“ნოლი ხილვადობა“ - ველო ინციდენტების მზარდი სტატისტიკა ნიუ-იორკში

მიმდინარე წელს, ნიუ-იორკში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს დაღუპული ველოსიპედისტების რიცხვმა, 2018 წლის განმავლობაში დაღუპულ ველოსიპედისტთა რაოდენობას უკვე გადააჭარბა.

სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე უფლებადამცველები აცხადებენ, რომ 2019 წლის პირველ ექვს თვეში დაფიქსირებული 15 ფატალური შემთხვევა, შარშანდელზე ხუთით მეტია. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ქალაქის მერის ინიცირებული პროგრამა, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევებისგან ქვეითები და ველოსიპედისტები, ფატალური შემთხვევებისგან უნდა დაეცვა, უშედეგოა. პროექტის მიხედვით კი 2024 წლისთვის, სატრანსპორტო შემთხვევებთან დაკავშირებული ფატალური შემთხვევები, ნოლამდე უნდა შემცირებულიყო.

საუბარია ბილ დე ბლაზიოს მიერ ინიცირებულ პროგრამაზე - „Vision Zero”. პროგრამის იმპლემენტაცია ნიუ-იორკში 2014 წლის იანვრიდან დაიწყო. „Vision Zero” შვედური პროგრამის ანალოგია. შვედური გამოცდილებით, საგზაო-სატრანსპორტო ფატალური შემთხვევების შესწავლის შედეგად ჩამოყალიბდა თეორია, რომ ქვეითთა სიკვდილიანობა ეს არა იმდენად „უბედური შემთხვევაა“, რამდენადაც მოუხერხებელი, არასწორი საგზაო დაგეგმარება.

მერიამ, სიჩქარის მაკონტროლებელი კამერების რაოდენობა გაზარდა.

პროგრამის მოქმედების ფარგლებში, გამკაცრდა კანონი, რომელიც საგზაო მოძრაობებს არეგულირებს. შემცირდა დაშვებული სიჩქარის ზომა და გაიზარდა სიჩქარის მაკონტროლებელი კამერების რაოდენობა გზებზე. მიღებული ზომების მიუხედავად, სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „Vision Zero” არ მუშაობს და უფრო ეფექტური ზომებია მისაღები.

აქცია "ვაშინგტონის პარკში", ნიუ-იორკი.

ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევები, ნიუ-იორკში ასობით მოქალაქემ გააპროტესტა. საპროტესტო აქცია ველოსიპედებით, მანჰეტენზე, ვაშინგტონის პარკში გაიმართა.