დიდი გაქცევა რუსეთიდან

რიგი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსი, 2022

მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიღო, ზოგისთვის რუსეთიდან გაქცევა ნომერ პირველ ამოცანად იქცა. რუსეთის მოქალაქეების ნაწილი, ვინც ჯარში გაწვევის კანდიდატი შეიძლება გახდეს, სწრაფად ცდილობს ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას. ერთ-ერთი „თავშესაფარი“ ქვეყანა, ამ მხრივ, საქართველოა.

საქართველოს სხვადასხვა მედია აჩვენებს კადრებს იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ლარსის საბაჟო გამსვლელ პუნქტთან. 11-კილომეტრიან რიგში ჩამდგარი ავტომობილები, მასობრივად გაყიდული ან კატასტროფულად გაძვირებული ავიაბილეთები იმ ფაქტზე მეტყველებს, რომ ომში წასვლა, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, რუსეთის მოქალაქეების ნაწილისთვის, სულაც არაა მომხიბლავი პერსპექტივა.

ამ დროისთვის, საქართველო რუსეთის ფედერაციასთან ცალმხრივად ინარჩუნებს უვიზო რეჟიმს. რუსეთის მოქალაქეებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქეების შემოსვლა დაკავშირებულია არა პუტინის მიერ სამხედრო მობილიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებასთან, არამედ ტურიზმთან.

კიდევ ერთი არგუმენტი, რასაც მმართველი გუნდი იშველიებს იმის ასახსნელად, თუ რატომ ნარჩუნდება უვიზო რეჟიმი რუსეთთან, ის გახლავთ, რომ ფედერაციაში ბევრი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. „სავარაუდოდ, პუტინის რეჟიმი ბოლო დღეებს ითვლის, მობილიზაცია გამოცხადდა... არაა, ასე მეგობრებო. თუ არ ვცდები, იქ თვითონ აქვთ ჩაკეტილი გამშვები პუნქტები და ჩვენ ვიღებთ იმ ტურისტებს, ვისაც სურთ ჩვენს ქვეყანაში დაისვენონ და ფული დახარჯონ. ამას ვაკეთებთ როგორც რუსეთის ფედერაციიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან“,- განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ზარქუამ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა.

„ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ შექმნილი ვითარების ფონზე, არაერთი მათგანი, შესაძლოა, ცდილობს დაბრუნდეს საქართველოში. ამავე დროს, საქართველოს აქვს ვალდებულება, ნებისმიერ ადამიანს, ვინც საქართველოს საზღვარს მოადგება და სურს საქართველოში შემოსვლა, მოექცეს და მოეპყრას, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად,“- აცხადებს არჩილ თალაკვაძე, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი.

პეტიცია რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ

რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებისთვის ბინადრობის უფლების შეზღუდვის თაობაზე წინადადებას აყენებენ ოპოზიციური პარტიები. მათ შორის პირველი, ვინც ამ მიმართულებით პეტიციაც კი შეადგინა და მოქალაქეების ხელმოწერები შეაგროვა, ლეიბორისტული პარტია გახლდათ. მათ, ჯერ კიდევ 2022 წლის მარტის დასაწყისში, მთავრობას წარუდგინეს პეტიცია რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ელექტრონულ პეტიციას, უსწრაფეს რეჟიმში, ხელი იმაზე ორჯერ მეტმა მოქალაქემ მოაწერა, ვიდრე ამის საჭიროება არსებობდა იმისთვის, რომ პეტიცია განხილულიყო. „მე თავად შევიტანე ეს პეტიცია მთავრობის კანცელარიაში 6 მარტს,“- გვეუბნება ლაშა ჩხარტიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, - „მაგრამ ის, უბრალოდ, თაროზე შემოდეს“. ლეიბორისტულმა პარტიამ, მას შემდეგ, კანონპროექტიც წარმოადგინა, რომელიც უცხოელებზე ბინადრობის უფლების გამკაცრებას მოითხოვს, თუმცა ესეც განხილვის გარეშე დარჩა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პეტიცია, რომელსაც ხელს მოქალაქეების შესაბამისი პროცენტული რაოდენობა აწერს, განხილვის სავალდებულო წესს ექვემდებარება. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება აჭიანურებს პეტიციაზე რეაგირებას.

რუსეთთან უვიზო რეჟიმის შემოღების აუცილებლობის თაობაზე ნაციონალური მოძაობა და სხვა ოპოზიციური პარტიებიც საუბრობენ.

Your browser doesn’t support HTML5

კახა გოგოლაშვილი - ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორი

როგორ შეიძლება აისახოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამხედრო მობილიზაციის შესახებ საქართველოზე, ამის შესახებ, „ამერიკის ხმასთან“ ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა ისაუბრა. „რუსეთს ჩაუფლავდა სპეციალური ოპერაცია, რომელიც სწრაფად უნდოდა განეხორციელებინა, შემდეგ თქვა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და არ ვჩქარობთო. დაკავებულ ტერიტორიებზე გამაგრება ვერ შეძლო, ამიტომ მოუწია, ფაქტობრივად, ომის გამოცხადება უკრაინასთან. მობილიზაცია ომის დროს ცხადდება. ამ გადაწყვეტილებით, თავის მოსახლეობას უთხრა - „ჩვენ ომში ვართ“ და ეს არაა სპეცოპერაცია. ფაქტია, რომ ეშინია ყირიმისა და დონბასის დაკარგვის, ტერიტორიების, რომლებიც კარგა ხანია მიერთებული აქვს. ეს მესიჯები მიდის მოსახლეობამდე. ისინი, ალბათ ხვდებიან, რომ აქამდე ატყუებდნენ, რომ სინამდვილეში, სულ სხვა პროცესები მიმდინარეობს, ვიდრე ამის თაობაზე პროპაგანდა საუბრობდა და სხვა დონეზე გავა ესკლაცია“.

კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ გაიზრდება ჯარის რაოდენობა, როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაშიც. „შესაძლოა, 50-60 ათასით გაზარდოს იმ ძალების რაოდენობა პუტინმა, რაც უკრაინის ტერიტორიაზე ჰყავდათ. უკრაინაც, შესაბამისად, გაზრდის, თავისი ძალების რაოდენობას და დასავლეთიდან, ალბათ, მიიღებს ისეთ შეიარაღებას, რასაც აქამდე არ აწვდიდნენ“.

რუსეთში გამოვიდა ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს აეკრძალათ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. მიუხედავად ამისა, ამ მხრივ, არალეგალური პროცესები გაგრძელდება - მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი. „რუსეთში მექრთამეობა ჰყვავის, არაა გამორიცხული, რომ არალეგალურად დატოვონ ქვეყანა. ამასთან, ისინი, ვინც იყვნენ ჩამოსული ტურისტებად, აღარ წავლენ საქართველოდან. ვიცით, რომ ერთდროულად, 60-70 000 იყო ჩამოსული. შესაძლოა, 100 000-ც იყოს ის რიცხვი, რა რაოდენობის რუსეთის მოქალაქეც არის ამ ეტაპზე საქართველოში. ისინი არ გაბრუნდებიან უკან. შეიძლება, ჯერ აქვთ სახსრები, მაგრამ, შესაძლოა, ფული გამოელიოთ და ეს დააწვეს ჩვენს ქვეყანას, რადგან ჰუმანიტარული ვალდებულებები აქვს აღებული. მათ სხვაგან ვერ გაყრის“,- გვეუბნება კახა გოგოლაშვილი. მისი თქმით, ვითარება გართულდება იმ შემთხვევაშიც, თუ შენგენის ვიზების გაცემა დიდწილად, შეწყდება რუსეთის მოქალაქეებისთვის.

„საქართველოს ხელისუფლებას ეშინია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების, როგორიც იქნებოდა - უვიზო რეჟიმის გაუქმება, ან ბინადრობის გაცემის გართულება რუსეთის მოქალაქეებისთვის“,- გვეუბნება კახა გოგოლაშვილი.

Your browser doesn’t support HTML5

გიგი გიგიაძე, დიპლომატი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას, გიგი გიგიაძე, დიპლომატი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მვლევარი ამბობს, რომ გამოცხადებული მობილიზაცია პუტინის მიერ მარცხის აღიარებაა. „ის სპეცოპერაცია რაც მან წამოიყო, ჩაიშალა. პუტინი დამარცხდა, კარგავს უპირატესობას. დაკარგა „მომენტუმი“, რაც ჰქონდა. ვხედავთ, რა კატასტროფული გამოდინებაა ამ ორი დღის მანძილზე იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთს არ აქვს სავიზო რეჟიმი. პუტინი ხელმძღვანელობს მისი კუმირის, სტალინის იდეით, რომ რაოდენობით მიაღწიოს უპირატესობას. მისი ამოცანა ამ ეტაპზე არის, უკვე დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნება. მის მიერ გამოცხადებული, ეგრეთ წოდებული რეფერენდუმებიც ემსახურება იგივე მიზანს,“- გვეუბნება გიგი გიგიაძე და დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადექვატურად უნდა შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს შექმნილ რისკებზე.

„ჩვენ უნდა დავინახოთ საფრთხეები, რაც ამ ეტაპზე არსებობს. ესაა ძალიან დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების შემოდინება. უკვე დიდი ხნის წინ იყო აუცილებელი სავიზო რეჟიმის შემოღება რუსეთის ფედერაციასთან. ხელისუფლება საუბრობს ვალდებულებებზე, რაც საერთაშორისოდ აქვს აღებული, თუმცა ასეთი ვალდებულებები აქვს დასავლეთის ქვეყნებსაც, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებს, რომლებმაც დაიკავეს მკაფიო პოზიცია რუსეთის მოქალაქებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების თაობაზე. ჩვენ გვესმის, რომ თითქოს, ეს ტურიზმისთვის არ იქნება კარგი და სხვა. თუმცა, ახლა ჩვენ სხვა საფრთხებთან გვაქვს საქმე, სხვა სიღრმით გაანალიზება სჭირდება იმას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ მობილიზაციას, უსაფრთხოების თვალსაზრისით“,- ამბობს გიგი გიგიაძე.

Your browser doesn’t support HTML5

ლაშა ჩხარტიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი

მისივე მოსაზრებით, პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი“ მობილიზაცია არის სატყუარა. „ესაა, ფაქტობრივად, საყოველთაო მობილიზაცია, ამას უკავშირდება რისკები, რომლებთან მიმართებით, ჩვენ არ ვიცით, რა პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება“,- დასძენს ის.

9 სექტემბერს მიღებული გადაწყეტილებით, ევროკავშირმა შეაჩერა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმება. რუსეთის მოქალაქეებზე ახლა გაცილებით ნაკლები ვიზა გაიცემა და მათ ვიზის მისაღებად მეტი დრო სჭირდებათ. ბალტიისპირეთის 3 ქვეყანაში და პოლონეთში კი საერთოდ უარი თქვეს რუსეთიდან ტურისტების მიღებაზე, შენგენის ვიზის არსებობის შემთხვევაშიც კი. საქართველო ამ დროისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან მიმართებით, იმავე რეგულაციას ინარჩუნებს, რაც უკრაინაში ომის დაწყებამდე არსებობდა.