გასულ კვირას ამერიკაში უმუშევართათვის განკუთვნილი დახმარება 963 000-მა ადამიანმა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შრომის დეპარტამენტი აქვეყნებს. ციფრები მაღალია, თუმცა მარტის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კვირის განმავლობაში ამ აპლიკანტთა რიცხვი მილიონზე ნაკლებია. ამასთან, წინა კვირასთან შედარებით ეს რიცხვი 228 000-ით ნაკლებია.
20 კვირის განმავლობაში უწყვეტად, მილიონზე მეტი ამერიკელი ითოხვდა ხელისუფლბისგან დახმარებას. კორონავირუსული პანდემიის გამო დიდი და მცირე ბიზნესები არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. ბევრი ბიზნესი ნაწილობრივ, დროებით თუ უფრო ხანგრძლივი ვადით, ან სამუდამოდ დაიხურა, შესაბამისად არაერთი ადამიანი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩა.
ასევე ნახეთ: ფერგიუსონი: პანდემიაზე დამანგრეველი ის ეკონომიკური ზომებია, რომელიც მივიღეთ
უმუშევრობის დახმარებას პანდემიის პირველ პერიოდში კვირის განმავლობაში 7 მილიონამდე ამერიკელი ითხოვდა. თუმცა მანამდე, ერთ კვირაში დაფიქსირებული მაქსიმუმი 1982 წლის რიცხვები იყო - 695 000. პანდემიის პერიოდში კი თითქმის ყოველ კვირას უფრო მეტი უმუშევარი ფიქსირდებოდა, ვიდრე ეს 40-წლიანი მაქსიმუმია.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რიცხვები უმჯობესდება და უფრო ნაკლები ადამიანი ითხოვს უმუშევართათვის განკუთვნილ დახმარებას, ეკონომიკის აღდგენის ტემპი მაინც შემცირებულია. თუკი ივნისში 4.8 მილიონი სამუშაო ადგილი აღდგა თუ გაჩნდა, ივლისში ეს რიცხვი მხოლოდ 1.8 მილიონი იყო.
იმ დახმარებასთან ერთად, რასაც მოქალაქეები ყოველკვირეულად შტატისგან იღებდნენ, ფედერალური მთავრობა მათ პანდემიის პერიოდში კვირაში დამატებით 600 $-ით ეხმარებოდა. თუმცა თეთრმა სახლმა და დემოკრატმა კანონმდებლებმა ფინანსური დახმარების პაკეტის გაგრძელების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. პრეზიდენტმა კი გასულ კვირას აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც დამატებითი დახმარება - 400 $-ის ოდენობით ძალაში დატოვა. პაკეტი მოიცავს გადასახადების შემცირებასაც მათთვის, ვინც წელიწადში 100 000 $-ზე ნაკლებს გამოიმუშავებს. დემოკრატებს 600$-იანი დახმარების გაგრძელება წლის ბოლომდე სურდათ, თუმცა რესპუბლიკელები ამბობდნენ, რომ ეს ძალიან ბევრი იყო და ზოგ შემთხვევაში უმუშევარი ადამიანები სახელმწიფოსგან იმაზე მეტ დახმარებას იღებდნენ, ვიდრე მანამდე დასაქმების ადგილზე გამოიმუშავებდნენ.