ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, ბევრი მიმომხილველი და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელი შეაშფოთა. ისინი მთავრობას მოუწოდებენ თავშეკავებისკენ და დემონსტრანტებს აქციების მშვიდობიან წარმართვას ურჩევენ.
საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების დირექტორი, სტივენ ნიქსი ამბობს, რომ იმ ქვეყნისთვის, რომელიც დასავლეთში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, 20 ივნისის ღამის მოვლენების მსგავსი სცენარი მიუღებელი უნდა იყოს.
„ჩვენ გვესმის ქართველი ხალხის განცდები, როცა ოკუპანტი და შემოჭრილი ქვეყანა გზავნის დეპუტატებს მათ პარლამენტში. ეს ქართველი ხალხის არჩეული პარლამენტია, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს. ამ ხალხის დაპატიჟება ვიღაცის მიერ მცდარი გათვლა იყო“, - ამბობს ის. ნიქსის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აქციას გადამეტებულად უპასუხა. ის მთავრობას დიალოგისკენ მოუწოდებს.
"ამის გადაწვეტის მშვიდობიანი გზა მოლაპარაკებებია. ჩვენ ძალიან მკაცრად ვუდგებით იმ საკითხს, რომ მთავრობას აქვს ვალდებულება და მოვალეობა აქციის მონაწილეებთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკების და იმის მცდელობის, რომ მშვიდობიან გადაწვეტას მიაღწიონ. რაც შეეხებოდა დემონსტრანტებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას, მშვიდობიანად შეიკრიბონ და გააპროტესტონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური და ადამიანის უფლებაა. თუმცა, ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს შეინარჩუნონ მშვიდობიანი და წყნარი გარემო. ასევე, მთავრობამ უნდა აჩვენოს შესაბამისი თავშეკავება, როცა საქმე აქციას ეხება. საქართველო ევროკავშირსა და ნატოში მიისწრაფვის და ჩვენ არ გვინდა, კიდევ ერთხელ ვიხილოთ 20 ივნისის ღამის მოვლენები, რომლის შედეგად ასობით ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში“, - ამბობს ის.
დეივიდ კრემერი ფლორიდის უნივერსიტეტის მკლევარი, რომელიც შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში ყოფნის დროს, საქართველოსსაკითხებზე მუშაობდა, საუბრობს იმაზე, რომ მისთვის სრულიად გასაგებია საქართველოს მოქალაქეების შეშფოთების მიზეზი.
"ამ სიტუაციიის თავიდან აცილება ადვილი იყო, არ უნდა მისცემოდა რუსეთის დეპუტატს პარლამენტში გამოჩენის და მითუმეს მის მიერ ტრიბუნის დაკავების საშუალება, ამიტომ ნეგატიური რეაქცია სრულიად გასაგებია ოპოზიცის მხრიდან და ასევე თავად "ქართული ოცნების" წევრების მხრიდანაც. ამას უნდა შეეძლოს ქვეყანაში ხალხის გაერთიანება. შემდგომ პროტესტი კონტროლს გასცდა და ვიხილეთ პარლამენტში შეჭრის მცდელობა, მერე იყო ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიები. სპიკერის გადადგომა უნდა მომხდარიყო. ს მოსკოვთან დაპირისპირებას აღვივებს, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ამიტომ ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ ხალხი იმას, რაც ვიხილეთ, ხმამაღლა გააპროტესტებდა“, - ამბობს ის.
მომხდარს უფრო მკაცრად აფასებს ევრაზიის პროგრამების მკლევარი ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტიდან „კარნეგის ფონდი“ - პოლ სტრონსკი. ის ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ უფრო ბრუტალურად უპასუხა აქციას, ვიდრე ავტორიტარული ყაზახეთის სამართალდამცავებმა. სტრონსკი ასევე ხაზს უსვამს სპეციალური დანიშნულების რაზმის მოუმზადებლობას და ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან დასავლელმა პარტნიორებმა აქციის კონტროლის შესახებ წვრთნებში, დიდი რესურსი ჩადეს.
„შოკირებული ვარ. ეს არ არის ის პასუხი, რასაც ველოდი საქართველოს მთავრობისგან. განსაკუთრებით, ამ მთავრობსიგან, რადგან მათ პირობა დადეს, რომ ძალას არ გამოიყენებდნენ და არ დაარბევდნენ [აქციას]. ეს პასუხი უარესი იყო, ვიდრე ყაზახეთის მთავრობის, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ დაარბია საპროტესტო
აქცია. მათ დაარბიეს ხალხი, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ. შოკისმომგვრელია, რომ ეს მოხდა. მე კიდევ არ მესმის კარგად რა მოვლენები უძღოდა ამას წინ. ვიცი, რომ იყო შეშფოთება, რომ შეიჭრებოდნენ პარლამენტში, მაგრამ ქმედება გადამეტებული ჩანს... ეს არ არის ისეთი მთავრობის ქმედება, როგორიც ამ მთავრობამ თქვა, რომ იქნებოდა“, - ამბობს კარნეგის ფონდის უფროსი მკლევარი პოლ სტრონსკი.
სტრონსკის თქმით, მომხდარი საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს იმიჯს ლახავს.
„ქართული დემოკრატია სწორედ ასეთ მომენტებში იცვლება და მსურს ვიხილო უფრო ეტაპობრივი განვითარება, როდესაც ქართველ ხალხს საშუალება ექნება საკუთარი ნება ინსტიტუტების მეშვეობით გამოხატოს. ახლა ვხედავთ, რომ ხალხი გრძნობს, რომ ქუჩაში გასვლის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვთ. და სხვა არჩევანი არ აქვთ იმის გარდა, რომ ეს შემთხვევები გამოიყენონ, რათა მოითხოვონ ის ცვლილებები, რაც სურთ. დროა საზოგადოებასა და მთავრობას შორის რეალური დიალოგი შედგეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს სისტემა და უზრუნველყონ, რომ ასეთი რამ აღარ მოხდება... მნიშვნელოვანია, აქცია იყოს მშვიდობიანი, ხალხმა თავი უნდა შეიკავოს, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია რომ სამართალდამცავებმა დამატებით თავშეკავება აჩვენონ. რაც მოხდა ლახავს საქართელოს იმიჯს საერთაშორისო საზოგადოების თვალში“, - თქვა მან.
სტრონსკის თქმით, მთავრობისგან, რომელიც მის ოპონენტებს სწორედ იმ მიზეზით აკრიტიკებდა, რომ ძალას გადაამეტეს, ეს მოულოდნელი იყო. მკვლევარი საქართველოს ხელისუფლებას ღია და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„ეს არის პარტია, რომელიც საუბრობდა მისი წინამორბედის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დარღვევებზე და მკაცრ ზომებზე და ჩანს, რომ მათ გააკეთეს ის, რისთვისაც თავად ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებდნენ. გასული არჩევნების სამართლიანობის გარშემო კითხვები არსებობს, კითხვები - რომელიც სამწუხაროა რომ საქართველოს წინაშე ისევ დგას. არსებობს კითხვები ლეგიტიმურობის ირგვლივ და მომხდარი კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს საქართველოს მთავრობასთან. მთავრობები ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ და არა მარტო არჩევნების დროს, არამედ ყოველთვის. ეს საქართველოსთვის სამწუხარო დროა და აჩვენებს, რომ ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნები შეჩერებულია. როგორც საქართველოს მეგობრისთვის, რომელიც საქართველოს ხედავს, როგორც ლიდერს ამ გარდაქმნებში - ეს ძალიან სამწუხარო დღეა. ვფიქრობ უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე გამოძიება. მათ ვისი ბრალიც არის ეს, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ძალიან ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებიც დაშავდნენ და რამდენიმე მათგანს მძიმე დაზიანებები აქვს. მე ვუთანაგრძნობ მათ და მათ ოჯახებს“, - ამბობს ის.
რუსი პარლამენტარის საქართველოს საკანონმდებლო ტრიბუნაზე გამოჩენის გადაწვეტილებას აკრიტიკებს „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი. ჰერბსტი მხარეებს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ის ამბობს, რომ ძალადობა მიუღებელია. ჰერბსტი საუბრობს იმაზე, რომ დემონსტრაციები რუსეთის საკითხს სცდება. მისი თქმით, აქციის მონაწილეების გაღიზიანება ასევე გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებით.
„ეს გადამეტებული რეაქცია იყო. თუმცა ასევე მართალია, რომ ადგილი ქონდა გარკვეულ პროვოკაციებს დემონსტრანტების მხრიდან. ეჭვი მაქვს, რომ ეს პროტესტი უფრო მეტ რამეზე იყო, ვიდრე იმ ფაქტზე, რომ აგრესორი მთავრობის წარმომადგენელი საუბრობდა საქართველოს პარლამენტში. ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ხდება უფრო ავტორიტარული - არ ვდებ მათ ბრალს ავტორიტარიზმში, არამედ შედარებით ვამბობ. ვხედავთ მკაცრ ზომებს, რომლებიც ზღუდავს პოლიტიკურ აქტივობას, მედიას, რაც შეშფოთების საფუძველს იძლევა და ვფიქრობ, რომ პროტესტი ნაწილობრივ ამაზეა. არ მინდა დასკვნები გავაკეთო, ნათელია, რომ მთავრობა ზედმეტად ერევა, მათ ზედმეტი ჩარევა უნდა შეწყვიტონ და საშუალება მისცენ იყოს მეტი თავისუფლება და არ მოახდინონ ხალხის პროვოცირება მკაცრი ზომებით" - ამბობს ის.
ვაშინგტონში თბილისში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. აქციის მონაწილეები დღეს უკვე მეოთხე დღეა, რაც პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, საარჩევნო სისტემის ცვლილებას და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.