გარდაუვალი“ თავდასხმის შესახებ გაფრთხილებებს გამოთქვამდნენ. ამ კვირის დასაწყისში ეს „აშკარა შესაძლებლობად“ გადაიქცა, თუმცა ყალიბდება საერთო მოსაზრება, რომ კრემლს განზრახული აქვს ნატო და კიევი დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფოს და გამუდმებული შეიარაღებული შანტაჟის სტრატეგიისთვის ემზადება.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა დღეს განაცხადა, რომ კრემლის განცხადებების მიუხედავად, რუსული ჯარების გაყვანის მტკიცებულებები არ ჩანს და კრემლი კვირების, შესაძლოა თვეების განმავლობაში, უკრაინისთვის ძირის გამოთხრას და დასავლეთის ერთიანობის გამოცდას გააგრძელებს.
ასევე ნახეთ: ზახაროვა: ნატოს გენერალურ მდივანს სერიოზულად არ აღვიქვამთეს მოსაზრება ეხმიანება უკრაინის ხელისუფლების არგუმენტებს, რომ კრემლს ჰიბრიდული ომის ბევრი ვარიანტი გააჩნია და დაშინების და გამოწვევის სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით, კრიზისს გააგრძელებს. უკრაინელებმა არაერთხელ თქვეს, რომ პუტინის სტრატეგია უფრო დასავლეთის გადაღლაზეა გათვლილი, ვიდრე უკრაინაში შეჭრით რისკზე წასვლაზე, რამაც შეიძლება რუსეთი წინააღმდეგობის ჩასახშობ, ხანგრძლივ და სისხლიან ომში ჩაფლას.
კრემლი უკრაინაში შეჭრის გეგმას გამუდმებით უარყოფდა. თუმცა, ნატოელ მოკავშირეებს რისკის გაწევა არ სურთ და აღმოსავლეთ ევროპაში მეტი ტანკების და თვითმფრინავების გადასასროლად ემზადებიან, რათა ალიანსის ცენტრალური ევროპის და ბალტიისპირელი წევრების ნდობა გააძლიერონ.
უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ასევე მზად არიან ქვეყნის კიბერ-თავდაცვა გააძლიერონ. ელექტრონული ომის ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტები უკრაინელებს საკვანძო სისტემებში მოწყვლადი ადგილების და მავნე პროგრამების აღმოჩენაში დაეხმარებიან.
რუსეთის მოთხოვნების ფონზე, როდესაც კრემლს სურს, რომ უკრაინა ნატოს წევრი ვერასდროს გახდეს და ამასთან ერთად, ნატოს წევრ, ცენტრალური ევროპის ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში ნატოს სამხედრო ყოფნა დასრულდეს, ჩნდება იმის ნიშნები, რომ კრემლისთვის შეთავაზებების საკითხში, დასავლელ მოკავშირეებს შორის განხეთქილება დაიწყება.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა „ამერიკის ხმას“ უთხრეს, რომ საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები უკრაინაზე ზეწოლას ახორციელებენ, რათა მან ნატოში შესვლის ამბიციაზე უარი თქვას.
ორშაბათს, კიევში გამართული ერთობლივი პრეს-კონფერენციის უხერხულ მომენტში, კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ნატოში უკრაინის წევრობა „პრაქტიკულად დღის წესრიგში არ დგას“, მაგრამ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ უკრაინას ნატოში შესვლის სურვილი მაინც ექნება, თუმცა აღიარა, რომ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ „ოცნებაა“.
ალიანსის სხვა წევრები, განსაკუთრებით უკრაინის ახლო მეზობლები, უკრაინისთვის ნატოს კარის ოფიციალურად ჩაკეტვას ეწინააღმდეგებიან.
ყოფილი შვედი დიპლომატი ფრედრიკ ლოდქვისტი შიშობს, რომ კრემლი კრიზისს გაახანგრძლივებს. მას მიაჩნია, რომ „დასავლეთმა რეაგირება რუსეთის მიერ დადგენილ სათამაშო მოედანზე გააკეთა“. ის შიშობს, რომ პუტინმა ბევრს მიაღწია იმით, რომ დასავლეთის მთავრობები ევროპის უსაფრთხოების საკითხზე დისკუსიაში შეიყვანა.
მაგრამ, სხვები ირწმუნებიან, რომ დასავლეთის ქვეყნები, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ლიდერობით, პუტინს წარმატებით შეეწინაღმდეგნენ და აყალიბებენ შემაკავშირებელ პოლიტიკას, რათა რუსეთი შეაკავონ და იმავდროულად ზოგადი ერთობა შეინარჩუნონ. ნიუ-იორკში ბაზირებული, რისკების შეფასების ფირმის „ევრაზიის ჯგუფის“ წარმომადგენელი იან ბრემერი ამბობს, რომ ამ დრომდე, უკრაინასთან მიმართებაში ბაიდენის პოლიტიკა ზუსტად გათვლილი იყო