გრიპის ეპიდემია ამერიკაში

ამერიკელი ექიმების აზრით, წელს გრიპები შედარებით ადრე დაიწყო და ბევრად სწრაფად ვრცელდება

შეერთებულ შტატებში გრიპით წელიწადში საშუალოდ 36 ათასი ადამიანი იღუპება, მთელ მსოფლიოში კი - ნახევარ მილიონზე მეტი.

მასაჩუსეტი 41 შტატს შორის მხოლოდ ერთია, რომელმაც გრიპის ფართოდ გავრცელების გამო განგაში ატეხა. ტიმ მენინომ, შტატის ყველაზე დიდი ქალაქის, ბოსტონის, მერმა სპეციალური განცხადება გააკეთა.


მან ქალაქ ბოსტონში ჯანდაცვის მდგომარეობის გამო საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და უკანასკნელი ანგარიშები დაიმოწმა, რომელიც რთული ფორმის გრიპით დაავადებულთა რაოდენობის უკიდურეს ზრდაზე მიუთითებს.

ჩიკაგოს საავადმყოფოებში პაციენტების რაოდენობას ვერ აუდიან და იძულებული არიან ისინი მეზობელი ქალაქების და შტატების კლინიკებში გააგზავნონ. აღმოსავლეთ პენსილვანიის ერთ-ერთმა საავადმყოფომ გადაუდებელი დახმარების განყოფილების წინ სპეციალური კარავი გაშალა, რათა გრიპით დაავადებულთა დიდ ტალღას გაუმკლავდეს.

ექიმი მარკ სიგალი ქალაქ ვაშინგტონში ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს და ამბობს, რომ სეზონური გრიპები საერთაშორისო მასშტაბის ფენომენია. ეპიდემია, როგორც წესი, ზამთრის ყველაზე ცივ პერიოდში იწყება.


ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან იწყება, შემდეგ დასავლეთ ევროპის გავლით შეერთებული შტატებისკენ მოემართება. საერთაშორისო მიმოსვლის გახშირებასთან ერთად, წლის ამ დროს ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება“ - აღნიშნავს ექიმი სიგელი და გრიპის ტიპიურ სიმპტომებზე საუბრობს.

„უმთავრესად გრიპის გამო კუნთები სტკივათ. თავისტკივილი, მაღალი სიცხე და სახსრების ტკივილი ახასიათებს. ტრადიციულად სურდო, ხველება და სხვა მრავალი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა აქვს, რომელიც ყოველთვის რთულად არ მიმდინარეობს“ - ამბობს ექიმი.

მედიის საშუალებებში ამ დღეებში ხშირად ნახავთ ექიმებს, რომლებიც ამერიკის მოსახლეობას მოუწოდებენ მცირე გართულების შემთხვევაშიც კი სპეციალისტებს მიმართონ. განსაკუთრებით ხშირია სუნთქვის უკმარისობის გართულება, რომელიც ექიმის გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს. მათ, ვისაც გრიპი ჯერ არ დამართია და შემოდგომაზე არ აცრილა, მოუწოდებენ სასწრაფოდ ჩაიტაროს გრიპის ვაქცინაცია, რომელიც დაავადების საუკეთესო პრევენციულ საშუალებად ითვლება. აცრა ამერიკელებს ნებისმიერ აფთიაქში, სუპერმარკეტების უმეტესობაში, ბევრ სამუშაო ადგილზე და რასაკვირველია, სამედიცინო დაწესებულებებშიც მცირე საფასურად შეუძლიათ.

ექიმების აზრით გრიპი განსაკუთრებით საშიშია მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის. ისინი სერიოზული გართულებებისთვის მოსახლეობის ყველაზე მგრძნობიარე ჯგუფებად ითვლებიან. დალასში სულ ახლახან გრიპით დაავადებული 6 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც მშობლებს საავადმყოფოში მიჰყავდათ.

ექიმების აზრით, წელს გრიპების სეზონი ამერიკაში შედარებით ადრე დაიწყო. ვირუსები ძალზე ინტენსიურად ვრცელდება და ექიმები სამომავლო პროგნოზისგან თავს იკავებენ. მათთვის ჯერჯერობით უცნობია, კრიზისმა პიკს უკვე მიაღწია, თუ მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს.


Your browser doesn’t support HTML5

გრიპის ვირუსი