"ლევადა" ცენტრი, რუსეთში ჩატარებულ ბოლო პოლიტიკური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევით დგინდება, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ბოლო ორ წელიწადში 19 პროცენტით შემცირდა.
ცენტრის მონაცემებით, 2017 წლის ნოემბერში პუტინის რეიტინგი 59% იყო, 2018 წლის ივნისში კი 48%. ამავე წლის სექტემბერში კი 39 პროცენტი. 2019 წლის მარტში 41%, 2019 წლის ივნისში კი 40 პროცენტია.
პოლიტიკოსების რეიტინგების შესახებ ინფორმაცია კვლევითმა ცენტრმა "ლევადამ" გუშინ გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის რეიტინგმა ბოლო წლებში საგრძნობლად დაიკლო, კვლევის მიხედვით ნათლად ჩანს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ყველაზე მაღალი ნდობა აქვს საზოგადოებაში.
კვლევაში მეორე ადგილს სერგეი შოიგუ იკავებს 17 პროცენტით, მესამე ადგილზე კი ვლადიმერ ჟირინოვსკია 15 პროცენტით. მის შემდეგ რეიტინგში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია 13 პროცენტით, ხოლო მეხუთე ადგილს რეიტინგში დიმიტრი მედვედევი იკავებს 11 პროცენტით.