სამშვიდობო მოლაპარაკება ეგვიპტეში

ვაშინგტონი ქაიროში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიატორის როლს ასრულებს
შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები ეგვიპტეში იმყოფებიან. ისინი დაპირისპირებულ მხარეებს ხვდებიან და ცდილობენ მათ შორის ურთიერთშეთანხმებას მიაღწიონ. ქაიროში მედიატორის როლში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, უილიამ ბერნსი და სენატის ორი გავლენიანი კანონმდებელი, ლინდსი გრემი და ჯონ მაკეინი ჩავიდნენ.

უილიამ ბერნსი უკვე შეხვდა გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელებს და პატიმრობაში მყოფ ოპოზიციური პარტიის „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერ - ხაირატ ელ-შატერს. „ასოშაიტედ პრესის“ ცნობით, ამ უკანასკნელთან შეხვედრა იმ ციხეში მოხდა, სადაც დაპატიმრებული ისლამისტები არიან მოთავსებული.

ეგვიპტის მთავრობის წევრებთან მოლაპარაკებას მოგვიანებით სენატორები გრემი და მაკეინიც გამართავენ. შეერთებული შტატები მაქსიმალურად ცდილობს ძალადობის შეჩერებას ეგვიპტეში და ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებაში დახმარებას, რომელშიც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი და რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღები გახდება.