ამ კვირის დასაწყისში ვაშინგტონში საშობაო ხეები ჩამოიტანეს. ნაძვის ხე უკვე მიტანილია თეთრ სახლში და კონგრესის მიმდებარე ტერიტორიაზე.
კაპიტოლიუმთან 18 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხე ნიუ-მექსიკოს ეროვნული ტყიდან მოიტანეს. ვაშინგტონისკენ მომავალ გზაზე ის რამდენიმე შტატში "გაჩერდა".
ნაძვის ხეს შტატის მცხოვრებთა ხელნაკეთი სათამაშოებით და დეკორაციებით მორთავენ და მას ოფიციალურად 4 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი აანთებს.
თეთრ სახლში კი ტრადიციის მიხედვით, ნაძვის ხე წელსაც მარხილითა და ცხენებით მიიტანეს. ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა მიიღო. ნაძვის ხე პენსილვანიიდან ჩამოიტანეს მას შემდეგ, რაც მან საშობაო ხეების ეროვნული ასოციაციის კონკურსში გაიმარჯვა.