სამოქალაქო მღელვარების გამო, კომპანია "უოლმარტი" მაღაზიის თაროებიდან იარაღს და ვაზნებს იღებს

ხუთშაბათს მსოფლიოში უდიდესმა საცალო ვაჭრობის კომპანია “უოლმარტმა” განაცხადა, რომ ქვეყანაში დაძაბულობის ზრდასთან ერთად, კლიენტების და თანამშრომლების დაცვის მიზნით, მაღაზიების თაროებიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები აიღო.

ეს ნაბიჯი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდგა. ბევრი შიშობს, რომ შესაძლოა არჩევნების შედეგი საკამათო გახდეს ან ძალადობა გამოიწვიოს. კომპანიას დადგენილი არ აქვს, იარაღს და ვაზნებს მაღაზიების თაროებზე როდის დააბრუნებს. კომპანიის პრეს-მდივანმა თქვა, რომ ეს საქონელი თაროებზე არ იქნება, მაგრამ ცელკეული თხოვნების საფუძველზე მაინც გაიყიდება.

ასევე ნახეთ: რა კავშირია იარაღის შესყიდვებსა და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს შორის

საცალო ვაჭრობის ობიექტები უაღრესად დაძაბულ ვითარებაში აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ამ წლის დასაწყისში, ადამიანების ჯგუფებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს, საქონელი დაიტაცეს და ზოგიერთ შემთხვევებში - ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, პორტლენდში და ამერიკის სხვა ქალაქებში - მაღაზიებს ცეცხლი წაუკიდეს.

შეშფოთების ზრდას კიდევ ერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. წელს, ამერიკაში იარაღის გაყიდვებმა სარეკორდო სიმაღლეებს მიაღწია, იარაღის პირველად მყიდველების უფრო მეტი რაოდენობა კი ბოლო თვეებში აღირიცხა.

ივნისში, “უოლმარტმა” ზოგიერთი მაღაზიიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღო, როდესაც მაისის ბოლოს პოლიციის მეურვეობაში მყოფი შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

გასულ წელს, კომპანიამ ამერიკის ყველა მაღაზიაში პისტოლეტის და ზოგიერთი ე.წ. საიერიშო შაშხანის ვაზნების გაყიდვა შეწყვიტა.