ამერიკის თავდაუჯერებელი იმპერია

“ომი გარდაუვალი გახდა, რადგან ათენის ძალა იზრდებოდა და სპარტაში ამან შიში წარმოშვა”, -ამ სიტყვებით ხსნის თუკიდიდე, ძველი საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოებს, სპარტასა და ათენს შორის დაპირისპირების გამწვავებას.

თუკიდიდემ „პელოპონესის ომი“, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5 საუკუნით ადრე დაწერა და დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. დებატები, თუ როგორ მოქმედებენ წამყვანი ძალები სტრატეგიული გამოწვევების წინაშე და რა განაპირობებს მათ ქცევას საერთაშორისო არენაზე, გრძელდება. რუსეთის, ჩინეთის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების აღზევება ძველი საფრთხეების აჩრდილს აცოცხლებს.

ფრანგი ფილოსოფოსი ბერნარდ ანრი ლევი და ამერიკელი პოლიტოლოგი გრამ ალისონი ამ საკითხის გარშემო „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართულ შეხვედრაზე დაობდნენ.

ანრი ლევი საერთაშორისო არენაზე ამერიკის უფრო მეტ ჩართულობას, მის მიერ „კარგი პოლიციელის“ როლის აღებას მიიჩნევს „მტრული“ ქვეყნების შეკავების საშუალებად. ის ამბობს, რომ ამერიკის მიერ საერთაშორისო წესრიგის განსაზღვრამ,მსოფლიოს, მის ისტორიაში არნახული,70-წლიანი მშვიდობა მისცა.

ალისონი კი ფიქრობს, რომ დომინანტი ძალის შიში „ამომავალი“ ძალის წინაშე სახელმწიფოებს შორის ომების მთავარი განმაპირობებელია და ისტორიულად, სწორედ ეს წარმოშობდა სახელმწიფოთა შორის კონფლიქტს. მას მიაჩნია, რომ შემდეგი გამოწვევა არა რუსეთი, არამედ ჩინეთი იქნება, რომელიც შეეცდება შეერთებული შტატების ადგილი დაიკავოს. ის თვლის, რომ ქვეყნებმა ამ „თუკიდიდეს ხაფანგს“ თავი უნდა დააღწიონ და საერთაშორისო არენაზე ძალაუფლებისთვის აქტიურ შეჯიბრში არ უნდა ჩაერთონ.

„ეს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაა ათასწლეულების განმავლობაში“, - ამბობს გრამ ალისონი, ჰარვარდის კენედის სკოლის პროფესორი.

არის, თუ არა შეერთებული შტატების საციცოცხლო ინტერესში, იქნება თუ არა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ინტეგრირებული საქართველოში? არა! აქვს ამერიკას საციცოცხლო ინტერესი იმაში, გააკონტროლებს თუ არა ყირიმს უკრაინა? არა!
გრემ ალისონი

ლევი ფიქრობს, რომ ალისონი ცდება. მას მაგალითად მეოცე საუკუნის 30-იანი წლები მოჰყავს და ამბობს, რომ მაშინ, დასავლეთის ქვეყენების ადოლფ ჰიტლერის გერმანიისადმი „დაშოშმინების პოლიტიკამ“ მიზანს ვერ მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა ჰიტლერის ტერიტორიული ამბიციები დააკმაყოფილა და ავსტრიის ანშლუსის შემდეგ, მიუნხენის კონფერენციაზე, მას ჩეხოსლოვაკია დაუთმო, ამას გერმანია არ შეუჩერებია. ჰიტლერი, იმ გათვლით რომ დასავლეთის ქვეყნები მას წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ, პოლონეთში შეიჭრა და მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

„მე პრო-ამერიკელი ვარ, რა თქმა უნდა. უბრალო მიზეზით, ეგზისტენციალური მიზეზის გამო: ამერიკის გარეშე მე არ დავიბადებოდი, არ ვიარსებებდი. ჩემი ოჯახი, როგორც ყველა ებრაელი ევროპაში განადგურებული იქნებოდა ჩემს დაბადებამდე. მე პრო-ამერიკელი ვარ, რადგან მიუხედავად საშინელი შეცდომებისა, და დემოკრატიებიც უშვებენ შეცდომებს, მე უნდა ვაღიარო, რომ ამერიკა ისტორიის სწორ მხარეს დგას ბოლო 70 წლის განმავლობაში“, - თქვა ბერნარდ ჰენრი ლევიმ.

ლევი გვაფრთხილებს, რომ საერთაშორისო არენაზე ამერიკის მტკიცე პოზიციის გარეშე გაჩენილ ვაკუუმს ისეთი ქვეყნები ჩაანაცვლებენ, როგორიცაა რუსეთი.

„ის, რომ ნაციზმი დამარცხებულია, ეს ამერიკის მიღწევაა. ის, რომ კომუნიზმი, რომელიც იყო და არის ფაშიზმის ფორმა, დამარცხებულ იქნა - ეს ამერიკის გამოა და არა ევროპის გამო. ევროპა მიეჩვია იდეას, რომ ის ორადაა გაყოფილი“, - ამბობს ის. „მე მირჩევნია თავდაუჯერებელი ამერიკული იმპერიალიზმი, დემოკრატიული ღირებულებებით სავსე, ვიდრე ვლადიმირ პუტინის სურვილი იმპერიის და ძალაუფლების, რომელიც გამოხატულია მის ევრაზიის პროექტში“, - განმარტავს ლევი.

ბერნარდ ანრი ლევი

„მე მირჩევნია თავდაუჯერებელი ამერიკული იმპერიალიზმი, დემოკრატიული ღირებულებებით სავსე, ვიდრე ვლადიმირ პუტინის სურვილი იმპერიის და ძალაუფლების, რომელიც გამოხატულია მის ევრაზიის პროექტში“
ბერნარდ ანრი ლევი

პელოპონესის ომში, ათენელები მელოსის კუნძულის მცხოვრებლებს მიმართავენ, რომ თუ არ დანებდებიან, მათ გაანადგურებენ. „ ძლიერი აკეთებს იმას, რაც მას შეუძლია, ხოლო სუსტი იტანჯება მისი ხვედრით”, - ეუბნებიან ათენელები მელოსელებს „მელოსის დიალოგი“ - საერთაშორისო პოლიტიკაში ძლიერის და სუსტის, ალიანსების, დაპირისპირების და საგარეო პოლიტიკის ცნებების და რეალიზმის საწყისია. პროფესორი გრამ ალისონი სწორედ ამ პრინციპებს ეყრდნობა, ის ეგრეთწოდებული „ჯეფერსონული“ საგარეო პოლიტიკის მიმდევარია და ფიქრობს, რომ ამერიკამ საკუთარი დემოკრატიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს და „ჩაურთველობის პოლიტიკა“ აწარმოოს.

„რუსეთი სასტიკი ქვეყანაა, პუტინი დემონია, რაც მათ ჩეჩნეთში გააკეთეს საშინელებაა, რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი? რა, და ბირთვული ომი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის“, - ამბობს ალისონი. მას მიაჩნია, რომ ამერიკის ინტერესში არ არის იმ ქვეყნების დაცვა, რომლებიც დასავლეთში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან, რადგან მისი აზრით, ეს მას დაპირისპირებამდე მიიყვანს.

„არის, თუ არა ევროპა მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ამერიკის ინტერესში? დიახ არის, მაგრამ არაა საციცოცხლო ინტერესი. არის, თუ არა შეერთებული შტატების საციცოცხლო ინტერესში, იქნება თუ არა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ინტეგრირებული საქართველოში? არა! აქვს ამერიკას საციცოცხლო ინტერესი იმაში, გააკონტროლებს თუ არა ყირიმს უკრაინა? არა!“, - თქვა მან.

მე მაშინებს არა მტრის სტრატეგია, არამედ ჩვენი საკუთარი შეცდომები“.
თუკიდიდე "პელოპონისის ომის ისტორია"

ანრი ლევისთვის კი რუსული აგრესია, გროზნოს განადგურება, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, უკრაინაში შეჭრა და სხვა მცდელობების შეინარჩუნოს გავლენა იმ რეგიონზე, რასაც ის „უკანა ეზოს“ უწოდებს, აჩვენებს მოსკოვის მისწრაფებას სამყარო საკუთარი იდეების მიხედვით შეცვალოს. ლევი დასძენს, რომ რუსეთ საკუთარ თავს განიხილავს, როგორც დასავლეთის ანტიპოდს, მეტოქეს და სწორედ ამიტომ საჭიროებს მტკიცე პასუხს ამ წინამორბედისგან.

„რუსეთის მსოფლიოს ხედვა ჩვენსას ეწინააღმდეგება. თვითონ ისინი ამას ასე აღიქვამენ... ჩვენ ვართ ვალდებული, თუ გვაქვს რაიმე ღირსება, თუ გვაღელვებს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომ გავამაგროთ საომარი ხაზი და გავამაგროთ მტკიცედ“, - ამბობს ლევი.

ის არ იზიარებს ოპონენტის პოზიციას, რომ შეერთებული შტატების აქტიური ჩართულობა, დასავლეთს უფრო დიდი ფასი დაუჯდება.

„30-იან წლებში ჩვენ გვყავდა პროფესორები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიხილეთ ანშლუსი, ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა, ებრაელები, რომლებიც მატარებლით გადაყავდათ, მაგრამ შესაძლოა უარესი ვიხილოთ. ვიხილოთ ჰიტლერიზმი, რომელიც მის ბნელ ფრთებს მთელს მსოფლიოს გადააფარებს. საბოლოოდ, ჩვენ ორივე მივიღეთ, მივიღეთ მეორე მსოფლიო ომი“, - აცხადებს ის.

ფრანგი ფილოსოფოსი სირიის კონფლიქტს განიხილავს, როგორც იმის მაგალითს, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებამ არ ჩართულიყო ამ კონფლიქტში, განაპირობა თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანის სიკვდილი და მილიონობით სირიელის მიერ სახლის დატოვება.

„ეს იმიტომ მოხდა, რომ დავუთმეთ მოედანი ბაშარ ალ ასადს. დღეს, კი ჩვენ გადავწყვიტეთ ის მცირე სამხედრო კონტიგენტი, რაც იქ გვყავდა, გამოვიყვანოთ და ვუთხრათ ირანს, ბაშარ ალ ასადს და პუტინს, რომ ეს მოედანი თქვენია, წაიღეთ“, - თქვა მან.

ორივე მოაზროვნე თანხმდება, რომ მთავარი ღირებულება თავისუფლება, ინდივიდის სიცოცხლისკენ, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვაა. თუმცა მათ ამ ღირებულების დაცვის განსხვავებული ხედვა აქვთ. ისევე, როგორც თავისუფლების ისტორია ეს დებატებიც საუკუნოვანია.

„ჩინეთში, რუსეთში, სტამბოლში, ანკარასა და რიადში, არიან ადამიანები, ვისაც აქვთ იმედი, სჯერათ და ყოველ დილა-საღამოს ლოცულობენ ამერიკის მიერ მისი მხნეობის დაბრუნებაზე“ , - ამბობს ლევი, რომლის ამერიკისადმი ერთგულება, ფრანგულ წრეებში, რომლებიც ტრადიციულად უფრო კრიტიკულად უდგებიან ვაშინგტონს, გამონაკლისს წარმოადგენს.

ჩინეთში, რუსეთში, სტამბოლსა და ანკარაში, რიადში, არიან ადამიანები, ვისაც აქვთ იმედი, სჯერა [დემოკრატიის და ადამიანის უფლებების] და ყოველ დილა-საღამოს ლოცულობენ ამერიკის მიერ მისი მხნეობის დაბრუნებაზე.
ბერნარდ ანრი ლევი

​დასავლეთი, ომების, დემოკრატიული უკუსვლის, ავტორიტარიზმის ზრდის გარდა, სხვა გამოწვევის წინაშეცაა და ეს საკუთარ თავში რწმენის დაკარგვაა, რასაც ნაწილობრივ, შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, იტალიაში და სხვაგან, პოპულისტური ძალების წარმატება და ტრადიციული მოდელით იმედგაცრუება განაპირობებს. თუ როგორ გაუმკლავდება ამ გამოწვევას დასავლეთი პასუხი უცნობია.

26 საუკუნის წინ, თუკიდიდე პერიკლეს სიტყვებით ამბობდა: „მე მაშინებს არა მტრის სტრატეგია, არამედ ჩვენი საკუთარი შეცდომები“. ეს შოცდები, დასავლეთს, ბევრჯერ დაუჯდა ძვირი. თუ როგორ გაუმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს ის, ჯერ უცნობია.