„ახალი ამბები შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, ჩვენ ყოველთვის სიმართლეს გეტყვით“ - ამ სიტყვებით გახსნა ამერიკის ხმის პირველი გადაცემა, წამყვანმა უილიამ ჰარლან ჰეილიმ ნიუ-იორკის პატარა სტუდიიდან. 26 მაისს "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას კი 70 წელი შეუსრულდა. შვიდი ათწლეულია ამერიკის ხმა ქართველი მაყურებლისთვის ჯერ რკინის ფარდის მიღმა რადიო ტალღებით, ახლა კი ტელევიზიით, განაგრძობს სანდო ინფორმაციის მიწოდებას.
„ამერიკის ხმა“ მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში შეიქმნა. მისი მიზანი ნაცისტურ პროპაგანდასთან ბრძოლა იყო. სულ მალე, „ამერიკის ხმის“ რადიო ტალღებმა, საქართველომდეც მიაღწია. პირველი გადაცემა, ქართულ ენაზე 1951-წელს, დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს აჟღერდა.
Your browser doesn’t support HTML5
მაშინ, ოკუპაციის ქვეშ მყოფ საქართველოს, „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის შექმნა, სახელმწიფო მდივანმა, დინ აჩესონმა მიულოცა.
„ქართველმა ხალხმა დღემდე შეინარჩუნა თავისი სახეობა და არასდროს მას არ დაუკარგავს ნებისყოფა ადამიანის უფლებების დაცვის ბრძოლაში. ამიტომაც ჩვენში აღფრთოვანებას იწვევს ქართველი ხალხის სულიერი ურყევი სიმტკიცე...“ამერიკის ხმა“ დღეიდან თქვენ, ქართველებს, გაძლევთ საშუალებას საკუთარ ენაზე ამცნოთ ქართველ ხალხს ჭეშმარიტება, რომელსაც კომუნისტები მას უმალავენ“, - განაცხადა აჩენსომა 1951 წელს.
ცივი ომის პერიოდში, საბჭოთა კავშირი აქტიურად ახშობდა „ამერიკის ხმის“ რადიო ტალღებს. ამისთვის სპეციალური დასახელებებიც არსებობდა. ხოლო ქართველი მსმენელი საკუთარი თავისუფლების რისკის ფასად უსმენდა, „ამერიკის ხმის“ გადაცემებს ვაშინგტონიდან.
“ქართველმა ხალხმა „ამერიკის ხმის“ მოსმენა 1951 წელს დაიწყო, 26 მაისს, მათი დამოუკიდებლობის დღეს. ამიტომ განსაკუთრებულია, რომ დღეს, როცა საქართველო 103 წლის დაბადების დღეს აღნიშნავს, „ამერიკის ხმა“ მის 70 წლისთავს ზეიმობს. ამერიკის ხმის ქართული რედაქციის თანამშრომელ ქალებსა და კაცებს, საქართველოში ამერიკის საელჩოს ქალების და კაცების სახელით - გილოცავთ“, - ასე მიულოცა, კელი დეგნანმა, შეერთებული შტატების ელჩა საქართველოში, „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას იუბილე.
„ამერიკის ხმა“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე მედიაა. ქართული რედაქცია იყო მოწმე ისეთი მოვლენებისა, როგორიც იყო დამოუკიდებლობის აღდგენა, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდი, სამოქალაქო დაპირისპირება, რევოლუცია, ომი, რუსული ოკუპაცია თუ დემოკრატიისკენ და დასავლეთისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება და "ასოცირების ხელშეკრულების" ხელმოწერა.
Your browser doesn’t support HTML5
„ამერიკის ხმას“ კონგრესი აფინანსებს, ის ათეულობით ენაზე მაუწყებლობს და მის გადაცემებს 2 500-მდე ტელევიზია და რადიო ავრცელებს. ყოველკვირეულად, მას მსოფლიოში 275 მილიონი ადამიანი უსმენს. „ამერიკის ხმას“ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ჩარევისგან, 1994 წელს მიღებული კანონით ე.წ. კედელი იცავს, რომელიც უკრძალავს თეთრ სახლს, მასზე სარედაქციო გავლენის მოხდენას.
„ამერიკის ხმის ქართულ რედაქციას აქვს კრიტიკული როლი, იმის უზრუნველყოფაში, რომ ქართველ ხალხს ქონდეს წვდომა, თავისუფალ, გამჭვირვალე და ფაქტობრივ ახალ ამბებზე. მადლობას გიხდით იმ სამუშაოსთვის რაც გასწიეთ, რათა მიგეტანათ სანდო ამბები დახურულ და ავტოკრატიულ საბჭოთა კავშირში და რასაც ახლა აკეთებთ, რომ რუსეთის გავლენებს წინა აღუდგეთ და დემოკრატიულ ღირებულებებს ხელი შეუწყოთ“, - განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა, საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელმა წამყვანმა წევრმა.
მედია გარემოს ცვლილებასთან ერთად, დღეს რადიოს ტალღებიდან „ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ ტელევიზიის ეკრანებზე გადაინაცვლა. საქართველოში მედია გარემო, სხვადასხვა ორგანიზაციების შეფასებით, კვლავ არასახარბიელოა, და თავისუფალი მედია ხშირად ექცევა ზეწოლის ქვეშ.
„70 წლის განმავლობაში, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები და თანამშრომლები თავდადებით მუშაობდნენ, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც, რომ სიმართლისთვის ნათელი მოეფინათ. იუბილეს აღნიშვნასთან ერთად, რომელიც საქართველოს მიერ დამოკიდებლობის გამოცხადების 30 წლისთავს ემთხვევა, გვინდა გამოვყოთ რედაქციაში და ადგილზე ის ადამიანები, რომლებიც რთულ შეკითხვებს სვამენ და გულახდილ პასუხებს ითხოვენ ქართველი ხალხის სანაცვლოდ. თქვენმა გაწეულმა სამსახურმა თავისუფალი მედიის მშენებლობისთვის, რომელიც პასუხისმგებელი მხოლოდ მისი ხალხის მიმართ, საქართველოს დემოკრატიას სიძლიერე შემატა“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ ჯინ შაჰინმა, დემოკრატმა სენატორმა და ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ.
"ამერიკის ხმა" საქართველოში 5 არხთან: საზოგადოებრივ მაუწყებელთან, "ტვ პირველთან", "ფორმულასთან", "მაესტროსთან", აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან და "რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან" თანამშრომლობს. აქვს რამდენიმე ტელეგადაცემა და ასევე, აქტიურია ვებ გვერდზე, ფეისბუქსა და ინსტაგრამში ანალიტიკური მასალებითა და ორიგინალური სიუჟეტებით.