ლინკოლნის სიყვარულით

მალე ეკრანებზე სტივენ სპილბერგის მხატვრული ფილმი "ლინკოლნი" გამოვა, რომელიც ამერიკელთათვის უსაყვარლეს პრეზიდენტს-აბრაამ ლინკოლნს ეძღვნება
ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანებელი პრეზიდენტის მიმართ მრავაწლიანი ინტერესი რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა თავის ახალ ისტორიულ დრამაში აღწერა. ფილმის პრემიერა ლოს ანჯელესში, ამერიკული ფილმის ინსტიტუტის ფესტივალზე გაიმართება. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, ალან სილვერმანი მოგვითხრობს ფილმზე - „ლინკოლნი”, რომელშიც მთავარ როლს დენიელ დეი-ლუისი ასრულებს.

სიუჟეტი 1865 წლის იანვარში ვითარდება. ოთხი სისხლიანი წლის შემდეგ, ამერიკა ცივი ომი დასასრულს უახლოვდება. პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი ეს-ესაა მეორე საპრეზიდენტო ვადით აირჩიეს, რომელსაც სურს, რომ კონგრესმა კონფლიქტის გამომწვევი ძირეული მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილების გატარების გზით აღმოფხვრას. ეს ცვლილება მონობის ეპოქის დასრულებას უკავშირდება.

„კონსტიტუციური ცვლილების გზით მონობის გაუქმება მომავლის ბედს განსაზღვრავს - ბედს არამხოლოდ იმ მილიონობით ადამიანისა, რომლებიც ახლა მონობაში იმყოფება, არამედ მილიონობით ჯერ კიდევ არშობილი ადამიანისა.” – [აბრაამ ლინკოლნი, ფილმიდან „ლინკოლნი”]

შეუპოვარი ოპოზიციის ფონზე, საკონსტიტუციო ცვლილების მიღწევისათვის ლინკოლნი სიცოცხლის უკანასკნელი ოთხი თვის განამვლობაში იბრძვის და პარალელურად, საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოების ომის დასასრულებლად. ლინკოლნი 1865 წლის აპრილში მოკლეს.

რეჟისორი სტივენ სპილბერგი ამბობს, რომ ამერიკის ისტორიის ეს თავი კინემატოგრაფიაში სიახლეა.

„ის [ლინკოლნი] კინოინდუსტრიისთვის გარკვეულწილად უცხოა. 1930-იან წლებში უნდა დაბრუნდეთ, რომ აბრაამ ლინკოლნის შესახებ რაიმე ფილმს მიაკვლიოთ. ასე რომ, ჩემი ჯერ კიდევ ბავშვობის დროინდელი ინტერესი ლინკოლნის მიმართ იმ კონდიციამდე მივიდა, როდესაც ვიფიქრე, რომ მის შესახებ უამრავი რამის წაკითხვის შემდეგ, გაჩნდა შანსი, მისი ცხოვრების ამ ეპიზოდის შესახებ კინოს მოყვარულებისთვის მომეთხრო,” - ამბობს სტივენ სპილბერგი.

ფილმში, რომელიც ნაწილობრივ ისტორიკოს დორის კერნს გუდვინის ლინკოლნის ბიოგრაფიულ წიგნს - „მეტოქეების გუნდს” ეფუძნება, ამერიკის მე-16-ე პრეზიდენტის როლს დენიელ დეი-ლუისი ასრულებს.

„ყველაზე აშკარა ის არის, რომ ადამიანის მითოლოგიად ქცეულ ცხოვრებას ისე მიუდგე, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდე მას მის სათანადოდ წარმოსაჩენად,” - ამბობს მსახიობი დენილ დეი-ლუისი.

„ლინკოლნის” შესაქმნელად სპილბერგს 12 წელი დასჭირდა. რეჟისორი განმარტავს, რომ ამერიკულ კინოთეატრებში ფილმის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოჩენა მხოლოდ დამთხვევაა.

„მე არ ველოდებოდი რაიმე კონკრეტულ დროს, თუმცა ხალხი ამბობს - ‘ოჰ, ფილმი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო გადაიღე.’ ფილმს არაფერი აქვს საერთო დღევანდელ პოლიტიკასთან და იმასთან თუ როგორ მიგვყავს საქმე ხელისუფლებაში. ეს ფილმი გათვლილი იყო იმაზე, რომ მოეთხრო ამბავი… აღეწერა ლინკოლნის პორტრეტი, თუ გნებავთ. ვფიქრობ, ნებისმიერი დროს შეიძლება, მაყურებელს ძალიან საინტერესო ამბავი მოუყვე,” - განმარტავს სპილბერგი.

ფილმში ასევე მონაწილეობს სალი ფილდი, რომელიც მშფოთვარე პირველი ლედის როლში გვევლინება. ტომი ლი ჯონსი გავლენიანი კონგრესმენის - თადეუშ სტივენსის როლს ასრულებს. სცენარის ავტორია ტონი კუშნერი, მუსიკალური გაფორმება კი სპილბერგის კოლაბორაციონისტს, ჯონ უილიამსს ეკუთვნის.