დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთს სანქციების მორიგ სერიას დაუწესებენ

ფუმიო კიშიდა - იაპონიის პრემიერ-მინისტრი

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დასაწესებლად ემზადებიან. უკრაინაში შეჭრის ერთი წლის თავზე, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტით საკვანძო ეკონომიკურ სექტორსა და იმ ორგანიზაციებს, თუ პირებს ამოიღებენ მიზანში, ვინც რუსეთს ომის წარმოებაში ეხმარებოდა.

შვიდეულის წევრი ქვეყნის პირველი პირები, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, დღეს ონლაინ იკრიბებიან და რუსეთისთვის დაწესებული ახალ სანქციებს გამოაცხადებენ. იაპონიის პრემიერმა, ფუმიო კიშიდამ, ინფორმაცია მხოლოდ სანქციების დაწესების შესახებ გაავრცელა, თუმცა დეტალებზე მას არ უსაუბრია.

ასევე ნახეთ: "როიტერი": აშშ უკრაინასა და მოლდოვას ენერგეტიკის კუთხით 550 მილიონს გამოუყოფს

"რუსეთი უარს ამბობს თავისი მკაცრი პოზიციის შეცვლაზე... საერთაშორისო საზოგადოება ერთად უნდა დადგეს სოლიდარობის ნიშნად და რუსეთს მკაცრი სანქციები უნდა დაუწესოს",- თქვა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

იაპონიის პრემიერის განცხადებამდე, ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა ცალ-ცალკე დააწესეს ახალი სანქციები რუსეთისთვის. სანქციები მათ შორის შეეხება საექსპორტო აკრძალვებსა და ტარიფებს ომში გამოყენებულ ყველა მასალაზე, ისევე როგორც „მესამე ქვეყნის აქტორებს“, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომის ძალისხმევას ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

დიდი შვიდეული აერთიანებს კანადას, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, იაპონიას, დიდ ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს. იგივე ჯგუფი გასულ წელს გაერთიანდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო.