18 დეკემბერს ევროკომისიამ სარეკომენდაციო ანგარიშით ევრობლოკის წევრ ქვეყნებს მიმართა საქართველოსთან შემსუბუქებული სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ამოცანა შეასრულა. სამოქმედო გეგმა კი არის დეტალური ნუსხა იმ ნაბიჯებისა, რომელიც საქართველოს, დაწყებული 2013 წლის თებერვლიდან, უნდა შეესრულებინა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მისაღებად. ევროპარლამენტის და წევრი ქვეყნების მიერ ამ ინიციატივის დამტკიცების პროცესი, როგორც საქართველოში იმედოვნებენ, 2016 წლის შუა პერიოდისთვის დასრულდება.
ევროკომისიის რეკომენდაციას შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ამერიკელი ანალიტიკოსები ეხმაურებიან:
პოლ სტრონსკი, კარნეგის მშვიდობის ფონდის ევრაზიის პროგრამა:
"მე ვულოცავ ქართველ ხალხს ამ პოზიტიურ ნაბიჯს. ამასთან ერთად, არ ვფიქრობ რომ ამას მოჰყვება ინვესტიციების, ტურისტებისა ან სავაჭრო კავშირების მოზღავება, თუმცა ეს არის ყველაფერთან ერთად დიდი სიმბოლური ნაბიჯიც. საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ღირებული პარტნიორი, იმსახურებს ვიზების რეგულაციების შემსუბუქებას. იმედი მაქვს ბევრი ქართველი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას საგანმანათლებლო, ტურისტული, ბიზნეს ან სხვა საინტერესო მიზნის განსახორციელებლად, რადგან ახალი რეჟიმი შესაძლებლობებს აჩენს ადამიანებისთვის, და ეს აჩვენებს იმას, რომ ევროპა მართლაც აფასებს საქართველოსთან ურთიერთობას. იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეული დროის შემდეგ, და ამას მეტი დრო სჭირდება, უვიზო რეჟიმი ამოქმედდება ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც."
კურტ ვოლკერი, მაკკეინის საერთაშორისო ინსტიტუტი:
"ჯერჯერობით, თქვენ სავარაუდოდ ვერ ნახავთ აქტივობას ნატო/ევროკავშირი/საქართველოს ფრონტზე, ვერც ვარშავის სამიტის ან მაპის კუთხით. სამაგიეროდ ნახავთ სწორედ ასეთ პირდაპირ კავშირებს საქართველოს, უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ეს ძალიან პოზიტიური განვითარებაა. მიმაჩნია, რომ ამერიკაც აქტიურად მუშაობს საქართველოსთან და ეს უნდა გაგრძელდეს. ამავდროულად, საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა დემოკრატიული ინსტიტუების განსამტკიცებლად.
გასული წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შეშფოთება დაგროვდა მედიასა და სასამართლო სისტემაში ჩამოყალიბებული პრობლემების გამო.კურტ ვოლკერი, მაკკეინის საერთაშორისო ინსტიტუტი
საქართველომ უნდა დააღწიოს ამ პრობლემებს თავი და წარმოადგინოს მაქსიმალურად მტკიცე არგუმენტი საკუთარი პოზიციის დასაცავად. რაც შეეხება ნატოსთან ურთიერთობას, წელს ამ მიმართულებით ახალი გარღვევა საქართველოს არ ექნება. მომავალში კი, როცა ნატო მზად იქნება ეს ურთიერთობა გააღრმავოს, საქართველოც მაქსიმალურად მომზადებული უნდა დახვდეს ამ ნაბიჯს."