23 წლის შეგირდი

რიჩარდ მაქსიმმა კოლეჯის დამთავრების შემდეგ დიდი ბაბუის პაპის ხელობა აითვისა
„ეს ხელსაწყოები ბაბუაჩემის ნაქონია. ზოგიერთი მათგანი კი დიდი ბაბუის პაპის სახელოსნოდანაა. ყოველთვის აღფრთოვანებით ვუყურებდი ბაბუას, როცა ის ვიოლინოს ქმნიდა. მის სახელოსნოში ვგრძნობდი, რომ ინსტრუმენტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მისი შექმნა ჩემი საქმე უნდა გახდეს,“ - ამბობს რიჩარდ მაქსიმი და ხელში ნახევრად დამზადებული ვიოლინო უჭირავს. ეს მისთვის უკვე მეორე ინსტრუმენტია, რომელსაც ის საკუთარ სახლში, სხვის დაუხმარებლად ამზადებს.

რიჩარდის დიდი ბაბუის პაპამ ვიოლინოების კეთება პენსილვანიაში 1800 წელს დაიწყო. საქმე თაობიდან თაობას გადაეცემოდა. რიჩარდის მამას, პროფესიონალ მევიოლინეს და მუსიკათმცოდნეს ხელობა არ აინტერესებდა. თუმცა, შვილს ვიოლინოზე დაკვრა მაინც შეასწავლა და შეაყვარა.

„ჩემი ოჯახის მიერ დაწყებული ტრადიციის შენარჩუნება და გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია,“- ამბობს რიჩარდი.

შარშან კოლეჯის დამთავრებისთანავე მენტორის დახმარებით პირველი ვიოლინოს დამზადებას შეუდგა. ამ დროს ის უკვე ვირჯინიის ქალაქ ლინჩბურგში ცხოვრობდა. შვიდი თვე მოუნდა კორპუსის დამზადებას, შემდეგი ორი თვე კი ზედაპირის დამუშავებას მოანდომა.

პირველი ვიოლინო რიჩარდმა პოტერის ვიოლინოს კომპანიაში მიიტანა და იქაურ ხელოსნებს გადასცა. ჯერ კიდევ დაოსტატება სჭირდება, მაგრამ მალე შეძლებს დამოუკიდებლად მუშაობას, ამბობს დალტონ პოტერი, კომპანიის პრეზიდენტი და რიჩარდის შესახებ გვიყვება:

„რიჩარდმა ზუსტად იცის, რომ მისი წინაპრებივით კარგი ვიოლინოს შექმნა შეუძლია. ოღონდ მანამდე ყოველდღიური მუშაობაა საჭირო, რათა ხელობა უკეთ აითვისოს და ინსტრუმენტი დახვეწოს.“

პოტერთან ქარხნული წესით თუ ხელით დამზადებული ვიოლინოების ყიდვაც შეიძლება და ქირაობაც. მათი ფასები რამდენიმე ასეული დოლარით იწყება და 60 ათასს აღწევს. კომპანიას 6 ხელოსანი ჰყავს და მათ შორის თავად პოტერიცაა.

„ვიოლინოებს პროფესიონალებისთვის ვამზადებთ. ჩვენგან ინსტრუმენტებს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და კენედის ცენტრის ვაშინგტონის სიმფონიური ორკესტრი ყიდულობენ,“- გვეუბნება კომპანიის მფლობელი. მის მაღაზიაში ინსტრუმენტის შესაძენად კონსერვატორიის სტუდენტებიც დადიან.

მარისა მერფი ვაშინგტონლებს ვიოლინოს კლასებს სთავაზობს. ისიც პოტერის კლიენტია. მისი თქმით, „ნიჭიერი და შრომისმოყვარე სტუდენტი ნებისმიერ ინსტრუმენტზე გამოჩნდება. მაგრამ როცა გინდა მათ ხელი შეუწყო და განავითარო, კარგი ვიოლინო აუცილებელია. მოწაფემ თავად უნდა იგრძნოს და აითვისოს ლამაზი ხმა, ტონი და სიმების ვიბრაცია. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ამ ხმის შეყვარებას.“

რიჩარდსაც სამომავლოდ პროფესიონალური ვიოლინოების დამზადება სურს. „იმედი მაქვს, რომ ჩემი ვიოლინოებით ამ დარგში საკუთარ კვალს დავტოვებ,“ - ამბობს ის და თავის ყველაზე სანუკვარ ოცნებას გვანდობს. რიჩარდის სურვილია დიდი ბაბუის გვარი და საქმე უკვდავყოს.