ორშაბათს, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს პროკურორმა თქვა, რომ ავღანეთში ომის დანაშაულების გამოძიების განახლების სანქციის მიღებას ცდილობს. გამოძიების ყურადღების ცენტრში თალიბანის და ე.წ. “ისლამური სახელმწიფო ხორასანის” შეიარაღებული ჯგუფების ქმედებები იქნება.
ადრე, პროკურორები ამერიკული ძალების და ავღანეთის სამთავრობო ჯარის შესაძლო დანაშაულებზეც ამახვილებდნენ ყურადღებას, მაგრამ პროკურორმა ქარიმ ხანმა, თანამდებობაზე ცხრაწლიანი ვადის მეექვსე თვეს თქვა, რომ რესურსების არქონის გამო, შესაძლოა ახლა ამ ელემენტის “დეპრიორიტეტიზაცია” მოახდინონ და მის ნაცვლად ყურადღება გაამახვილონ “დანაშაულების მასშტაბზე და ბუნებაზე, რომელიც სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებშია”.
ასევე ნახეთ: თალიბანის გამარჯვების შემთხვევაში ავღანეთი მსოფლიოსგან გარიყული იქნება - ზალმაი ხალილზადი
ავღანელმა უფლებადამცველმა აქტივისტმა ჰორია მუსადიქმა, რომელიც დაზარალებულებს წლების განმავლობაში ეხმარებოდა საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გამოძიებისთვის მხარი დაეჭირათ, ამ განცხადებას უწოდა “შეურაცხმყოფელი ათასობით სხვა მსხვერპლისთვის, რომელთა მიმართ დანაშაული, ავღანეთის სამთავრობო ძალებმა, ამერიკულმა და ნატოს ძალებმა ჩაიდინეს”.
საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო, გასულ წელს სრული გამოძიების დაწყებამდე, ავღანეთში სავარაუდოდ მომხდარ ომის დანაშაულებს უკვე 15 წელი აკვირდებოდა.
გამოძიება შეაჩერებული იყო ავღანეთის მთვრობის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ დანაშაულებს თვითონ იძიებდა. ჰააგაში ბაზირებული სასამართლო ბოლო საშუალებაა, რომელიც საქმეში მხოლოდ იმ შემთხვევაში ერევა, როდესაც წევრ ქვეყანას არ შეუძლია ან არ სურს ომის დანაშაულზე, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულზე ან გენოციდზე სამართლებრივი დევნა განახორციელოს.