დასავლეთი კადაფის გადადგომას ითხოვს

დასავლეთი კადაფის გადადგომას ითხოვს

შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ. სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის მიზნით ისინი კადაფის მომხრე შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ყოველდღიურად საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ, რაც ლიბიელ მეამბოხეებს ხელს უწყობს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ალ პესინი პენტაგონიდან იუწყება, რომ თუ კადაფის წინააღმდეგ გალაშქრებული მეამბოხეები წარმატებას მიაღწევენ, მაშინ ლიბიაში გაურკვეველი მდგომარეობა შეიქმნება, რომელიც შესაძლოა ერაყსა და ავღანეთში შექმნილ ვითარებას დაემსგავსოს, აღნიშნავენ ექსპერტები.

მას შემდეგ რაც 2003 წელს ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენციის შედეგად სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა სწრაფად აღმოაჩინეს, რომ მათ დაპყრობილ ქვეყანაში უკანონობისა და მაროდიორობის აღკვეთისთვის საჭირო რაოდენობის სამხედრო ძალები არ ჰყავდათ. ერაყის ინტერვენციის შემდეგ გაირკვა ისიც, რომ ვაშინგტონს ქვეყანაში სამთავრობო ფუნქციების შემსრულებელი სახელმწიფო ორგანოს შექმნის დეტალურად შემუშავებული გეგმები უბრალოდ არ გააჩნდა. შედეგად ერაყში მეამბოხეთა მოძრაობა წარმოიქმნა და ქვეყანაში ომი გაჩაღდა, რომელიც წლების მანძილზე გრძელდება.

ანალიტიკურ ვებ გვერდ globalsecurity.org-ის დირექტორი ჯონ პაიკი აღნიშნავს, რომ ლიბიაში იგივე დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორები შეინიშნება, რაც თავის დროზე ერაყში დაფიქსირდა. ამგვარ გამომწვევ ფაქტორებად შეიძლება ჩაითვალოს ტომებს შორის დაპირისპირება, მოსახლეობაში ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელება, ყოფილ სამხედროთა და რეჟიმის მხარდამჭერთა მიერ შესაძლო შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა და ათწლეულების მანძილზე ერთ პიროვნებაზე დამყარებული ავტორიტარული პოლიტიკური სისტემის გამოცდილება.

„მუამარ კადაფი ამ ქვეყანაში იმდენ ხანს დომინირებდა, რომ მისი წასვლის შემთხვევაში ლიბიაში სახელმწიფო მართვის ეფექტური ინსტიტუტების ვაკუუმი შეიქმნება. კადაფის შემდგომ პერიოდში ლიბიაში აუცილებლად რაღაც ფორმით საერთაშორისო სტაბილიზაციის მცდელობა უნდა განხორციელდეს, რადგან სხვაგვარად იქ ერაყის სცენარი გამეორდება,“ აღნიშნა ჯონ პაიკმა.

ორი კვირის წინ სენატის ერთ-ერთ კომიტეტში გამართული მოსმენების დროს ნატოს მთავარსარდალმა და შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა აღიარა, რომ კადაფის შემდგომ პერიოდში აუცილებელი იქნება ლიბიაში საერთაშორისო სამხედრო ჩარევის განხორციელება.

„კომიტეტის წევრებისთვის ნატოს ისტორია უცნობი როდია. უნდა გავიხსენოთ ბოსნია და კოსოვო. ამდენად ცხადია, რომ სტაბილიზაციის ხელშემწყობი რეჟიმის შექმნის აუცილებლობა არსებობს,“ განაცხადა ადმირალმა სტავრიდისმა.

აფრიკაში შეერთებული შტატების არმიის სარდლობის მეთაურმა გენერალმა კარტერ ჰემმა ჰიპოთეტურად ლიბიაში საერთაშორისო სამხედრო ძალების შემადგენლობაში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობა არ გამორიცხა, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს იდეალური არ იქნებოდა რეგიონში მცხოვრები ხალხისგან მოსალოდნელი უარყოფითი რეაქციის გამო. ნიშანდობლივია, რომ სამი კვირის წინ ლიბიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციების განმარტებისას პრეზიდენტმა ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ლიბიაში სამხედრო ძალების გაგზავნას არ აპირებს.

კადაფის შემდგომ ლიბიაში საერთაშორისო სამხედრო ძალების სავარაუდო დისლოცირებასთან დაკავშირებით მზარდი დისკუსიების ფონზე, პენტაგონის ოფიციალური პირები შესაბამისი დაგეგმარების შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერს ამბობენ. ისინი აღნიშნავენ მხოლოდ იმას, რომ ნატოს სამხედრო მისიას ლიბიაში ევროპელი მოკავშირეები უძღვებიან, რაც გულისხმობს იმას, რომ კონფლიქტის შემდგომ სტაბილიზაციასაც ისინი ჩაუდგებიან სათავეში.