"ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც ასეთი საჭირო იყო, არ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში," ამბობს ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდება პარლამენტში უარყოფითად აისახება, როგორც მთავრობაზე, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯზეც: "ეს არის უარყოფითი შედეგი არა მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის, არამედ, პოტენციურად, ცუდად აისახება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზეც. საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასავლეთში აღიქმება, როგორც ლაკმუსის ტესტი მთავრობისთვის, ბატონი ივანიშვილისთვის და ქართული ოცნების მცდელობისთვის, რომ გაატარონ დემოკრატიული რეფორმები და გარანტირებულად ჩაატარონ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი," უთხრა ჯონათან კაცმა "ამერიკის ხმას.”
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ ამერიკაში ბევრია შეშფოთებული იმით, რაც საქართველოში ხდება: "მე არ ვერევი საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა მოხდა. ეს საარჩევნო რეფორმა, ივნისის მოვლენების შემდეგ, წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩანდა და ვერ ვიგებ, რატომ არ მიიღეს ის. ამერიკაში, საქართველოს უამრავ მეგობარს შორის შეშფოთებას იწვევს ის, თუ რა ბედი ეწევა ქართულ დემოკრატიას და მე იმედი მაქვს, რომ პოზიტიური ნაბიჯები, მათ შორის, მთავრობის გამჭვირვალობის მხრივ, გადაიდგმება.”
მოვლენებს უარყოფითად აფასებს ლუის ნავაროც, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი საქართველოში და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მიმომხილველი. მისი აზრით, ქართული ოცნება შიშობს, რომ 2020 წელს ძალაუფლებას დაკარგავს, ამიტომაც თქვა უარი ცვლილებებზე.
"სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდება, რომელიც მანამდე თავად ქართულმა ოცნებამ წარადგინა, გვაჩვენებს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან 2020 წელს ძალაუფლების დაკარგვის შიშით. ეს არის პრო-დასავლური "ახალი სახეების" აბუჩად აგდება, რომლებიც 2016 წელს გუნდში გააწევრიანეს. ეს, ასევე, არის სრული უპატივისმცემლობა დემონსტრანტებისა, რომლებიც ამ ცვლილებას ივნისში ითხოვდნენ, როდესაც ქართულმა ოცნებამ დუმის რუსი კომუნისტი წევრი მოიწვია მართლმადიდებლობის კონფერენციაზე დასწრების საბაბით," ამბობს ნავარო.
14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტს კენჭი უყარა. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე იყო, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა კი რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ენძელ მკოიანმა, კახაბერ ოქრიაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ.
ცვლილებების ჩაგდებას თბილისში საპროტესტო დემონსტრაცია მოჰყვა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია სახელწოდებით "დავიბრუნოთ ქვეყანა.” პარალელურად, გაიმართა აქციები საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქშიც.
პროტესტს შეურთდა გაერთიანებული ოპოზიციაც, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.